სანამ ყაზბეგურა და ჩაქირაც დაგვიკარგავს...
გამოფინეთ კავკასიური ნაგაზები!
23 თებერვალს თბილისში კავკასიური ნაგაზების მეთოთხმეტე გამოფენა ტარდება. კავკასიური ნაგაზების კლუბში აცხადებენ, რეგისტრაციის დასრულებამდე ორი კვირაც აღარ დარჩა, გამოფენაზე გამოსვლის სურვილი კი ჯერ მხოლოდ 30-ოდე ძაღლის პატრონმა გამოთქვაო. იყო დრო, როდესაც კავკასიური ნაგაზი საქართველოში გადაშენების გზაზე იდგა. დღეისათვის ფიზიკური გაქრობის საფრთხე შესუსტდა, მაგრამ ქართველებში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა კულტურა, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ჯიშიანი ძაღლები ჰყავთ. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქართული და კავკასიური, უცხოური წარმოშობის ოთხფეხა მეგობრებიც ხშირად ოფიციალურად დაურეგისტრირებელია ვეტერინარულ დაწესებულებებსა და კლუბებში. ეს ნიშნავს, რომ ძაღლი, როგორც მისი ჯიშის წარმომადგენელი, არ არსებობს!
გამოფენისა და ნაგაზების მოვლის შესახებ "კვირის პალიტრა" საქართველოს კინოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელ გია გიორგაძეს ესაუბრა.
- საქართველოში ნაგაზების ბოლო გამოფენა 1931 წელს ჩატარდა და მხოლოდ 69 წლის შემდეგ, 2000 წელს შევძელით მისი აღდგენა. წელს მეთოთხმეტე გამოფენას ვატარებთ. საგამოფენო დარბაზი დაგვითმო აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ, - ეს საჩუქარია ნაგაზებისთვისო. მსაჯი მოვიწვიეთ ქალაქ ბელგრადიდან - პოლინა სიმიჩი 7 წლის წინ იყო აქ. გვინდა გვითხრას, გვაქვს წინსვლა თუ არა.
- თქვენ რას ამჩნევთ, წინსვლა გაქვთ?
- წინსვლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება. ჩვენი სახსრები საკმარისი არ არის ამ ძაღლების გადარჩენა-განვითარების ეროვნული პროექტის განსავითარებლად. სამწუხაროდ, ერთ ძალიან კარგ პროექტს ჩაშლა ემუქრება. რამდენიმე წელია, მე და ჩემს მოადგილეს, კობა სუბელიანს, ცხვარში უსასყიდლოდ აგვყავს ძაღლები, ვამრავლებთ და თვალყურს ვადევნებთ მათ განვითარებას. აქამდე ენთუზიაზმით ვმოქმედებდით, არავინ მოინდომა გვერდში დადგომა. გვიჭირს ცხვარში ხშირად ასვლა, ძუ უნდა ჩამოიყვანო, უკან დააბრუნო, მერე ლეკვების დასაყრელად ისევ ჩამოიყვანო, ლეკვებს ყურები დააჭრა, აცრა. ყველაფერი ფულს მოითხოვს. ვიმედოვნებ, ახალი ხელისუფლება ჩვენი საქმიანობით დაინტერესდება, რადგან კავკასიური ნაგაზი, მეცხვარესთან ერთად, ერის ორგანული ნაწილია, მესაზღვრეა, რასაც მუდმივად ვახსენებ საზოგადოებას. თუკი საძოვრებზე ქართველი მეცხვარე და ძაღლი წლების განმავლობაში არ გამოჩნდებიან, სხვა მოვა მათ ადგილზე და ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.
- მეცხვარული ძაღლის ზოგიერთი ქალაქელი პატრონი ამბობს, არ არის აუცილებელი, ძაღლი ცხვარში იყოსო.
- დაკეტილ ვოლიერში კარგი ძაღლის ყოლა მავნებელია. ზოგიერთი წუწუნებს, რატომ უნდა ვაჭამო ამხელა ძაღლსო? ეს სიმდიდრეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ჩვენს ხელში არ უნდა გადაშენდეს. სახელმწიფოები თავს იწონებდნენ საკუთარი ცხენით, ძაღლით და ა.შ. თუ არ ჰყავდათ, გამოჰყავდათ ჯიშები. გვყავს და ვერ ვუვლით. საქართველოს ამ ეტაპზე ერთადერთი ჯიში ჰყავს, ყაზბეგურა, მაგრამ დაურეგისტრირებელია. სანამ ქვეყანაში არ იქნება კანონი ძაღლის შესახებ, ძაღლებთან დაკავშირებით პრობლემები ვერ მოგვარდება. უნდა აიკრძალოს ბევრი რამ და მათ შორის ქუჩაში ძაღლებით ვაჭრობა. სელექციის და გასხვისების საკითხი კლუბებში უნდა გვარდებოდეს. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ძაღლის მფლობელებს დაავალდებულებს, იყოლიონ მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული ძაღლი, მიუხედავად იმისა, ჯიშიანი იქნება თუ შერეული.
- მფლობელთა ნაწილს თურმე ძაღლი გამოფენაზე იმიტომ არ მოჰყავს, რომ ფიქრობს, პრიზები იყიდება, მოგება ჩაწყობილიაო.
- ერთმა ძაღლმა ორჯერ ზედიზედ მიიღო მთავარი პრიზი და საჩუქრად ტელევიზორები გადაეცა. მესამე წელს მოვიდა პატრონი და მეუბნება, - მაცივარი ჩასვით საპრიზო ფონდშიო. ეგონა, რომ აუცილებლად მოიგებდა მესამე წელსაც და რომ წააგო, აყვირდა, - კონკურსი გაყიდულიაო.
- 23 თებერვალს რატომ დანიშნეთ გამოფენა, რამე სიმბოლოს უკავშირდება?
- გვინდა რუსული არმიის დღე კავკასიური ნაგაზების გამოფენით გავაქარვოთ. რუსები ყველანაირად ეცადნენ საქართველოში ამ ძაღლების გადაშენებას. ცნობილმა რუსმა კინოლოგებმა 10 000 საუკეთესო ძუ და ხვადი გაიყვანეს, რითაც გენოფონდი ფაქტობრივად მოსპეს. გვყავდა შესანიშნავი ჯიში ჩაქირა, ქართულად - მყეფარა. ბრწყინვალე თვისების მქონე, კვერნაზე მონადირე. თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ისტორიულ საქართველოში კვლავ არის ეს ძაღლი და თურქებს სურთ, თავისად დაირეგისტრირონ. სანამ გვძინავს, ალბათ ჩაქირასაც სამუდამოდ დავკარგავთ. სამწუხაროდ, ასეთი საკითხები ფედერაციის დონეზე არ წყდება, თორემ დიდი ხნის წინ მივხედავდით ყაზბეგურასაც და ჩაქირასაც.