რა სისტემით ჩატარდება მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები?
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":
- ქალბატონო მაია, თუ გადაწყდა საბოლოოდ, რა სისტემით ჩატარდება მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები?
- არსებული სასწავლო გეგმით მოსწავლეები 4 ძირითადი საგნის - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის - სწავლას ამთავრებენ მე-11 კლასში; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გამოცდები ამ საგნებში სწორედ მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ ჩატარდეს. მე-12 კლასის ბოლოს კი დარჩენილ 4 საგანში ჩატარდება - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში.
- რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გასულ წელს იყო საუბარი მისი 8+1 სისტემით ჩატარებაზე; ამ თვალსაზრისით თუ იგეგმება ცვლილებები?
- წელს მისაღები გამოცდები ისე ჩატარდება, როგორც ადრე; აბიტურიენტისთვის 4 საგნის ჩაბარება იქნება სავალდებულო. 8+1 სისტემის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ; ის სისტემა, რომლის დანერგვა 2011 წლიდან დავიწყეთ - კომპიუტერზე ადაპტირებული-კატ-ის სისტემა - ურთულესი ალგორითმია, თუმცა ძალზე ეფექტიანი, რადგან შეუძლია მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროს მოსწავლის შესაძლებლობა; შემდგომ კი დაიწყეს საუბარი, ეს ფორმატი უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვისაც გამოვიყენოთო. ამგვარი გამოცდის დროს მოსწავლეს ეძლევა მხოლოდ არჩევითპასუხიანი დავალებები. არ ეძლევა ღია დავალებები, სადაც მას რამეს დაწერა უწევს. ჩემი აზრით, არ შეიძლება უმაღლეს სასწავლებელში მიიღო ახალგაზრდა ისე, რომ არ შეამოწმო, შეუძლია თუ არა მას ერთი წინადადების დაწერა მაინც. ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას, თუმცა, მშობლიური ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია. იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით ნებისმიერ საგანში. მაგალითად, არჩევითპასუხიანი დავალების შესრულებით შეუძლებელია შეამოწმო მომავალი მათემატიკოსის მათემატიკური მსჯელობის უნარი, სწორედ ირჩევს თუ არა ამოცანის ამოხსნის გზას და ა.შ. როცა პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე საუბარიც არ იყო - იგეგმებოდა ტესტირება კომპიუტერის მეშვეობით, რაც სულ სხვა რამ არის. ასე რომ, სკოლის მოსწავლეებს მე-12 კლასში 8 გამოცდის ნაცვლად 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
- როდის დაიწყება და რა ცვლილებებია დაგეგმილი პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესში?
- მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. რეგისტრაცია იწარმოებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდისთვის. მასწავლებლებს ხელფასი სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების მიხედვით ეზრდებოდათ, მაგრამ, ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო, როცა სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში, პედაგოგს 75 ლარით ეზრდებოდა ხელფასი, ხოლო ინგლისური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარით, ბუნებრივია, ინგლისური ენის მასწავლებლები პრივილეგიურ მდგომარეობაში იყვნენ. რატომ ინგლისური ენისა და კომპიუტერის და არა უცხო ენისა და კომპიუტერის გამოცდა? რატომ ვაკეთებთ აქცენტს ერთ კონკრეტულ ენაზე? ხომ შეიძლება პედაგოგმა სხვა უცხო ენა იცოდეს? მეორე მხრივ, არავინ არის იმ პედაგოგების წახალისების, წინააღმდეგი, ვინც უცხო ენას ფლობს. ასე რომ, პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესი, მათ შორის, თანხების გადანაწილების პრინციპი თანდათან დაიხვეწება.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.