"სოფოს ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა... ადამიანები პირად შეტყობინებებში მაინც სწერენ და უყვებიან ათასგვარ მავნებლობას" - რას წერს ჟურნალისტი თათია გამთენაძე?
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი შვილი ცოცხალი რომ იყოს, დედას აუცილებლად დაუკავშირდებოდა. აღნიშნული განცხადება მან თაია გამთენაძის გადაცემაში "შენი ამბავი" გააკეთა. გადაცემიდან ამონარიდი მოკლე ვიდეოს სახით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს არის გამორიცხული, არ არსებობს გურიკა ცოცხალი რომ იყოს. ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა. კომპიუტერები კარგად იცოდა. სოციალურ ქსელში საიდანღაც შემოვიდოდა და მომწერდა, დე, მე ეს გავაკეთე, დავიმალე ეს მომივიდა, ის მომივიდა, გამოვჩნდები, გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან, რაღაცას მომწერდა, მიმახვედრებდა." - აცხადებს სოფო ბიბილაშვილი. ჟურნალისტი თაია გამთენაძე სოფო ბიბილაშვილთან ერთად მლეთაში იმყოფებოდა, აღნიშნულ გადაცემას, როგორც თაია გამთენაძე წერს, საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს.
გარდა ამისა, თაია გამთენაძე შვილდაკარგული დედის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზეც ავრცელებს ინფორმაციას.
"იმიტომ, რომ სოფოს ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და პატარა დეტალზეც კი ნერვიულობს, ვურჩიეთ, ტელეფონიდან TikTok საერთოდ წაეშალა, რათა ნაკლები ჭორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოესმინა. ამის მიუხედავად, ადამიანები პირად შეტყობინებებში მაინც სწერენ და უყვებიან ათასგვარ მავნებლობას, რასაც ზოგიერთი ხშირად გამიზნულად ავრცელებს. მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, დედისთვის ისედაც უმძიმესია ყველაფერი, რასაც უკვე 12 წელია გადის. ახლა კი კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობაშია. “იმან ეს თქვა, ამან ის თქვა“ არ არის აუცილებელი, ყველაფერი მოუყვეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცით, რომ ეს მასზე ცუდად იმოქმედებს.შეიძლება, ამას ცუდი განზრახვით არ აკეთებთ, მაგრამ ასეთი ამბების მოსმენა მისთვის დამატებითი სტრესია. იმისთვის, რომ დედამ შვილი იპოვოს, გვჭირდება, სოფო იყოს ძლიერად. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ მისი მდგომარეობა და პირად შეტყობინებებში ნუ უყვებით მსგავს ამბებს.გთხოვთ, ნუ გავხდებით მისთვის დამატებითი სტრესის წყარო." - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.