„დიდება უფლის ძალას... ეს შენთვის იყო, ბებო“ - თორნიკე შენგელიას ემოციური მიმართვა ბებიას, რომლის გარდაცვალების ამბავიც კალათბურთელმა მატჩამდე შეიტყო - კვირის პალიტრა

„დიდება უფლის ძალას... ეს შენთვის იყო, ბებო“ - თორნიკე შენგელიას ემოციური მიმართვა ბებიას, რომლის გარდაცვალების ამბავიც კალათბურთელმა მატჩამდე შეიტყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა. კალათბურთელმა Instagram-ის „სთორიში“ ბებიას მიუძღვნა სიტყვები: „დიდება უფლის ძალას... ეს შენთვის იყო, ბებო“.

შენგელიასთვის 26 ნოემბერი განსაკუთრებით მძიმე დღე აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბებიის გარდაცვალების ამბავი საბერძნეთში გამგზავრებისას შეიტყო. მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, მან ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და თანაგუნდელებთან ერთად ათენში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა.

000-1795765724.jpg

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ნაკრები სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში ანგარიშით 92:88 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ მატჩში 25 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გამარჯვების შემდეგ თანაგუნდელებმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს შენგელიას მდგომარეობაზე. დუდა სანაძემ აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება თორნიკესთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო და გუნდს მისი მხარდაჭერა სურდა.

შენგელიას მოკლე, მაგრამ გულწრფელი სიტყვები სოციალურ ქსელში გამოხმაურების გარეშე არ დარჩენილა. მძიმე პირადი დანაკარგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბოლომდე იბრძოლა, ხოლო ისტორიული გამარჯვება საყვარელი ბებიის ხსოვნას მიუძღვნა.