სამხრეთ კორეელები კანცელარიასთან აქციას მართავენ
სამხრეთ კორეის ათი მოქალაქე სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავს და დახმარებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთხოვს.
სამხრეთ კორეელი მოქალაქეები კანცელარიასთან პლაკატებით არიან მოსული, რომელზეც არის წარწერები: "დაცული იქნას უცხოელთა უფლებები", "თაღლითებმა დატოვონ ქვეყანა", "ჩატარდეს ხელახალი გამოძიება", "აღდგეს სამართლიანობა", "მიუკერძოებელი სასამართლო", "საქართველო თაღლითების ქვეყანაა? "
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამხრეთ კორეელმა ჩა ჰო პარკმა განაცხადა, საქართველოში ინვესტიციების დასაბანდებლად ჩამოვიდა, თუმცა მოატყუეს. კერძოდ, ჩალ ჰო პარკის თქმით, 2007 წელს საქართველოში ჩამოვიდა ინვესტიციის განსახორციელებლად და კაპიტალი უნდა ჩაედო მშენებლობაში; ინვესტიცია მოიცავდა 8 500 000 აშშ დოლლარს. ის შეხვდა იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრ ნიკოლოზ კვეზერელს, ფინანსთა ყოფილ მინისტრ მირიან გოგიაშვილს, საქართველო-აზიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ კობა კიკრიაშვილს და მათთან დაახლოებულ პირს ნანა ესაკიას. როგორც ჩა ჰო პარკი აცხადებს, ნიკოლოზ კვეზერელი და მირიან გოგიაშვილი დაპირდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას მოაგვარებდნენ და ხელს შეუწყობდნენ ბიზნესის წარმოებაში და სანაცვლოდ მოგების 30% მათი იქნებოდა. მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო ნოტარიუსი სოსო მუმლაძე.
"მათ მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით გამომძალეს 8 500 000 აშშ დოლარი. გამოძიებამ პასუხისმგებაში მისცა ნიკოლოზ კვეზერელი და ნანა ესაკია, თუმცა მე ზარალი არც ერთი პირისგან არ ამნაზღაურებია. მაშინდელი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე პირადად დამპირდა, რომ საქმე ობიექტურად იქნებოდა გამოძიებული, თუმცა მისი დანაპირები არ შესრულებულა. ასევე, პროკურატურამ გამომიყო BGI-ს ადვოკატი, რომელმაც შეგნებულად წამაგებინა სასამართლო, რის გამოც დღეს ქონების გარეშე ვრჩები", - განაცხადა ჩა ჰო პარკმა.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ნიკოლოზ კვეზერელი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულია ციხიდან და ზიანს არ უნაზღაურებს. ასევე, გათავისუფლებულია ნანა ესაკია.
"ზემოთ აღნიშნულ პირებთან ალიანსში იმყოფებოდნენ თბილისი მერი გიგი უგულავა და მაშინდელი ქალაქის პრემიერი მამუკა ახვლედიანი, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხით მაშინდელი პროკურატურა არ დაინტერესებულა. დღეს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს თბილისის მერია, ყველა თავისი სამსახურით, სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც ორი წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ არ დააკმაყოფილა სააპელაციო სარჩელი და ჩემი ქონება ნებისმიერ წუთს შესაძლოა გაიყიდოს", - განაცხადა ჩალ ჰო პარკმა.
იხილეთ სრულად: ”ინტერპრესნიუსი”