პარტია „ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარტია „ფედერალისტები“ განცხადებას ავრცელებს, რითაც გუშინ, 28 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური პატიმრობა“ ვერ გახდა მისი და მისი გუნდისათვის პოლიტიკური კრიტიკისაგან თავის არიდების მიზეზი.
„გუშინდელმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში წინააღმდეგობის მუხტი იზრდება და საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ფართოვდება.
ჩვენ, ფედერალისტებს, ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთ საკვანძო პირობად მიგვაჩნია საზოგადოებისთვის იმის მკაფიო დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე.
ეს ნიშნავს თავისუფალ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების წყარო მოქალაქეა და არა ერთი ადამიანის ნება, სადაც ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, კანონი ყველასთვის კანონია, ადამიანის თავისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იცავს და საქართველოს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრია.
ივანიშვილის პროპაგანდა და, პარადოქსულად, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას ერთსა და იმავეს უმტკიცებენ - რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს სააკაშვილის საქართველოს.
ეს ასე არ არის და ამის მკაფიოდ თქმა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
ამიტომ ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება და ასეთ მცდელობებს სისტემატურად ვხედავთ, აუცილებლად მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას.
ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან არ გამომდინარეობს წარსულზე პასუხისმგებლობის საკითხიდან. ამ მხრივ, სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდია დაკავებული სხვებისკენ თითის გაშვერითა და, არცთუ იშვიათად, ქართული ოცნების შავრაზმული პროპაგანდის გამეორებით.
ჩვენი უთანხმოება ეხება დღევანდელობასა და საქართველოს მომავლის ხედვას.
პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის უალტერნატივობას არ აღიარებს, მოღალატედ ან ივანიშვილთან შეკრულად აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო როლს ასრულებს და ოპოზიციის შიგნით იმავე ავტორიტარულ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს, რომლის დამარცხებასაც ვცდილობთ.
პოლიტიკურ ძალებს შორის ცივილიზებული კოორდინაციის არაერთი მცდელობა სწორედ ამ გუნდის მხრიდან გახდა საბოტაჟის სამიზნე.
ამის უახლესი მაგალითი ოპოზიციური ალიანსის მიმართ მათი დამოკიდებულებაა, როდესაც ჯერ შეუერთდნენ ალიანსს და იმავე დროს, მისი წევრების წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია წამოიწყეს, რომელსაც დღემდე აგრძელებენ.
ამ ფონზე განსაკუთრებული ცინიზმია, როდესაც ისინი დღეს საერთო სცენიდან სიტყვით გამოსვლის უფლებას მოითხოვენ იმავე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილთან შეკრულებად აცხადებენ. გააგრძელეთ კითხვა