გვატყუებენ თუ არა ქართული ონლაინ სამორინეები? - კვირის პალიტრა

გვატყუებენ თუ არა ქართული ონლაინ სამორინეები?

საქართველოში ონლაინ პოკერი არცთუ ისე ახალი ხილია, მაგრამ არც ისეა დამკვიდრებული, რომ მისი ყველა ნიუანსი იცოდნენ მოთამაშეებმა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ონლაინ სამორინეები პოკერის თამაშისას იყნებენ ე.წ. "ბოტებს" (რობოტი ან ბოტი არის სპეციალურად შექმნილი პროგრამა (როგორც წესი, პითონის პროგრამირების ენის გამოყენებით), რომლებიც პროცესების ავტომატიზაციას ახდენენ. ბოტის ამოქმედება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ იგი საგულდაგულოდ შემოწმდება და მის გამოყენებაზე იარსებებს საზოგადოების თანხმობა) "ბოტების" გამოყენება, არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ონლაინ სამორინეებშიც ხდება,როდესაც მაგიდაზე არის თავისუფალი ადგილი, სწორედ "ბოტების" მიერ ხდება თავისუფალი ადგილის შევსება, რათა თამაში შედგეს,თუმცა ქართული რეალობა ძალიან განსხვავებულია. "ბოტების" მაგივრად სამორინეები ათამაშებენ რეალური პიროვნებებს , რომლებმაც იციან მოწინააღდეგის კარტი, ამავე დროს მათ აქვთ პროგრამასთან წვდომა და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ შემდეგი სვლა, ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა მათ უპირატესობას ანიჭებს და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებულებიც გამოდიან, რეალური ონლაინ მოთამაშე დამარცხებულთან ერთად მოტყუებულიც რჩება, ხოლო სამორინე მსუყე ლუკმას იგდებს ხელში. ასეთ შემთხვევაში პოკერი უკვე აღარ წარმოადგენს ორ ადამიანს შორის თამაშს, არამედ იქცევა უთანასწორო პაექრობად მოხალისე მოთამაშესა და კომპიუტერული პროგრამით აღჭურვილ პროფესიონალს შორის. როდესაც "ბოტი" არაა რეალური პიროვნება და პროგრამულად შექმნილი რობოტია, მას შეუძლია ერთროულად 50 ზე მეტ მაგიდაზე ერთდროულად ითამაშოს, რაც ძალიან მომგებიანი მეპატრონისათვის, გარდა ამისა პროგრამული ბოტის უპირატესობებია: არ აქვს მექანიკური შეცდომის დაშვების რისკი განსხვავებით ოპერატორისაგან; უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის ამ ბოტების არსებობის შესახებ; არ ჭირდებათ ანაზღაურება, ხოლო რეალურ "ბოტებს" ძალიან მაღალ ხელფასს უხდიან რათა საიდუმლო შეინახონ, თუმცა ცოცხალ "ბოტსაც" აქვს ერთი დიდი უპირატესობა, მას შეუძლია პოკერ რუმში არსებულ ჩატში ჩაერთოს და გააბას საუბარი სხვა მოთამაშეებთან, ასეთ შემთხვევაში უფრო დამაჯერებელია, რომ ის რეალურად მოთამაშეა.

როგორც უკვე ვთქვით "ბოტების" გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებშიც არის, მაგრამ იქ ამ ყველაფერს სახელმწიფო რეგულაციის სამსახური აკონტროლებს და ოდნავ საეჭვო ფაქტსაც კი შესაბამისი რეაგირება მოყვება (იყო შემთხვევბი როდესაც დამნაშავე სოლიდური თანხებითაც დააჯარიმეს).

ონლაინ სამორინე მხოლოდ თამაშის გამართვას სთავაზობს მოთამაშეებს და მისთვის, მოგებული თანხიდან 5-7% იღებს, მხოლოდ ეს შემოსავალი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მილიონზე ადის, ჩნდება კითხვა: ასეთ ოაზისურ პირობებში, რატომ ცდილობს სამორინე არაკანონიერი გზით დამატებითი შემოსავლის მიღებას?!

რუფატ მამადიაროვი (ევროპა-ბეთის წარმომადგენელი)

"ბოტი ვირტუალური მოთამაშეა, რომლებიც მოცემული პროგრამის მიხედვით მუშაობს. გამორიცხულია, რომ ბოტის მაგივრად რეალური ადამიანი იყოს. ინფორმაცია იმის შესახებ რომ კარტები რიგმა მოთამაშეებმა წინასწარ იციან აბსურდია, რადგან პროგრამულად შეუძლებელია კარტების წინასწარ ცოდნა. კარტის დარიგება ხდება პროგრამით რომელიც შემთხვევითი თანმიმდევრობით არიგებს.ჩვენ ვიყენებთ შვეიცარული ფირმის მიერ დამზადებულ პროგრამას (სხვათაშორის იგივე პროგრამ აქვს ისეთ ცნობილ კომპანიას როგორიცაა პოკერსტარ.ცომ), ასე რომ წინასწარ კარტის ცოდნა შეუძლებელია. ჩვენი კომპანია არის ლოიალური მოთამაშეების მიმართ და არასდროს დაუშვებს თამაშისას მიუღებელ მეთოდებს.

ჩვენ საიტზე თამაშობს ძალიან ბევრი ადამიანი. ერთდროულად შეიძლება იყოს 10000 ზე მეტი მოთამაშეც კი . აქედან გამომდინარე ამდენი მოთამაშის სათითაოდ გაკონტროლება არის ფაქტობრივად შეუძლებელი, შეიძლება ითქვას, არ არსებობს ისეთი სერვერი რომელიც შეძლებს გადაამუშაოს ასეთი რაოდენობის ინფორმაცია პარალელურ დროში და მოგვაწოდოს გადაწყვეტილება. ჯერ-ჯერობით ასეთ დონემდე პროგრამირება არ მისულა. კომპანიას გარდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლისა სხვა არალეგალური მოგება არ აქვს.ბუნებრივია, ხალხი ყოველთვის ილაპარაკებს, ეს მათი უფლება, ესაა მათი ფსიქოლოგია, ვიღაც იგებს, ვიღაც აგებ და წაგებული ყოველთვის ეძებს დამნაშავეს და ადანაშაულებს ყველას საკუთარი თავის გარდა. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა უპასუხოს ნებისმიერ სადავო შეკითხვას რომელიც გაჩნდება".

ონლაინ პოკერის დროს კარტის დარიგება ხდება ე.წ. რენდომით  (random number generator (RNG) - შემთხვევითი ციფრების გენერატორით, რომლეიც არიგებს კარტს მოთამაშეებზე და ეს უნდა იყოს 100% შემთხვევითობაზე დაფუძნებული. ღნგ- საიმედოობა და უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული და არსებობს სპეციალური აუდიტორული ფირმები, რომლებიც ყოველწლიურად ამოწმებენ გემბლინგ კომპანიებს, რომ იქ რამე დარღვევა არ იყოს.

დათო, 45 წლის(მოთამაშე):

"ხშირად ვთამაშობ ონლაინ პოკერს ქართულ საიტებზე , ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ დარიგება "რანდომით" არ ხდება, პროგრამა სპეციალურად ერთდროულად არიგებს რამდენიმე "ძლიერ ხელს", რომ მოთამაშეები შეყვნენ თამაშს და დიდი ფსონები დადონ, ბუნებრივია დიდი ფსონი სამორინესათვის დიდი მოგებაა. ხშირადაა, როცა "სუსტი ხელი" იგებს თამაშს, როდესაც მოთამაშე გამოუცდელია და 2-3 ჯერ "სუსტი ხელით" მოიგო ის უკვე უაზრო რისკზე იოლად მიდის, ასეთი მოთამაშეები როგორც წესი ყველაზე მეტი შემოსავლის მომტანები არიან. ასევე ხშირად აკეთებენ, როცა გამოუცდელ მოთამაშეს პროგრამა 8-9 დარიგების განმავლობაში აძლევს არარეალურ უპირატესობას და როცა მოგება გარკვეულ ზღვარს მიაღწევს მოთამაშეს აბრუნებს ჩვეულებრივ ალბათობაზე, ასეთ დროს გამოუცდელ ადამიანს უკვე უჭირს გადაწყობა და მთელ თანხას აგებს. ამას ყველაფერს შესაბამისი სამსახურები უნდა აკონტროლებდნენ, მაგრამ საქართველოზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშია ამის კონტროლი რთული, თანაც ძალიან ძნელია პროგრამისტს თავის დაწერილ პროგრამაში რამე დაუმტკიცო."

გარდა სამორინეს მხრიდან თაღლითობისა, ხდება შემდეგი შემთხვევბიც: მაგალითად 3-4 მეგობარი ონლაინ პოკერის სათამაშოდ ჯდება ერთ მაგიდასთან (სხვადასხვა კომპიუტერიდან, რათა არ დაფიქსირდეს ერთი IP), შემდეგ სკაიპ-ით, მობილური ტელეფონით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით კონტაქტობენ და იციან ერთმანეთის კარტი. ბუნებრივია, მათი გამარჯვების ალბათობა საკმაოდ დიდია, ასეთ შემთხვევაში სამორინე უძლურია, რომ რაიმე ზომა მიიღოს.

ონლაინ თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესია. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ ზრდის პიკი 2033 წელს იქნება. რა თქმა უნდა საქართველოშიც მოიმატებს გემბლინგური კომპანიები, შესაბამისად იქნებიან გამარჯვებულიც, თუმცა აქსიომაა, რომ კაზინოში მოგებული მხოლოდ კაზინოს მფლობელია და არა ის, ვინც თამაშობს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)