გია თორთლაძე: ივანიშვილი თვითონ ცხრა მანქანით დადის და ჩვენი რა გაუკვირდა?
"ყოფილი დეპუტატის გია თორთლაძის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება, სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმეზე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზების მიზნით "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს", რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, 350 000 ლარი ჩაერიცხა. ამავე პროექტის ფარგლებში, ცენტრისთვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო". "სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი" კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ ქონების გასხვისებას. "დეოკუპაციის ცენტრის" დირექტორმა გია თორთლაძემ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონი და ავტომანქანა 2013 წლის 4 იანვარს 50 000 ამერიკულ დოლარად გაასხვისა. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის." – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის პრესმდივანმა ნათია სუხიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე. მისივე თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ცენტრის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჯერ კიდევ ა.წ. იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფიზიკურ პირ გია თორთლაძესა და კულტურის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ერთის მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ხოლო მეორეს მხრივ ფიზიკური პირი გია თორთლაძე. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში კი მასში შეტანილ იქნა ცვლილებები და ხელშეკრულების მხარედ გია თორთლაძის ნაცვლად, გაფორმდა გია თორთლაძის მიერ დაფუძნებული "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი." გია თორთლაძე იმჟამად აცხადებდა, რომ ინსტიტუტს საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, როდესაც ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს 350 000 ლარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტის განსახორციელებლად პირადად მას გადაურიცხა. გვესაუბრება "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის" ხემძღვანელი გია თორთლაძე
- ბატონო გია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ქონების არაკანონიერ გასხვისებაში გადანაშაულებთ…
- ეს იყო ფინანსთა სამინისტრს საგამოძიებო სამსახურის ტყუილებით სავსე განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს მე არ მქონდა უფლება გამეყიდა "დეოკუპაციის ცენტრის" საკუთრებაში არსებული მანქანა. არც ერთ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც გადმომეცა ეს მანქანა არ წერია, რომ გასხვისება-გაყიდვის უფლება არ მაქვს. ვინაიდან კულტურის სამინისტრომ ჩვენს ცენტრს დააკისრა ვალად გარკვეული თანხა, იძულებული გავხდით გაგვეყიდა მანქანა და 81 526 ლარი შეგვეტანა ბიუჯეტში. პირადი მოხმარებისთვის მე ერთი თეთრიც არ დამიხარჯავს. რასაც ეს სამსახური ამბობს ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ზეწოლა ჩემზე და "დეოკუპაციის ცენტრზე". ასევე ეს არის ბიძინა ივანიშვილის მწვავე შურისძიება იმისთვის, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მწვავედ ვაკრიტიკებდი მას, რაც ვერ მოინელა. "დეოკუპაციის ცენტრს" ვერ იტანენ ვერც მოსკოვში და ვერც ივანიშვილის ხელისუფლებაში, რომელიც ემორჩილება კრემლს.
- ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ მანქანა ცენტრის საკუთრება იყო?
- აგერ ხელში მიჭირს დოკუმენტი, რომ ეს მანქანა ცენტრს გადაეცა უსასყიდლოდ და უვადოდ. არსად, არც ბრძანებაში და არც მთავრობის განკარგულებაში არსადაა მინიშნება იმაზე, რომ მე არ მქონდა ამ მანქანის გაყიდვის უფლება. როცა ცენტრს ვალი დაგვადეს, გავყიდეთ ეს მანქანა და გადავიხადეთ ეს ვალი, სად არის აქ კრიმინალი?
- საიდან გაჩნდა ბიუჯეტის მიმართ ამხელა დავალიანება?
- ნოემბრის თვეში წავედი ნეპალში და დავდე იქ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მარტში მივემგზავრები ჰიმალაებში პროექტით "საქართველო ოკუპანტების გარეშე", უნდა ავიდე მწვერვალზე მაკალუ, რომლის სიმაღლე 8469 მეტრია, და იქ ავიტანო დროშა წარწერით: "Georgia Without Occupants”. ამის თაობაზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია კი გაიმართება მაისში. აი, ეს ჩამითვალეს ვადების დარღვევად და ხელშეკრულების პირობის არ შესრულებად და დაგვაკისრეს ვალი. არადა, ჯერ არ ვიყავი ასული მწვერვალზე და დეკემბრის ბოლოს ფილმს როგორ ჩავაბარებდი? დოკუმენტაციის გაფორმება კი მოხდა ნოემბერში, მაგრამ ამის შერულება მოხდებოდა იმ სეზონის მიხედვით, როცა ადიან ხოლმე ჰიმალაებში. შეეძლოთ ხელშეკრულების გაგრძელება და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, მაგრამ ამაზე არ ვდაობ, რაც იყო იყო. ეს ხელისუფლება მუდმივად იტყუება და ჩემი მისამართითაც ტყუიან.
- შეგიძლიათ გვითხრათ იმ ანგარიშის ნომერი, რომელზეც მანქანის გაყიდვის შემდეგ ჩარიცხეთ თანხა?
- ეს თანხა რომ ჩავრიცხე, ამას არავინ უარყოფს. მოიკითხეთ ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.
- ელით რომ დაკითხვაზე დაგიბარებენ?
- კი, მესაუბრა უკვე გამომძიებელი, მითხრა, - მექნება კითხვები თქვენთანო. კი, ბატონო, დამიბარონ და ყველა კითხვას ვუპასუხებ.
- რატომ გადაწყდა ასეთი ძვირადღირებული მაქანა ჰყოლოდა ცენტრს?
- ხელშეკრულებაში იყო გაწერილი, რომ ეს უნდა ყოფილიყო მაღალი გამავლობის მანქანა. გვჭირდებოდა და ვიყიდეთ, ვხმარობდით კიდეც. როგორც კი დავალიანება დაგვაკისრეს, გავყიდეთ, მეტი რა გვექნა? მანქანა საერთოდ რისთვის არის საჭირო? ივანიშვილი თვითონ ცხრა მანქანით დადის და ჩვენი რა გაუკვირდა. დეოკუპაციის ცენტრს, რომელიც ფილმებს იღებს, რეგიონებში, მთაში, ტყეში დადის სწორედაც სჭირდებოდა ასეთი მანქანა.
- დაგეგმილ ექსპედიციაში ვეღარ წახვალთ?
- ვერა, ის ფული გადახდილია უკვე. 24 მარტს უნდა გავმგზავრებულიყავი ექსპედიციაში. ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი იმიტომ წამოიწყეს, რომ ამის ჩაშლა უნდათ. არ უნდათ წავიდე და ავიტანო დროშა.
- ბატონო გია, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული არსებობდა ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ოპოზიციის როლს ასრულებდით…
- სატელიტები არიან თვითონ. მე მეძახდნენ ამას მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მიმართ ვაკეთებდი მწვავე განცხადებებს, ვლაპარაკობდი იმაზე ვინ დაიწყო ომი რეალურად, ვამბობდი, რომ ჩვენი გზა ნატო და ევროკავშირია. ყველა სხვა საკითხებზე - სასამართლო იქნებოდა თუ სოციალური სფერო, მე სააკაშვილის ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი.
- ამბობდნენ, რომ ფულს იღებდით "ნაციონალური მოძრაობისგან" და ამით პირადი ვალები გაისტუმრეთ …
- ფული არავის მოუცია, რა დაფინანსება, რის დაფინანსება. ყველაზე მწირი დაფინანსება ჰქონდა ჩემს პარტიას. ვალების ამბავიც ტყუილია, ტყუილებში გვაცხოვრებენ. რა ვალები მქონდა? ერთადერთი აღებული მქონდა ბანკის სესხი, რომელსაც ვფარავდი ჩემი ხელფასიდან და ეს იყო განკუთვნილი ჩემი შვილის სწავლის გადასახადისთვის.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)