ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, „ასევე ყველა დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებას ითხოვენ“.

შესწორების თანახმად, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, რომ დაკავებულებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ.

ევროპარლამენტი „სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მოითხოვს დაკავებულებს დაუყოვნებლივ მიეცეთ დამოუკიდებელ ექიმებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა“.

ასევე, რეზოლუციაში შესწორება შევიდა სანქციებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

"ინტერპრესნიუსი"