”დელტა” თუ ”რაგატკა?”
”დიდი შეცდომა იქნება, საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე... წინასაარჩევნო კამპანიისას მესმოდა, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა ბლეფია. თქვენ ხომ იცით, რომ ბლეფი არ არის. ხომ იცით, რომ ეს ”ლაზიკები”, ”დიდგორები” მართლა დადის, მართლა ისვრის და მართლა მაგარი ტექნიკაა... ნულიდან შევქმენით დანგრეული და გაძარცული ქარხანა და თუ ის გავა თავდაცვის სამინისტროდან, ისევ დაინგრევა და თან გაჰყვება ის უზარმაზარი ტალანტი, რომელიც იქ წლების განმავლობაში შეიქმნა”, - განაცხადა გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში "რაგატკით” მისულმა პრეზიდენტმა. თურმე ეს ”რაგატკა” 2004 წლის იანვარში, თავდაცვის სამინისტროს მონახულების დროს ოფიცრებმა მისცეს, როგორც მაშინდელი შეიარაღებული ძალების სიმბოლო. ”როგორც ერთი ჩვენი თავდაცვის მინისტრი იტყოდა, ”რაგატკის” ამარა არ უნდა დავრჩეთ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ დიდი შეცდომა იქნება, თუ სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე ხელისუფლება უარს იტყვის.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნა-არყოფნის შესახებ უამრავი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის თავდაცვის დაქვემდებარებიდან უნდა გამოსულიყო და დამოუკიდებელ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:
- რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიყავი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტაში” და იქაურობა დავათვალიერეთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცენტრი რჩება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მიმაჩნია, რომ მისი ადგილი იქ არის და მისგან გამოყოფა და თუნდაც ცალკე კომპანიად ჩამოყალიბება სახელმწიფოებრივი კუთხით მიზანშეწონილი არ იქნება.
ამ საკითხებზე ვესაუბრეთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით თევზაძესაც:
- ”დიდი შეცდომა იქნება, საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ”დელტაში” წარმოებულ სამხედრო ტექნიკაზე ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს თუ არა?
- თუ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო სამხედრო ტექნიკას ”აწარმოებს”, ნამდვილად არასწორი ინფორმაციით სარგებლობს, ანდა სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე მეტად თავისებური წარმოდგენა ჰქონია.
- ”რაგატკა – აი ეს იყო მაშინ შეიარაღებული ძალების აღჭურვა”, - როგორია თქვენი კომენტარი პრეზიდენტის მიერ მაშინდელი შეირაღებული ძალების შეფასებაზე?
- 2004-ში შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ეს საკითხი ბეჟუაშვილთან, ბარამიძესთან ან ოქრუაშვილთან უნდა დააზუსტოთ. მე პრეზიდენტ სააკაშვილს, ინაუგურაციისას, ჯარი აღლუმით გადავაბარე და რაღაც არ მაგონდება ”რაგატკებიანი” კოლონა. როგორც ჩანს, ასეთი რამ ”რეფორმირებისას” გაჩნდა. საერთოდ, ტრადიციულად, უმაღლეს მთავარსარდალს ახალი შეიარაღების ნიმუშებს ჩუქნიან ხოლმე. ასე რომ, თუ ”2004 წელს მას ოფიცრებმა ”რაგატკა” აჩუქეს”, სწორედაც რომ შეიარაღების ახალი ნიმუში უჩუქნიათ. მე, თუ კარგად გაიხსენებთ, ზუსტად იმას ვჩიოდი, ”რაგატკები” ჯერ კიდევ საყიდელი მაქვს-მეთქი.
- თქვენ სად ხედავთ ”დელტას” ადგილს?
- თავდაცვის სამინისტრო ”მრეწველობისათვის” არ უნდა იცლიდეს. რა იქნება ოპტიმალური, ძნელი სათქმელია. ეს მისმა ძირითადმა საქმიანობამ უნდა გვიკარნახოს: თუ ”დელტა” შეიარაღების ახალი მოდელების შექმნით იქნება დაკავებული, მაშინ ის უნდა არსებობდეს რომელიმე მსხვილ სამრეწველო ობიექტთან, როგორც საკონსტრუქტორო ბიურო. ხოლო თუ მისი დანიშნულება ”წარმოებაა”, მაშინ ის კვლავ კერძო კამპანიად უნდა გარდავქმნათ. მთავარია, კარგად გავერკვეთ ”დელტას” ფუნქციაში, ხოლო შემდეგ მისი ეფექტური მართვის მოდელი მოვძებნოთ. თავდაცვის სამინისტრო, ამ შეთხვევაში, კარგი პოტენციური შემკვეთი იქნებოდა და ეს საყოველთაო პრაქტიკაა.
განსხვავებული სურათია კომპანია ”თბილავიამშენთან” დაკავშირებით (რომელიც სამხედრო ცენტრ ”დელტას” დაქვედებარებაშია). კომპანიის დაბრუნებას მისი აწ უკვე ყოფილი დირექტორი პანტიკო (ვაჟა) თორდიაც ცდილობს, რომელიც ბოლო დღეებამდე მის დირექტორად ითვლებოდა... 2010 წელს, როდესაც კომპანია ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ასაკოვან მილიონერს მხოლოდ ”დირექტორის” სტატუსი და თვითმფრინავების კონტრაქტების მოპოვება-მიღების უფლება დაუტოვა, რადგან მას ამ კუთხით თავისი კავშირები ჰქონდა...
თუ რამდენად სამართლიანია მისი მხრიდან კომპანიის დაბრუნების მოთხოვნა, ამის გარკვევა ძნელი აღმოჩნდა, რადგან ჟურნალისტებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილთან დაკავშირება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მასთან. ბოლო მცდელობისას მისმა მდივანმა მკვეთრი რუსული აქცენტით გვიპასუხა, რომ ბატონმა პანტიკომ ქარხანა დატოვა... არადა, საუკუნოვან ქარხანაში თორდიას ლამის საუკუნოვანი მმართველობა (მისი კარიერა ქარხანაში 1959 წელს დაიწყო და 2010-წლამდე ქარხნის ფაქტობრივი მმართველი იყო), არაერთ პასუხგაუცემელ შეკითხვას ბადებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას მინისტრობისას გაკეთებული ერთადერთი კარგი საქმე ქარხნის თორდიასთვის წართმევა იყო, რადგან იქამდე კომპანიის თანამშრომლები უხელფასოდ ან მიზერულ ფასად მუშაობდნენ. მაშინ ხელისუფლების ნაბიჯი მავანმა კერძო საკუთრებაზე მორიგ შეტევად შეაფასა, თუმცა ისიც ითქვა, რომ ”თორდიამ ახალ პატრონს დაუბრუნა ის, რაც თავის დროზე სხვა პატრონს წაართვა...” ვინაიდან მაშინ შესაბამის უწყებებს საჭირო პროცედურების გავლა და რამდენიმეთვიანი ლოდინი დაეზარათ, აპრობირებული მეთოდი გამოიყენეს და თორდიას კომპანია სახელმწიფოსთვის პირდაპირ აჩუქებინეს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქარხნის საცავებში ინახებოდა სპეცფოლადი, დურალი, მზა ნაკეთობები და უამრავი საჭირო და ძვირად ღირებული რამ, რაც ყოფილმა დირექტორმა თურქეთში ჯართად გაყიდა. მერე კი დაზგები და დანადგარებიც მიაყოლა. ამ საქმეში მის მარჯვენა ხელად ვინმე ბერიძე სახელდება... აღებული თანხით კი შევარდნაძის ხელისუფლების წლებში ქარხანა საკუთრებაში გადაიფორმა.
”სანამ ქარხანა თორდიას საკუთრებაში იყო, იქაურობა სტრატეგიული დანიშნულების დანადგარებისგან ეტაპობრივად ცარიელდებოდა. არადა, საბჭოთა კავშირის დროს, სპეციალურ საწყობში ნედლეულის უზარმაზარი მარაგი ინახებოდა. ტიტანით ვაჭრობის უფლება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა. თორდიამ ქარხნის მარაგში არსებული ტიტანი სრულად გაყიდა (ამბობდა, ახლა გავყიდოთ და რომ დაგვჭირდება, ისევ შევიძენთო...,) რის გამოც სერიოზული პრობლემები შეექმნა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, კომპანია ხელახლა გადაიფორმა. როდესაც ქარხანაში ფინანსური პოლიცია შევიდა, ცხადია, დარღვევების პოვნა არ გასჭირვებია. შედეგად, მესაზღვრეებისთვის ახალი მანქანები შეაძენინეს. 2010 წელს სახელმწიფომ ქარხანაში 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. უცხოეთიდან ჩამოიტანეს ახალი დაზგები და დანადგარები. ხელფასების საკითხიც თანდათან გამოსწორდა, სიტუაცია დალაგდა და შეკვეთებსაც ვიღებდით” - აცხადებენ საავიაციო ქარხნის თანამშრომლები.
კომპანია ”თბილავიამშენის” ახალი ხელმძღვანელობის განცხადებით, მისი გაყიდვა არ იგეგმება.
შოთა კვარაცხელია, შპს ”თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი:
- ”კომპანია” თბილავიამშენის ეკონომიკის გადაცემაზე რაღაც საუბრები მიმდინარეობდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა და სავარაუდოდ და მეტწილად, კომპანია ცენტრ ”დელტას”, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.
- ბატონო შოთა, ერთი ვერსიით, ქარხნიდან დაზგების გატანასაც აპირებდნენ, იყო საუბარი იქ განთავსებულ სამხედრო საინჟინრო ბატალიონის გაყვანაზეც...
- მე, როგორც კომპანია ”თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ კომპანიაში ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია. მეტიც, ვაგრძელებთ მუშაობას არსებულ შეკვეთებზე და მომავალში ახალ შეკვეთებსაც ველოდებით. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა რესურსებს ვაკმაყოფილებთ და შემდეგში ვნახოთ.
- საავიაციო ქარხნის დაბრუნების სურვილს გამოთქვამს მისი ყოფილი დირექტორი, ვაჟა (პანტიკო) თორდიაც...
- ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, - მოთხოვნის სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ის უკვე სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანია მისი მოთხოვნა და ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)