"პუტინს პირდაპირ სახეში გაულაწუნეს...რუსებს გაქცევა უნდათ, მაგრამ გზა და საწვავი არ არის" - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა ხდება ყირიმში?! - კვირის პალიტრა

"პუტინს პირდაპირ სახეში გაულაწუნეს...რუსებს გაქცევა უნდათ, მაგრამ გზა და საწვავი არ არის" - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა ხდება ყირიმში?!

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩინეთში ვიზიტისას, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდებოდა, უკრაინამ სამჯერ მიიტანა იერიში უკრაინის ანექსიის მთავარ სიმბოლოზე - ყირიმის ხიდზე, რომელიც პუტინის პირადი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და საკმარისზე მეტად არის დაცული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხე­ბით, 20 ნოემბერს დილით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კიევში და კიევის ოლქში რუსებმა დაარტყეს საწარმოებს, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რაკეტებს და დრონებს აწარმოებენ, ელექტროქვესადგურებს დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის და ლვოვის ოლქებში, თბოელექტროსადგურს - ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ლვოვის საავიაციო ქარხანას, იარაღის საწყობს ნიკოლაევის ოლქში, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდს ოდესის ოლქში...

ფრონტის ხაზსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, ქერჩის ხიდის მნიშვნელობაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება:

- სანამ პუტინი ჩინეთში ტრამპსა და სი ძინპინს ხვდებოდა, ზელენსკის ბრძანებით, უკრაინამ სამჯერ მიიტანა იერიში ყირიმის ხიდზე. რა საშუალებები იყო ამაში ჩართული და რა შეიძლება მოჰყვეს მის ჩამოშლას?

- პუტინს თვითმფრინავში დააწიეს ქერჩის ხიდის ამბავი. რა თქმა უნდა, ქერჩის ხიდი სიმბოლური მნიშვნელობის იყო რუსეთისთვის და პირადად პუტინისთვის. მან თავის დროზე მედალიც კი გამოუშვა ამ ხიდის მშენებლობისთვის. მისი აფეთქება პირდაპირ სახეში გალაწუნება იყო პუტინისთვის. არადა, მოსალოდნელი იყო ამ ხიდზე დარტყმები. უკრაინელებმა ისეთი დრო შეარჩიეს, როცა ეს დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნებოდა - პუტინი ჩინეთში შეხვედრაზე ასეთი შერცხვენილი და ამხელა ზარალმიყენებული ჩავიდა. ამას დაემატა ტრამპის ჩასვლა წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ამ სამეულიდან გამარჯვებული მხოლოდ სი ძინპინი იყო და გამოჩნდა კიდეც პუტინის მიმართ დამოკიდებულებაც - მას აეროპორტში თანამდებობრივი იერარქიით მეხუთე კაცი დახვდა, თან სამჯერ მაღალი პუტინზე. ან სად შეარჩიეს ამხელა კაცი ჩინელებმა? ტრამპს კი თვითონ სი ძინპინი დახვდა ტრაპთან. ამის გარდა, ფოტოს გადაღებისას ლიდერებმა პუტინი გვერდზე გასწიეს, სის ცოლის შემდეგ, სი ძინპინის გვერდით ტრამპი იდგა. ასე არ ხდება, დიპლომატიაში ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ცნობილი გახდა, საავტომობილო ხიდს დაარტყა "პალიანიცამ" (რაკეტა-დრონი), "რუტა"-მ (ფრთოსანი რაკეტა), ასევე, დიდი რაოდენობით დრონებმა, ხოლო რკინიგზის ხაზს - "ნეპტუნმა" და FP-5-მა, ასევე გამოიყენეს "ფლამინგოები". საინტერესოა, რომ რაკეტა "რუტა" უკრაინელებმა შეიმუშავეს ევროპულ კომპანიებთან ერთად, რომელიც 2015 წელს დააარსა რუსეთიდან გაქცეულმა მიხაილ კოკორიჩმა (რუსი ბიზნესმენი, რომელსაც ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ გაიქცა რუსეთიდან). ქერჩის ხიდის ჩამონგრევას რა მნიშვნელობა აქვს, რომ კარგად გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ ყირიმის გეოგრაფია: ყირიმის ნახევარკუნძულს კონტინენტთან 2 დამაკავშირებელი აქვს: ქალაქები არმიანსკი და კრასნოპერეკოპსკი (ყირიმის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში), რომლითაც ყირიმი კონტინენტურ უკრაინას უკავშირდება და აქცევს მას ნახევარკუნძულად. ამ ყელის სიგანე 1,5-დან 6 კმ-მდეა, მეტი არა, ვიწრო ყელია. ამის გვერდზეა ე.წ. სივაში (თურქულად - "დამყაყებული ზღვა"), მარილიანი ჭაობი, რომელზეც ჩონგარის ნახევარკუნძულიდან (სამხრეთით, ხერსონის ოლქი) გადებულია 2 ხიდი - სარკინიგზო და საავტომობილო და ამით უერთდება ყირიმი კონტინენტს. მთელი ტვირთები, რომლებიც ხმელეთიდან შედის ყირიმში, გადის მარიუპოლს, მელიტოპოლს, ჩონგარს და შემდეგ უკვე უშუალოდ ყირიმში - ჯანკოიში, ჰაბში, და ტვირთები იქიდან ნაწილდება. ეს მიმართულება დუბლირებულია და ძირითადი მაინც ქერჩის ხიდი იყო. მასზე გადიოდა მთავარი ტვირთები ყირიმისკენ. ბოლო დროს სამხედრო ტვირთები, რა თქმა უნდა, შემცირებული იყო, ან თუ გადაჰქონდათ, ფარულად - სამოქალაქო კონტეინერებით და ა.შ. ახლა აფეთქებულია ამ ხიდის დაახლოებით 220-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც წყალში თაღიანად ჩავარდა (მისი წონაა 5000 ტონა, მას კონსტრუქტორები 1 წელი აწყობდნენ, შემდეგ ადგილზე საზღვაო ამწეებით და გემებით მიიტანეს და დაამონტაჟეს). ერთი უბედურებაა, რომ ეს მონაკვეთი აფეთქდა და განადგურდა, მეორე უბედურება კი ის, რომ მთელი კონსტრუქცია წყალში ჩავარდა და ჩაკეტა შავიდან აზოვის ზღვაში შემავალი ფარვატერი. მოგეხსენებათ, აზოვის ზღვა თვითონ მეჩხერია, სულ რაღაც 3-5 მეტრი აქვს სიღრმე და იქ რომ დიდი გემები შესულიყვნენ, მე-19 საუკუნეში წყალში 120 მ სიგანის ჩაღრმავება გააკეთეს, სადაც დიდი ტონაჟის გემებს შავიდან აზოვის ზღვაში შეეძლოთ შესვლა-გამოსვლა. ახლა ეს ყველაფერი ჩაკეტილია, უნდათ თუ არა, რუსებმა ახლა ყირიმის მომარაგება სახმელეთო ნაწილზე უნდა გადაიტანონ. შესაბამისად, დიდი დატვირთვა ექნება გზატკეცილს როსტოვი-ტაგანროგი-მარიუპოლი-მელიტოპოლი, შემდეგ ჩონგარი და უკვე ჯანკოი (ყირიმი). ამ ვითარებაში ჩონგარის ხიდს უკრაინელები ისედაც ინტენსიურად არტყამენ. ეს მიმართულება მათთვის უფრო იოლად მისაწვდომია. ამასთან, ამ მიმართულებაზე ტვირთების რაოდენობის გაზრდა გზებს ჩახერგავს, უკრაინელებს მეტი სამიზნე გაუჩნდებათ და რუსებს მეტი ზარალი მიადგებათ. ყირიმის დაჯგუფება ამჟამად მომარაგების გარეშეა. უმძიმეს მდგომარეობაშია მოსახლეობაც. იქ საცხოვრებლად ჩასული რუსები გამორბიან, უფრო სწორად, გამოქცევა უნდათ, გზები და საწვავი კი არაა. არც შუქი აქვთ, არც წყალი, არც გათბობა (უწყლობა ისედაც ყოველთვის იყო ყირიმის პრობლემა, სანამ უკრაინელები არხს და იქიდან წყალს არ გაიყვანდნენ. ახლა ჭაბურღილების წყალს იყენებენ, რაც საკმარისი არაა.

წაიკითხე ვრცლად