ბიძინა ივანიშვილი - მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი - მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაასრულა. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან გამართა. როგორც ჟურნალისტებს თავად პრემიერმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე, როგორც ორმხრივ ურთიერთობაზე, ისე შვეიცარიის, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლზე ისაუბრეს.

"განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ და მადლობას ვუხდი შვეიცარიას, რომ მისი საკონსულო გვიწევს მომსახურებას მას შემდეგ, რაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. რაც შეეხება შეხვედრას, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დავოსში ვიზიტს, პრემიერი ამ ვიზიტს ნაყოფიერად აფასებს.

"ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ბევრი შეხვედრა მქონდა. მაქისმალურად გამოვიყენე დრო. მოვახერხე პოლიტიკურიც და ეკონიმიკური ბიზნესშეხვედრებიც. გვიპრდებით, რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე იქნება ძალიან კარგი, მეოთხეზე კი ჭეშმარიტად უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია. დღეს ამას ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ძალიან კარგი საფუძველი ჩავუყარეთ იმას, რომ ინვესტიციები რეალურად შემოვიდეს და პოლიტიკოსებმაც გაიგონ, როგორი ხელისუფლება მოვიდა. მოვიდა სამართლიანი და ევროპული ტიპის ხელისუფლება. აი, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ და ამას ვაჩვენებთ საქართველოსაც და მსოფლიოსაც", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავოსში 23 იანვარს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საპარტნიორო ფონდისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა სესიაზე - "ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის", სადაც მან, სხვა მომხსენებლებთან ერთად, ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.

"ინტერპრესნიუსი"