"იქნებ ხმა მივაწვდინო ჩემს თანაკურსელ ხადურს..."
"თავიდან დამითვალონ გადასახადები, მაგრამ არა წინა ხელისუფლების ბანდიტებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დღესაც მაღალ თანამდებობებზე სხედან"
"მთავრობა კი შეიცვალა, მაგრამ პროკურორიც იგივეა, მოსამართლეც და საგადასახადო ინსპექტორიც"
მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი საბიუჯეტო კრიზისზე საუბრობს, პრეზიდენტი ეკონომიკური ამნისტიის ინიციატივით გამოდის და მთავრობას 2013 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის პატიებას სთხოვს.
ქვეყნის ოპოზიციონერი მეთაურის ამ იდეას პოლიტიკური უმრავლესობა დიდი აღტაცებით არ შეხვედრია. წინა ხელისუფლებისგან დაზარალებული ბიზნესმენები კი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
ოთარ ქომეთიანი, ყოფილი მეწარმე: - ელიავას ბაზრობაზე 25 კვმ ფართის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია მქონდა. 2009 წლის 6 ოქტომბერს მაღაზიაში საგადასახადო სამსახური შემოვიდა. მათი მოულოდნელი სტუმრობა რუსთაველის პროსპექტზე საკნების აქციებში ჩემს მონაწილეობას დავუკავშირე. დანაკლისი გაქვსო, მითხრეს, 6.000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მაღაზიაც დამილუქეს. ვუხსნიდი, საქონელს დისტრიბუტორებისგან ნისიად ვიღებ-მეთქი და ვთხოვდი, მუშაობის გაგრძელების უფლება მოეცათ, მაგრამ უშედეგოდ.
ერთი თვის შემდეგ საგადასახადოს ინსპექტორმა შემატყობინა, რომ კამერალურ შემოწმებას იწყებდნენ. ბრძანებას ხელს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი რომან ჩხენკელი აწერდა. ის დღემდე ამ თანამდებობაზე მუშობს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ დამიდგინეს, რომ ყოველ გაყიდულ პროდუქტს 14%-იანი ფასნამატით ვყიდდი და ბიუჯეტის სასარგებლოდ 229.000 ლარის გადახდა დამაკისრეს. წარმოუდგენელია, ბაზრობაზე ამხელა ფასნამატით მუშაობდე.
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დამიბარეს: თანხა სწორად ვერ დაგითვალეთ და 64.000 ლარი კიდევ დაემატაო. გადავედი ჭკუიდან და განყოფილების უფროსს ვუთხარი, ბარემ 4-5 მილიონი ჩაგეწერა, შენი რა მიდის, მაინც ხომ მაყაჩაღებთ-მეთქი. მათი გაანგარიშებით, თურმე ყოველდღე შემოსავლის სახით 750 ლარი უნდა მქონოდა. არადა, დაითვალეს 2008-2009 წლების პერიოდი, როცა ომი და კრიზისი იყო. აუდიტი დავიქირავე და ყველაფერი დავათვლევინე. აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ 19 ათასი ლარის გადახდა მეკუთვნოდა.
იმ დროს შემოსავლების სამსახურს ადეიშვილის კადრი, "ნაციონალების" ყაჩაღი და ამჟამად ბაქოში გაქცეული გიორგი ცხაკაია ხელმძღვანელობდა. როცა ჩემმა ადვოკატმა დარიცხული თანხის გაუქმება და თავიდან გადათვლა მოითხოვა, ცხაკაიას შემოუთვლია, ჯერ ქომეთიანს მოვატანინებთ მაგ ფულს სრულად და მერე მის აუდიტთან შევალთო. შემდეგ საჩივარი ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შევიტანე. იღბლად, სხდომას მაშინდელი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ესწრებოდა. რომ ნახა, დარიცხული თანხა მართლაც აბსურდული იყო, თავიდან გადათვლა მოითხოვა. ამაზე ცხაკაია გადაირია. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკეს შემოსავლების სამსახურიდან და საბუთები მთხოვეს ხელახალი გადათვლისთვის. სვანი კი ვარ, მაგრამ ცოტა ეშმაკობა მეც მაქვს. დოკუმენტაცია ორ დიდ პარკში ძლივს ეტეოდა. დოკუმენტებს შორის მცირე ზომის ჩხირები ჩავალაგე. მაინტერესებდა, საბუთებს მართლა თუ გაეცნობოდნენ. როგორც მივიტანე, ისე წამოვიღე, ხელიც არ უხლიათ. უბრალოდ, 14%-იანი ფასნამატი 8,45%-მდე შემიმცირეს და გადასახდელი თანხა 101 ათასამდე დაიყვანეს. სამაგიეროდ, მუხლი დამიმძიმეს და თუ მანამდე გადაუხდელობის შემთხვევაში 3-5 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა, ახლა უკვე შეიძლებოდა ციხეში 5-დან 8 წლამდე გამეტარებინა. მაღაზია ჩამომართვეს. ვისგანაც საქონელს ვიღებდი, იმათ პროდუქცია აღარ მომცეს. ამასობაში დანაზოგიც დავხარჯე, მოკლედ, ბოლომდე გამანადგურეს, მაგრამ მაინც არ ვაღიარებდი 101 ათას ლარს.
2012 წლის 6 თებერვალს სასამართლოზე ადვოკატიც არ დაასწრეს და ძებნილად გამომაცხადეს. ამ ამბავს მამაჩემი შეეწირა. ამასობაში პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლისას მოუწოდა საგადასახადო სამსახურს, მეწარმეებთან მიდგომები შეარბილეთო, მათაც მეთოდი შეცვალეს და შემოსავლის დათვლა არა ფასნამატით, არამედ საბუღალტრო დოკუმენტაციით დაიწყეს. ვიფიქრე, მეშველა-მეთქი და განცხადება შევიტანე, თავიდან დაეთვალათ თანხა, მაგრამ უარი მივიღე. იცოდნენ, რომ უზარმაზარ ცდომილებას მიიღებდნენ და თავიანთი თანამშრომლების ტყავს ხომ არ დახევდნენ.
2012 წლის დეკემბერში დამაკავეს. უკვე ახალი მთავრობა იყო მოსული. ოჯახის წევრები დაიბარეს: 19 ათასი ხომ აღიარეთ, ახლა საურავებით ეს ჯარიმა 30 ათასამდე ადის, გადაიხადეთ და საპროცესოს გავუფორმებთო. გადაგვახდევინეს ეს ფული და ვფიქრობდი, რომ შემეშვებოდნენ, მაგრამ საპროცესო შეთანხმების ფურცელში აღმოვაჩინე, რომ 2013 წლამდე დანარჩენი 71 ათასი ლარიც უნდა გადამეხადა. გამოდიოდა, რომ ფაქტობრივად იმ უკანონოდ დარიცხულ 101 ათასს მაინც მახდევინებდნენ. გადავირიე, რით უნდა გადავიხადო-მეთქი. გავუშვი ადვოკატი, არ მინდა, ვიჯდები-მეთქი. 5 დღის შემდეგ ისევ შემოვიდა ციხეში და მეუბნება, 6-წლიანს მოგცემენ, არც 30 ათასს დაგიბრუნებენ და ვერც ვერსად იომებ, რადგან მთავრობა კი შეიცვალა, მაგრამ პროკურორიც იგივეა, მოსამართლეც და საგადასახადო ინსპექტორიცო. მაღიარებინეს ის 101 ათასი ლარი, 7 წელიწადი პირობითი მომცეს. თუმცა შემოსავლების სამსახურის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი რომ ავიღე, იქ სულ პირველად რომ დამარიცხეს, ის 229 ათასი ლარი წერია. წარმოგიდგენიათ, რამხელა უსამართლობაა, ისევ ძველი თანხა დასვეს.
ფინანსთა მინისტრი და მისი მოადგილეები მეწარმეებს არ ხვდებიან. სახალხო დამცველს ხმა ვერ მივაწვდინე. როგორ მოვიქცე, სად წავიდე, სამართალი სად ვიპოვო?
ხელისუფლება რომ შეიცვალა, მეგონა, მეშველა, მაგრამ თუ იგივე მიდგომა იქნება მეწარმეების მიმართ, განწირული ვართ. მარტივ რამეს ვითხოვ, თავიდან დამითვალონ გადასახადები, მაგრამ არა წინა ხელისუფლების ბანდიტებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დღესაც მაღალ თანამდებობებზე სხედან. ჩემს მდგომარეობაში ათიათასობით მეწარმეა და მაშინ გამოაცხადონ ამნისტია და ჩამოგვაწერონ უკანონოდ დარიცხული გადასახადები. დროულად თუ არ მიიღეს ზომები, ისე დაგვემართება, - სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო.
იქნებ "კვირის პალიტრის" მეშვეობით მაინც მივაწვდინო ხმა ჩემს თანაკურსელს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს".