რუსი მთავრის წმინდა ნაწილი ქართველ მეფეთა ნეშტების სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

რუსი მთავრის წმინდა ნაწილი ქართველ მეფეთა ნეშტების სანაცვლოდ?

ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. სხვა საკითხებთან ერთად გამგზავრების მიზანი, ქართველ მეფეთა ნეშტის საქართველოში გადმოსვენების საკითხის განხილვაც იყო.

ორი ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდელმთავრის შეხვედრაზე ეს საკითხი დაისვა, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია. შეინიშნება პოზიციების სხვაობაც: მაშინ როცა  საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გასავლელია მხოლოდ დნმ-ს პროცედურები, რის შემდეგაც მეფეთა გადმოსვენება აუცილებლად მოხდება, რუსეთის პატრიარქი კირილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მხოლოდ საზოგადოებრივი დებატების შემდეგ თუ გადაწყდება.

მანამდე კი უკან ჩამოსულ დელეგაციას მოუწევს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებით დაკმაყოფილდეს, რომელიც პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს გადასცა საჩუქრად.

ამ კონკრეტულ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა: ერთნი ამას რუსეთის პატრიარქის მხირდან გაღებულ მოწყალებად და ჩვენადმი დიდი პატივისცემის გამოხატვად მიიჩნევენ, ხოლო მეორენი კი ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ. თუმცა, სანამ მხარეების არგუმენტებს გავეცნობით, ცოტა რამ ალექსანდრე ნეველზეც გავიხსენოთ.

 

სხვადასხვა წყაროებში ალექსანდრე ნეველის შესახებ ვკითხულობთ: რუსი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ნოვგოროდის მთავარი (1236-1251), ვლადიმირის დიდი მთავარი (1252-იდან), მეთაურობდა რუსთა მხედრობას, რომელმაც რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის მიწები დაიცვა გერმანელ და შვედ ფეოდალთა შემოსევებისაგან. 1240 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ნეველის რაზმმა და ნოვგოროდის სახალხო ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შვედები მდინარე ნევაზე. სწორედ ამ გამარჯვებისთვის შეარქვა მას ხალხმა „ნეველი“. 1242 წელს კი ჩუდის (პეიპუსის) ტბაზე სასტიკად დაამარცხა გერმანელ ჯვაროსანთა ორდენების (ტევტონები და მახვილის რაინდები) ლაშქარი. ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა, ამით თავიდან აიცილა ოქროს ურდოს გამანადგურებელი შემოსევები და იმასაც მიაღწია, რუსთა ჯარს მონაწილეობა არ მიეღო თათარ-მონღოლთა ლაშქრობებში.

ალექსანდრე ნეველმა გააერთიანა რუსეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი მიწები. 1547 წელს წმინდანად შერაცხეს, 1724 წელს კი პეტრე I-ის ბრძანებით ალექსანდრე ნეველის ნეშტი პეტერბურგში გადაასვენეს.

ეს ერთი ვერსია. ოფიციალური და საამო, ისეთი, პატრიოტიზმით ანთებულ რუსულ გულს რომ მოფხანს. სხვა, რეალობასთან უფრო ახლოს მდგარ ვერსიებს თუ გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ ოქროს ურდოსთან ”შორს გამიზნული პოლიტიკა” სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ტიპიური რენეგატობა: ნეველი მონღოლთა ხან ბათუს ”ეშვილა” და გემრიელი ქართული ჟარგონი რომ ვიხმაროთ, მათგან მიღებული ფინანსებითა და მონღოლთა ჯარით ”ბლატაობდა”. პატრიოტიზმს რაც შეეხება, ზუსტად იმდენი ჰქონდა, რამდენიც იმ მომენტში სჭირდებოდა. ნოვგოროდიდან ერთხელ შერცხვენილი გააგდეს, მიწებისა და ქონების მითვისების გამო, მეორედ თავადვე მოიწვიეს შვედებისა და გერმანელი ჯვაროსანი ორდენებისგან დაშინებულმა ბოიარებმა და დაბოღმილმა ალექსანდრემაც, ქალაქი, როგორც იტყვიან, ”გაპარსა”. ზოგი წყარო საერთოდ ეჭვ ქვეშ აყენებს ნევსკის უშუალო მონაწილეობას ნევის ბრძოლაში და გამარჯვების პატივს პსკოვის მთავარს (ზოგი ვერსიით მის ძმას) მიაწერს. პსკოვი ვახსენეთ და ერთხელ ალექსანდრეს ”შემთხვევით” მოკავშირე პსკოვი ”შემოეპყრ-შემოეძარცვა”, ნოვგოროდიდან გამოქცევის შემდეგ კი აქტიურად თანამშრომლობდა ზემოთხსენებულ გერმანელ რაინდებთან. ერთი სიტყვით, ალექსანდრე ნეველის ბიოგრაფიას თუ ობიექტური კრიტიკის კუთხით მივუდგებით და საქართველოსთან პარალელს გავავლებთ, საკმაოდ ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ მასა და გიორგი სააკაძეს შორის. ერთი მცირე დეტალიც - გიორგი სააკაძე საქართველოში წმინდანად არ უღიარებიათ.

კიდევ ერთი დეტალი: 2008 წელს რუსეთში ჩატარდა გამოკითხვა ”რუსეთის სახეები” (საქართველოში ანალოგიურ გამოკითხვას ”საქართველოს დიდი ათეული” ეწოდა), სადაც ალექსანდრე ნეველი 500 000-ზე მეტი ხმით პირველ ადგილზე გავიდა. ამ მცირე ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ ის რუსებისათვის არა მარტო წმინდანია, არამედ ისტრიულად მნიშვნელოვანი პერსონაც, სწორედ ეს არგუმენტი მოყავთ მათ ვისთვისაც მისასალმებელია პატრიარქის მიერ წმინდა ნაწილის ჩუქება.

 

ამ საკითხზე ექსპერტის კომენტარისთვის ისტორიკოს კახა შენგელიას მივმართეთ.

კახა შენგელია (ისტორიკოსი):

- როგორც ჩანს რუსეთის პატრიარქი ერთგვარ ორმაგ თამაშს თამაშობს, რათა მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანოს ეს სიტუაცია, რადგან როგორც ჩანს ვიღაცას ან რაღაცას ელოდება. როგორც თვითონ განაცხადა საჭიროა ხალხის აზრის გაგებაო ( ისე, საინტერესოა რამდენად უნდათ, ნოვოსიბირსკში მცხოვრებთ ქართველ მეფეთა ნეშტი),სანამ პატრიარქი კირილი ხალხის აზრს გაიგებს, ბევრი წყალი ჩაივლის.

- უხეშად რომ ვთქვათ ალ. ნეველის წმინდა ნაწილები გადმოგცეს იმიტომ რომ გავჩუმებულიყავით?

- შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ეგრეცაა. ფაქტია რომ რუსები არ არიან ჩამოყალიბებული, თუმცა ჩამოსაყალიბებელი რაა გაუგებარია, ვითხოვთ იმას რაც ჩვენია, ქართველი ხალხის საკუთრებაა, მაგრამ ამაზე რატომღაც რუსები არ თანხმდებიან, თანაც ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ შორის ხიდი ჩანგრეულია და ესეც უშლის ხელს ამ პროცესის დაჩქარებას

- კირილის პოზიციიდან გამოჩნდა, რომ გარდა ეკლესიისა პოლიტიკური ნებაც საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად

- რა თქმა უნდა, გამოჩნდა კიდეც, რომ კირილი ამას მარტო ვერ წყვეტს, თუმცა ესეც ერთგვარი პოლიტიკაა. რაც მთვარია დიალოგი დაიწყო და იმედი მაქვს მეფეთა ნეშტის გადმოსვენებაც მალე მოხდება.ალექსანდრე ნეველი რუსებისთვის ძალიან დიდი ისტრიული პიროვნებაა და მისი წმინდა ნაწილების გადმოცემა ორ ქვეყანას შორის დიალოგის წარმართვაში ძალიან დიდ როლს შეასრულებს“.

როგორც ყველაფერს ამ ”მედალსაც” აქვს მეორე მხარე. მაშინ როცა რუსეთის ეკლესიამ არ დაგმო 2008 წელს რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა რამდენად გამართლებულია მათი მხრიდან რუსეთის არმიის მფარველ წმინდანად წოდებული ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის ჩუქება? ხომ არ აყენებს ეს ჩრდილს ქართული ეკლესიასა და არა მარტო ეკლესიას? არის კიდევ ერთი ფაქტიც: ილია მეორე ბერად სწორედ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აკურთხეს. საეკლესიო პირის ცხოვრებაში, დიდი სულიერი და სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ წმინდანს ვის სახელობის ტაძარშიც მოხდება მისი კურთხევა და აქედან გამომდინარე, ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილის გადმოცემაც შეიძლება უშუალოდ ილია მეორის პირად საჩუქარდაც ჩავთვალოთ, მაგრამ მხოლოდ შეიძლება.

ბუნებრივია, წმინდა ნაწილების გადმოცემა მორწმუნეთათვის მისასალმებელი და გასაგები ფაქტია, მაგრამ საქართველოში არის ხალხი ვინც შეიძლება შედარებით არაეკლესიურად, მაგრამ პატრიოტული სულისკვეთებით ცხოვრობს. მათთვის ცოტა რთულად მისაღებია ქართველი მეფეების ნაცვლად რუსეთის მთავრის წმინდა ნაწილით ჩანაცვლება, მით უფრო როცა ეს წმინდანი რუსულ არმიასთან ბუნებრივ ასოციაციას იწვევეს.

ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხი დიდი ხანია საჯილდაო ქვადაა ქცეული, რითაც მხოლოდ ერთი მხარე ზარალდება. ფაქტია, რომ რუსი ხალხისთვის არაფერს წყვეტს ქართველი მეფეები სად იქნებიან დასვენებული, ხოლო ჩვენთვის ეს პრინციპის ამბავია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ ამ თემიდან გარკვეულ სარგებლის მიღებას არ ელოდება რუსული მხარე რატომ აჯანჯლებს ამ საკითხს და რატომ ცდილობს დროის მოგებას?!

ამაზე ალბათ ისტორია უკეთეს პასუხს გაგვცემს.

 

პ.ს. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა რუს მრევლს, ჩვენ დელეგაციას პატრიარქ კირილისთვის წმინდა დიმიტრი ყიფიანის ხატი რომ ეჩუქებინა...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)