აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილში ძლიერმა შტორმმა შეფერხებები გამოიწვია.
Reuters-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 1 მილიონი მომხმარებელი დარჩა. ქარის შედეგად, რომლის სიჩქარემ 112 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წაიქცა.
შტორმმა ავიარეისების შეფერხებაც გამოიწვია. FlightAware-ის მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-სთან დაკავშირებული 454 ავიარეისი გაუქმდა, 2 411 რეისი კი დაგვიანებით შესრულდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე მსხვილი აეროპორტები.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვირჯინიის, მერილენდის, დელავერის, ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატების, ასევე ახალი ინგლისის სანაპირო ზოლის გარკვეულ ნაწილებში დაფიქსირდა ან პროგნოზირებულია ქარის ნაკადები, რომელთა სიჩქარე საათში 50-დან 70 მილამდე აღწევს.