მარკო პოლო უდიდესი მკვლევარი თუ მატყუარა? - კვირის პალიტრა

მარკო პოლო უდიდესი მკვლევარი თუ მატყუარა?

როდესაც მარკო პოლო ვენეციაში 24-წლიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა აღმოსავლეთიდან, მისი ნაამბობისა ცოტას თუ სჯეროდა. წლების მერე კი თითქოს უფრო სარწმუნო გახდა. დღეისთვის ეს საკითხი კვლავ ამოტივტივდა და ეჭვის ქვეშაც დადგა: ბევრ მკვლევარს არ სჯერა, რომ მარკო პოლომ ჩინეთშიც იმოგზაურა. მაშ, სიმართლე რაღაა?

მარკო პოლოს გარდაცვალების შემდეგ, მოკლე ხანში, კერძოდ, 1324 წელს, დომინიკელი ბერის, ჯაკოპო დ"აკვის ცნობით, დიდ ვენეციელ მკვლევარსა და ჩინეთში მოგზაურს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლს, სთხოვეს, უარეყო "უამრავი უცნაურობა, რაც სარწმუნოდ არ ჟღერდა". მისი "მსოფლიოს აღწერა" ყველაზე პოპულარული წიგნია სამოგზაურო თემატიკაზე, რაც კი ოდესმე დაწერილა. წიგნი თვით მარკო პოლოს სიცოცხლეშიც პოპულარული იყო, თუმცა თანამედროვენი მის ავთენტიკურობას ეჭვქვეშ აყენებდნენ.

მარკო დაუსაბუთებლად უმტკიცებდა ყველას, ვინც კი მის მონათხრობს ეჭვით შეხედავდა, იმის ნახევარიც არ მომიყოლია, რაც სინამდვილეში ვიხილეო. ისტორიკოსებსაც სწორედ ეს აფიქრებთ დღემდე - რა არ შეიტანა პოლომ წიგნში. ჩინეთში ყოფნის თითქმის უტყუარი ფაქტებია წიგნში მოყვანილი, მაგრამ არც ჩინეთის კედლით გაოცება იგრძნობა და არც ხის ჩხირებია ნახსენები, რომელთაც ჩინელები ჩანგლის მაგივრად იყენებენ. არ არის ნახსენები ჩაის სმის ტრადიცია, რაც ევროპაში მხოლოდ XVII საუკუნიდან დამკვიდრდა. არც ყმაწვილქალთა სარიტუალო ფეხთშეკვრაზეა სიტყვა ნათქვამი.

იყო კი მარკო პოლო ჩინეთში და თუ ასეა, სარწმუნოა მისი წიგნი მოგზაურობათა და მისი ჩინეთში ყოფნის აღწერისას? რა ტიპის წიგნი იყო? მოგზაურის თავგადასავლებია იქ აღწერილი თუ ვაჭრის წიგნაკია? ან იქნებ ქრისტიან მისიონერთა გზამკვლევია? წიგნში მონათხრობი მაინც თუა ისეთი შოკის მომგვრელი, რომ გავლენა მოეხდინა თავისი დროის სამყაროზე? თან ისეთი გავლენა, რომ აღმოჩენათა ეპოქის გარიჟრაჟზე აელაპარაკებინა მთელი ევროპა?

მარკო პოლოსადმი სკეპტიკური დამოკიდებულება შუა საუკუნეებიდან დღემდე გრძელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი პოლოს ბიოგრაფიული მონაცემების სიმცირეა, რაც ანალებში თუ არა, მისივე წიგნში უნდა ყოფილიყო თავმოყრილი. წიგნიდან ვიგებთ, რომ მარკო 1254 წელს დაბადებულა. მამამისი ვენეციელი ვაჭარი ყოფილა, რაც იმხანად საზღვაო-სავაჭრო ქალაქებში, ვენეციასა და გენუაში სწრაფგანვითარებადი საქმიანობა იყო. ვენეციური ოქროს დუკატი, რომელიც პირველად XIII საუკუნეში გამოიჭედა, შუა საუკუნეების ევროპის ფულად მიმოქცევაში სულ მალე სტანდარტის სტატუსს იღებს. ჯვაროსანთა მიერ 1204 წელს ბიზანტიის აღების წყალობით ვენეციამ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე - კონსტანტინოპოლის პორტზე დააწესა უფლებები.

XIII საუკუნის შუა წლებში არაერთი ვენეციელი დიდვაჭარი დამკვიდრდა შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში, განსაკუთრებით კი ყირიმის პორტ სოლდაიაში (სუდაკი). მარკოს წიგნს თუ ვერწმუნებით, სწორედ სოლდაიადან დაიწყეს 1260 წელს მისმა მამამ, ნიკოლომ და ბიძამ, მაფეომ, ოქროულით ვაჭრობა აბრეშუმის გზით ცენტრალურ აზიაში. მერე ყველაფერი შეიცვალა. მოკლე ხანში მონღოლებმა თითქმის მთელი აზია დაიპყრეს. პოლოს ძმები პირველი ევროპელები იყვნენ, ვინც დიადი ყუბილაი ხანი პირადად იხილა. ეს უკანასკნელი ჩინეთის მონღოლი მმართველი იყო. 1269 წელს ისინი ევროპაში გამობრუნდნენ ელჩებად და ყუბილაი ხანის უსტარი მიართვეს რომის პაპს.

ორიოდე წლის თავზე მისმა ძმებმა ისევ ჩინეთისკენ იბრუნეს პირი. ამჟამად ვენეციიდან მოუხდათ გამგზავრება. მათ 17 წლის მარკო პოლოც ახლდათ. მარკოს გამოთვლით, ყუბილაის საზაფხულო რეზიდენციამდე, შანდუმდე, სამწელიწად-ნახევარი დასჭირდათ. პოლოებმა მომდევნო 17 წელიწადი ჩინეთში გაატარეს და კვლავ სამწლიანი მოგზაურობის შემდეგ, 1295 წელს, ვენეციაში დაბრუნდნენ. გენუაში ერთი-ორი წლით დაპატიმრებულმა (მიზეზი უცნობია) მარკომ თავისი ცნობილი წიგნი დაწერა თანამოსაკნის, მწერალ რუსტიჩელო და პიზას დახმარებით, რომელიც მარკოს მოგონებებს დაეყრდნო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსტიჩელომ "მწერლის" როლი შეასრულა, ანუ მარკოს მაგივრად დაწერა ტექსტი. წიგნი კი 1298 წელს დასრულდა.

ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი პოლოს დაპატიმრებისა და წიგნის დაწერის ამბავს ეჭვის თვალით უყურებს. მაგრამ როგორც უნდა იყოს წიგნი შედგენილი, ის მაინც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მარკოს შესახებ. მას ყუბილაის კარზე პატივით იღებენ; მოგზაური ოთხ ენას სწავლობს (არ ასახელებს რომლებს); მარკოს მნიშვნელოვანი დავალებით გზავნიან შორეულ ინდოეთში. აღსანიშნავია, რომ იმ დროის ჩინურ ანალებში მსგავსი არაფერია ნათქვამი, არც მისი მამა და ბიძა არიან ნახსენები.

მარკოს თქმით, მათ პაპის წერილი და იერუსალიმის წმინდა აკლდამის ჩირაღდნის წმინდა ზეთით სავსე ფიალა გადასცეს დიდ ყაენს. არც ეს მტკიცდება დოკუმენტურად. წიგნის მიხედვით, მარკო დიდი ქალაქის, იანჩჟოუს მმართველი გახდა. ქალაქი იანძის ნაპირებზე მდებარეობს. მარკომ ამ პოსტზე სამ წელიწადს დაყო. თუმცა ქალაქის თავთა ნუსხაში ადგილობრივი მემატიანეები მარკოს არ მოიხსენიებენ. აქვეა უფრო აშკარა ტყუილიც. მარკოსა და უფროს პოლოებზე წიგნში ნათქვამია, რომ ყაენმა ისინი სამი საალყო ლოდსატყორცნის მშენებლობის ზედამხედველებად დანიშნა. ლოდსატყორცნებს 336 კგ ლოდის ტყორცნა უნდა შესძლებოდა სიანფანის ავანპოსტზე. თუმცა ალყა 1273 წელს უკვე იყო დაწყებული, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ პოლოები ჩინეთს მიაღწევდნენ, ხოლო ამ საბრძოლო მანქანების აგება მუსლიმ ინჟინრებს მიეწერება.

ჩინურ წყაროებში მარკო პოლო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები. მისი სახელი სარკინოზის, სახელად აჰმადის მკვლელობას უკავშირდება. ტირანობით სახელგანთქმულ აჰმადს ვინმე ჩენჩუმ თუ ვანგჩუმ წააცალა ხმლით თავი. მარკო ამ მკვლელობის ამბავს გვიყვება და დასძენს, რომ "ის ამ დროს თავის ადგილზე იყო". ეს ამბავი ჩინურ ანალებშიც დასტურდება, სადაც ვკითხულობთ: "ჩანგანიდან დაბრუნებულმა იმპერატორმა ისურვა, საიდუმლო საბჭოს დამხმარე მარკო პოლოს აეხსნა ვანგჩუს მიერ ჩადენილი მკვლელობის მიზეზები. მარკომაც თამამად აუხსნა აჰმადის დანაშაული და ტირანია, რომელსაც მთელ იმპერიაში სისასტიკის გამო სიძულვილი დაემსახურებინა. იმპერატორმა თვალები ჭყიტა და ვანგჩუს სიმამაცის ქება აღავლინა".

მარკოს წიგნში რომ ბევრი რამ არ არის ნახსენები, ამას შეიძლება ახსნა მოეძებნოს. XIII საუკუნის ბოლოსთვის "დიდი კედლის" უმეტესი ნაწილი დანგრეული იყო. დღეს შემორჩენილი კედლის უმეტესი ნაწილი XV-XVI საუკუნეებშია აგებული. მარკოს შემდეგ, 1324 წელს, მოგზაურთა ჩანაწერებშიც ვერსად ვხვდებით "დიდი კედლის" ხსენებას. მარკოს პერიოდში ჩაის სმის ტრადიცია სამხრეთ ჩინეთში იყო დამკვიდრებული, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთში კი, სადაც მარკომ უმეტესი დრო გაატარა, ჯერ არ იყო ფეხმოკიდებული. მართალია, მოგზაურობათა წიგნში ბევრ რამეზეა დუმილი, რაც ერთგვარ დაეჭვებას იწვევს შინაარსის ნამდვილობაში, მაგრამ ეს იმის დამამტკიცებელ საბუთს მაინც არ იძლევა, რომ ხელაღებით უარვყოთ ნაშრომის ღირსება. მაშ, რაღა საჭიროა ამდენი უმართებულობა? ალბათ, იმიტომ, რომ სათქმელის შინაარსი გამძაფრებულიყო. "თუ რამ გაუმართავია ტექსტში, - როგორც ერთი თანამედროვე ისტორიკოსი ამტკიცებს, - მხოლოდ მან უნდა თქვას, ვინც მარკოს პირადად იცნობდა და იცოდა, თუ რაზე ლაპარაკობდა".

თუ ვივარაუდებთ, რომ წიგნი იმ ადამიანის მიერაა დაწერილი, ვინც არასდროს ყოფილა ჩინეთში, მაშინ როგორ მოხვდებოდა მონღოლთა მმართველობის პერიოდის ჩინეთის დეტალური აღწერა წიგნში? ზოგიერთს მიაჩნია, რომ მთელი ინფორმაცია მონღოლეთის დასავლეთ საზღვრებზე ვაჭართა საუბრებიდან არის შეკრებილი. ეს საზღვარი იმხანად შავი ზღვის ჩრდილოეთით ოქროს ურდოდან გადიოდა. ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთის აღწერა მარკოს შეეძლო სპარსეთშიც მოესმინა. ისტორიკოსები ამ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ წიგნის ენა და ტოპონიმიკა ძალიან ჰგავს სპარსულს. თუკი მარკო პოლო ჩინეთში იყო ნამყოფი, მაშინ უფრო მეტი მონღოლური სიტყვა უნდა გამოეყენებინა წერისას.

თუმცა ამ სპეციფიკურ შემთხვევასაც მოეძებნება ახსნა. იმხანად სპარსული ენა საერთაშორისო ენა იყო აღმოსავლეთში და ყუბილაის კარზეც. ასევე შესაძლებელია, რომ პოლოებს ცენტრალურ ან დასავლეთ აზიაში ორი დეკადა ემოგზაურათ და ვაჭრებისა და ბაზრის უსასრულო ჭორებისთვის ესმინათ, საიდანაც ერთგვარად გეოგრაფიულ მონაცემებსაც დაადგენდნენ იმ ქალაქებზე, რომლებიც თუნდაც ნანახი არ ჰქონოდათ... ისტორიკოსთა მეორე ნაწილი კი სულ სხვაგვარად ფიქრობს: თუკი პოლოებს მართლაც არსად უმოგზაურიათ, მაშ, როგორ ჩაიტანდნენ ვენეციაში ცნობებს, რომელთაც იმდროინდელ ევროპელ ვაჭართა არაერთი წარმომადგენელი ადასტურებს და იმავე აღწერილობას იძლევა?

ისტორიკოსთა კამათს იწვევს ოქროს ფირფიტაც, იგივე პაიცა, რომელიც, მარკოს თქმით, დიდმა ყაენმა ყუბილაიმ მამამისსა და ბიძამისს გადასცა, თუმცა მერე ისევ მის მფლობელობაში მოხვდა. მოგრძო ფირფიტა სიგრძით 305 მმ, სიგანით 76 მმ იყო და ყელზე დაკიდებულს ატარებდნენ. ვენეციისკენ მიმავალი და უკან, მონღოლეთის გზაზე, პოლოები ამ ფირფიტას ყველას აჩვენებდნენ, რათა უდიდეს იმპერიაში არსად შექმნოდათ გადაადგილების პრობლემა. ზოგი ფიქრობს, რომ მონღოლეთის რომელიმე პროვინციის ადგილობრივი ყაენის მიცემული უნდა ყოფილიყო ოქროს ფირფიტა. ცხადია, მაფეო, შესაძლოა, ცრუობდეს, როდესაც ამბობს, ფირფიტა თათართა ბრწყინვალე ყაენმა გვისახსოვრაო. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეფასება მხოლოდ ყუბილაი ყაენის მისამართით უნდა თქმულიყო.

მარკო პოლოს წიგნის დეტალთა დიდი ნაწილი მის ნამდვილობაზე მეტყველებს. აქ, ერთი მხრივ, ჩინეთის ქალაქების ერთიმეორეს მიყოლებით აღწერას დიდი ნაწილი ეთმობა, საერთო ჯამში, 30 ქალაქზე მეტია მოცემული და მათი მოსახლეობა დაწვრილებით დახასიათებული. მეორე მხრივ, მართალია, მწირად, მაგრამ საუბარია იაპონიასა და ყუბილაის წარუმატებელი შეჭრის შესახებ ამ კუნძულზე (მარკო იაპონიას ზიპანუს უწოდებს). იაპონია, თავის მხრივ, უცნობი იყო ცენტრალური აზიისა და ევროპისთვის XVI საუკუნემდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაპონიაზე თუ რამეს გაიგებდა მარკო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთში მოხდებოდა.

მარკო პოლოს სამოგზაურო წიგნი ჩინეთის საზოგადოებას კლასობრივად დიფერენცირებულს გვიხატავს, რომლის შესახებაც დასავლეთში საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება. ქალაქები კვადრატულად არის ნაშენი, მათემატიკური სიზუსტით. დიდი ყაენი თავისი ხალხის ერთგულია და შიმშილისა და ძნელბედობის ჟამსაც კი ამარაგებს მათ საკვებით. პასუხად, ხალხიც რიდითა და მოწიწებით არის განწყობილი მბრძანებლისადმი და მისი ზამთრის სასახლის, ხან-ბალის (ან ხან-ბალიყი, დღევანდელი პეკინი. მარკო პოლო მას ჩამბალუც-ს უწოდებს). მისადგომებთან რამდენიმე კილომეტრზე ყველა მოკრძალებით ახსენებს ყაენს და სიმშვიდეს იცავს. ყოველი ქალაქის შემოგარენში ჯარი დგას, რომელიც ვალდებულია, პოტენციური ჯანყი აღკვეთოს, ხოლო თავად ჯარი ორ წელიწადში ერთხელ იცვლება, რათა შიდა წოდებათშორისი უთანხმოება არ მოხდეს.

დახვეწილი საფოსტო სისტემა დედაქალაქს პროვინციებთან აკავშირებს მთელ იმპერიაში. გზებზე საფოსტო სახლებია აგებული, სადაც 400 ცხენი მუდმივ მზადყოფნაშია მეფის მაცნეთა გადასაყვანად. ამბობენ, იმპერიაში 200 ათასი საფოსტო ცხენიაო. მიმოქცევაშია ქაღალდის ფული, რომელიც ხან-ბალის ზარაფხანაშია მოჭრილი და "ვერავინ იზრახვის მის უარყოფას ვაჭრობაში". აქვეა "შავი ქვა", რომელსაც კლდეებიდან ეზიდებიან, სადაც "ნაპრალებში უხვად მოიპოვება". როდესაც ცეცხლს მიუკიდებენ, ნახშირივით იწვის და შეშაზე დიდხანს ინარჩუნებს ცეცხლს. ქვანახშირის (მარკო ამ სიტყვას არ იყენებს) წყალობით, ყოველ მოხელესა და მდიდარს შეუძლია კვირაში ორ-სამჯერ ცხელი აბაზანით ისიამოვნოს.

პოლოს მოხსენებაში, სადაც ჩინელი გლეხობის სიღარიბეზე არაფერია ნათქვამი, ყველაზე შთამბეჭდავია უხვმოსავლიანი მიწის აღწერა, რაზეც დასავლეთში არაფერი იცოდნენ. მარტო ყაენის ზამთრის სასახლის წინა ეზო იწვევს გაოცებას თავისი ზომებით, რაც აქამდე არავის უხილავს: ეზო ყოველი მხრიდან 13 კილომეტრია. პირად მცველებად იმპერატორს 12 ათასი მხედარი ჰყავს. დაბადების დღისთვის ის 20 ათას გვარიშვილსა და სამხედროს ოქროსფერი აბრეშუმით მოსავს. მათ გვირგვინოსნისთვის საჩუქრები მიაქვთ და, წესის თანახმად, "ცხრაჯერ ცხრა ძღვენია საბოძვარი ერთ ნივთზე." ამდენად, თუკი რომელიმე პროვინცია რაშებს გაუგზავნის საჩუქრად, მათი რაოდენობა 81 იქნება. ასე რომ, საიუბილეოდ იმპერატორი არანაკლებ ასი ათას ქურანას იღებს.

ყაენი ხან-ბალიში გამოზამთრების შემდეგ ჩრდილოეთში წასულა ფოცხვერებითა და ჯიქებით ირმებზე სანადიროდ. ლომებიც თან წაუყვანია, ბაბილონის ლომებზე უფრო დიდები, რათა ტახებსა და ირმებზე ნადირობა გაადვილებოდა. არწივები კი მგლებზე სანადიროდ ჰყოლია დაგეშილი. ნახსენებია ათი ათასზე მეტი ბაზიერიც. ეს ნადირობა, რომელმაც მარტიდან მაისის ჩათვლით გასტანა, "სხვა გასართობთა შორის უბადლოა ამქვეყნად". შესაძლოა, ყაენი ამ სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებდა, რადგან მას ოთხი ცოლი და ასობით ხარჭა ესვა.

"მსოფლიოს აღწერა" სათავგადასავლო წიგნი როდია, არც დღევანდელობაში კარგად ცნობილი გზამკვლევია. წიგნი არ მოგვითხრობს ხიფათსა და საშინელებებზე, არც გზად შემხვედრ ვაჭართა საუბრებზეა სიტყვა ნათქვამი. ეს გახლავთ ყოვლისმომცველი კატალოგი სანელებლებსა და მათი მოპოვების ადგილებზე და ვენეციელ მკითხველს სულაც არ სთავაზობს აღმოსავლეთში საქმის წარმოების ხელოვნების შესწავლას. წიგნის ძირითადი არსი გეოგრაფია და მონღოლური კულტურის გაცნობაა მკითხველთათვის.

მარკოს მონათხრობი მოსაწყენია. ქალაქების უსასრულო სია თავმომაბეზრებელია. მაგრამ ამ წიგნმა შუა საუკუნეების მკითხველებს პირველი წარმოდგენა შეუქმნა ახალ სამყაროზე, მრავალრიცხოვანი ქალაქებით დასახლებულ, აყვავებულ და საქმიან აღმოსავლეთზე, რომელიც გაცილებით მდიდარი იყო ევროპაზე და ვერც ერთი ევროპელი მსგავს დოვლათს ვერც კი წარმოიდგენდა. ქრისტეფორე კოლუმბმა ეს წიგნი გულდასმით წაიკითხა და არაერთი ძვირფასი თვლის შესახებ ცნობები ამოიწერა. იყო თუ არა მარკო პოლო ნამყოფი ჩინეთში, იმაზე მნიშვნელოვანი არ გახლავთ, ვიდრე ის, თუ რამხელა გავლენა მოახდინა მისმა წიგნმა იმ ადგილებამდე მისაღწევი საზღვაო გზების ძიებაზე, რომლებიც მის წიგნშია აღწერილი.

National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით მოამზადა ლევან ინასარიძემ

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”