გილოცავთ დავითობას
8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
დავით IV - ძე გიორგი მეორისა, ჩამომავალი ბაგრატიონთა სამეფო დინასტიისა; ადამიანი, რომელმაც აღმაშენებლის სახელით დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ისტორიაში.
16 წლისამ დაიდგა სამეფო გვირგვინი. მძიმე იყო ტვირთი, მის მხრებს რომ დააწვა - თურქ-სელჩუკთაგან აოხრებული ქვეყანა, განადგურებული მოსახლეობა, ნასოფლარებად ქცეული სოფლები, დატყვევებული თბილისი და დანაწევრებული საქართველო. ასეთი ქვეყნის მკვდრეთით აღდგინება მხოლოდ ღვთის სასწაულს თუ ძალუძდა. და ეს სასწაულიც სწორედ მაშინ აღესრულა, როდესაც ტახტზე მეფედ დავით მეოთხე ავიდა.
საკუთარ ხალხს ზღაპრული მზეჭაბუკივით მოევლინა, უშიშრად რომ ებრძვის ხოლმე ბოროტ გველეშაპს: ნასოფლარები სოფლებად აქცია, ხალხი მიწას დაუბრუნა, თურქ-სელჩუკები განდევნა, საქართველო გააერთიანა და თბილისიც დაიხსნა ტყვეობიდან.
მაგრამ, პირველ რიგში, ეკლესია განწმინდა უწმინდურთა და უღირსთაგან, რომ უფლის შეწევნა არ მოკლებოდა ბოროტებასთან დაუნდობელ ბრძოლაში. მერე ერთგულნი შემოიკრიბა გარს და აუმხედრდა ისტორიულ უსამართლობას, ქართული სულიერი და მიწიერი სხეულის დამცირება რომ ერქვა სახელად.
გააერთიანა ქართული მიწა-წყალი და საქართველოს სახელმწიფო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა. ყოველთვის თავად მიუძღოდა ლაშქარს ბრძოლის ველზე. ბრძოლაში პირველი შედიოდა და ბოლო გამოდიოდა. ერთი მოქნევით კვეთდა მოწინააღმდეგეს და შიშის ზარს სცემდა მტერს.
მაგრამ მთავარი მაინც მისი ცხოვრების წესი იყო, მისი რწმენა და სულის წყურვილი... "ვითარცა სურინ ირემს წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრეთვე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო..." ქრისტიანობა ყოველდღიურობად ექცია და ცდილობდა, არასოდეს გადაეხვია ზეცისაკენ მიმავალი ამ ბილიკიდან. ყოველდღე დაუთვლელად გასცემდა მოწყალებას და, თუ ქისას ბოლომდე ვერ დაცლიდა, ტიროდა - დღეს დამსაჯა უფალმა და არ შეიწყნარა ჩემი ვედრებაო. განუწყვეტლივ იბრძოდა-ლოცვითა და მახვილით კვეთდა და სპობდა ბოროტებასაც და მის მიწიერ მსახურთაც.
ყოველთვის საოცარი მოწიწებით ეპყრობოდა ხატებს. სხვათაგანაც იმავეს მოითხოვდა. უფლის რჩეული იყო და რამდენჯერმე სწორედ უფლის ნებით გადაურჩა სასწაულებრივად სიკვდილს, რადგან ჯერ არ იყო მოწეული ჟამი მისი; ჯერ გადასარჩენი იყო საქართველო.
სოფელი აღადგინა და გააძლიერა... წართმეული ქალაქები და მიწები დაიბრუნა... მტერთაგან შეიწრებული საქართველო აღადგინა და განამშვენა... დააარსა აკადემიები, რათა უმაღლესი განათლების მიღება საზღვარგარეთ წაუსვლელად შეძლებოდათ ქართველებს.
გელათი ააშენა... თბილისი განამშვენა... არც სნეულნი და საპყარნი დავიწყებია - სპეციალურად მათთვის დააარსა ქსენონები (ლაზარეთები). თავადაც ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს და თავადვე ამოწმებდა ავადმყოფთა საკვებსა და საგებელს.
უამრავი ბრძოლა გადაიხადა, მაგრამ დიდგორი ხილულ სასწაულად დარჩა ქართულ მატიანეში.
საქართველოს თავის წიაღში უნდა გაეერთიანებინა სულიერი და გონებრივი მონაპოვარი ქრისტიანობის ორი ცენტრისა - იერუსალიმისა და ბიზანტიისა. ახალ იერუსალიმად სვეტიცხოველი აღემართათ უკვე ქართველებს. ახალ ბიზანტიად კი გელათისა და იყალთოს აკადემიებს უნდა ექციათ საქართველო - განათლებული თაობის აზროვნება ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც ათენის აკადემიის აღზრდილთა გონებრივი ნაღვაწი.
რომ არა დავითი, არც თამარი იქნებოდა და არც მისი ოქროს ხანა, რომელიც აზროვნებითა და მსოფლმხედველობით რამდენიმე საუკუნით უსწრებდა წინ ევროპულ რენესანსს.
რომ არა დავითი, არც ჩვენ ვიქნებოდით.
ილიას თანამებრძოლებმა სწორედ ამიტომ დაამთხვიეს დავითობას საქართველოში პირველი უნივერსიტეტის გახსნა.
სწორედ ამიტომ შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
სწორედ ამიტომ უწოდა მას ერმა აღმაშენებელი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დავითობას.
მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)