"დავით საყვარელიძეს შენი მანქანა მოეწონა და შენი ჰამერის "პიკაპი" უნდა აჩუქოო!"
"ძირითადად, წილების თემას ადეიშვილი აკონტროლებდა"
"ელექტროშოკითა და იარაღებით მედგნენ თავზე გაკოჭილ ადამიანს"
ზაურ ცხადაძე: "მთელი ცხოვრება წელში გამართული დავდიოდი და ახლა შეურაცხყოფილი ვარ..."
"იქ მოხვედრილი ადამიანი ჭკუიდან შეიშლება"
"ტუალეტის ქაღალდს რომ არ მოგცემენ, რაღაზეა ლაპარაკი!"
ცნობილი მკლავჭიდელი, "თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთი მეწილე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ზაურ ცხადაძე იმ პირთა რიცხვშია, რომლებმაც ციხის საშინელება საკუთარ თავზე იწვნიეს. გისოსებს მიღმა დიდხანს არ დარჩენილა, მაგრამ უმძიმესი დღეები გამოიარა, რაც მის ჯანმრთელობაზეც აისახა. ბატონ ზაურს დათქმულ დროს ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვესტუმრეთ, თუმცა იმ საღამოს სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაუყვანიათ. ამის შემდეგ იქ მოვინახულეთ, ხათრი ვერ გაგვიტეხა და ინტერვიუ მაინც შედგა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებდნენ. 2009 წლის 21 ოქტომბერს დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალდება 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ზაურ ცხადაძე: - ჩემი დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო. წინადღის ნაქეიფარი ვიყავი, მეუღლემ დამირეკა და მითხრა, ბავშვი სამსახურში რომ მიდიოდა, დავინახე, მანქანა როგორ აედევნაო. ჩემს შვილს დავურეკე, დამიდასტურა, ორი მანქანა მომყვებოდაო. ისეთ უბანში ვცხოვრობთ, უცხო მანქანას ყველა ამჩნევს. ჩემი დაჭერის შემდეგ გავიგეთ, რამდენიმე დღე რომ მდარაჯობდნენ. არადა, აგარაკზე ვიყავი, ჩემი ნახვა პრობლემა არ იყო. იმხელა მანქანით დავდიოდი, ყველას ხვდებოდა თვალში, ან დასამალი და გასაქცევი რა მქონდა? 2009 წლის 21 ოქტომბერს მეგობარს შევხვდი და ნახევარი საათი ქუჩაში ვსაუბრობდით, მერე ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე სასადილოდ შევედით, იქაც საათზე მეტხანს ვისხედით. მეგობარი წავიდა, მეც გამოვედი და იქვე ავტოგასამართ სადგურთან გავჩერდი, საწვავი რომ ჩამესხა. ამ დროს ყოველი მხრიდან თეთრი "ლენდ კრუიზერები" ამომიდგა.
ყველა მანქანის კარი ერთდროულად გაიღო და ჩემკენ წამოვიდნენ. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, უკან ვიხედებოდი, ვინმეს ხომ არ იჭერენ-მეთქი. მერე გავიფიქრე, ეტყობა, "მზის დარტყმას" მიჩალიჩებენ-მეთქი. მანამდე იყო ამის მცდელობა და არ გამოუვიდათ... მიყვიროდნენ, დაწექიო. ვერ მივხვდი, სად უნდა დავწოლილიყავი, მანქანაში ვიჯექი... რომ არ დავემორჩილე, დამესივნენ... ერთადერთს ვფიქრობდი, არ წავექციე. მთელი ქუჩა გადაიკეტა, სპეცრაზმელებიც მოცვივდნენ, წინააღმდეგობისგან დავიღალე და ბოლოს წავიქეცი. დამესივნენ, ჩამტენეს მანქანაში და ხელბორკილი დამადეს. დაკავების მიზეზს ვითხოვდი, მაგრამ არაფერს მეუბნებოდნენ. ავტეხე გინება და ლანძღვა, ისე მიმიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, არ გავჩუმებულვარ. გეგონებოდათ, კილერი დაიჭირეს. მოაწყვეს კორიდორი და ისე შემიყვანეს. მთელი გზა ვიხვეწებოდი, ხელბორკილი შეეხსნათ, რადგან მიჭერდა და ხელები დამისივდა (ბატონ ზაურს ახლაც ეტყობა ნაიარევი მაჯებთან. - ავტ.). რომ შემიყვანეს, ფეხებზეც დამიპირეს ბორკილის დადება. ვყვიროდი, გამაგებინეთ, რა ხდება, რა დავაშავე-მეთქი. არაფერს მეუბნებოდნენ, ელექტროშოკითა და იარაღებით მედგნენ თავზე გაკოჭილ ადამიანს. პროკურორი ვახო იაშვილი მეუბნება, ზაურ, ჩვენ ბევრი საახლობლო გვყავსო...
არ მაინტერესებს, მითხარით, რატომ მომექეცით ასე-მეთქი. ბოლოს მითხრა, ამ დღეებში ვაკეში მიწა ვისგანაც იყიდე, იმის წინა მეპატრონეს მიწა თაღლითურად აქვს მოპოვებულიო. მერე მე რა შუაში ვარ-მეთქი. ჩვენ ჩანაწერები გვაქვს, სადაც შენი საუბარია ჩაწერილიო. შემოიტანეს ტელევიზორი და მაჩვენეს ნოტარიუსთან ყოფნის ამსახველი ფირი. სიგარეტს ვეწევი და ვამბობ ასეთ ფრაზას: "ეს ყველაფერი შარია". რატომ თქვი ეს სიტყვებიო. მიზეზი ავხსენი, ამ ხალხმა წინადღესაც მიმიყვანა ნოტარიუსთან, ამდენი ფულით მივედი, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ, ვისაც მიწა უნდა გადმოეფორმებინა, მეორე დღესაც მიმიყვანეს, საღამოს 6 საათი ხდებოდა და ის ქალი კიდევ არ ჩანდა, ნოტარიუსი კი მუშაობას ამთავრებდა, მე კი ამ ფულით წინ და უკან მიწევდა სიარული. ამიტომ ვთქვი-მეთქი. გვეგონა, სხვა რამეს გულისხმობდიო, - მითხრა იაშვილმა. სულელი ხომ არ ვიყავი, ყალბ საბუთში 120.000 დოლარი გადამეხადა. ამის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორში მომათავსეს. იქ სამი დღე გავატარე.
- ადვოკატთან ურთიერთობის საშუალება არ გქონდათ?
- შემოვიდა ადვოკატი გიორგი ხარაბაძე და მითხრა, შენმა მეგობრებმა ამიყვანეს და უნდა დაგიცვაო. რა ვიცოდი, თურმე ადეიშვილის ადვოკატია და ასეთ საქმეებს აგვარებს. მეუბნება, ბიჭო, ხვდები, რატომ დაგიჭირეს? ახლა რაც გითხრეს, ის რომ ბლეფია, ხომ ხვდები? ეჭვი არ გეპარება იმაში, შენი პარტნიორი და მერაბიშვილი სანადიროდ ერთად დადიან და ამ დროს შენ გიჭერენო? "თეგეტას" ხელმძღვანელი იგულისხმა. ვიცოდი, მერაბიშვილთან რომ მეგობრობდა, მაგრამ ჩემს დაჭერასთან რა ხელი აქვს-მეთქი, - ვკითხე. შენი პარტნიორი ხვალ იაპონიაში მიფრინავსო... მოკლედ, დაპირისპირებას ცდილობდა. არ მეპარება ეჭვი პარტნიორში-მეთქი. მერე მითხრა, ხომ იცი, "თეგეტაში" შენი წილი ენდომებათ და დათმე, არ იცი, ესენი ვინ არიანო. მიბიძგებდა, ჩემი 21%-იანი წილი დამეთმო. კატეგორიული უარი ვუთხარი. ამ საქმის პროკურორი ალეკო მგელაძე იყო, მას აგვარებინებდნენ ყველა ბინძურ საქმეს. ის იყო ვაზაგაშვილის, გირგვლიანის საქმეების პროკურორიც.
- როგორც ცნობილია, ციხეში უმძიმეს პირობებში იყავით და თქვენს მორალურად გატეხას ცდილობდნენ.
- კარანტინში 19 დღე გავატარე. იქ მოხვედრილი ადამიანი ჭკუიდან შეიშლება. 36 კაცი ვიყავით 18 კვადრატულ საკანში, საპირფარეშოც იქ იყო. ჰაერს ვნატრობდით. თუ რკინის კარზე ოდნავ ღრიჭოს დატოვებდნენ, ბედნიერება იყო. ფეხზე ვიდექით. ჩაცუცქულს თუ ჩაგეძინებოდა, ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. წარმოიდგინეთ, რომ დამიჭირეს, 165 კილოგრამი ვიყავი და ერთ თვეში 110 კილოგრამი გავხდი. ერთადერთი იმას ვფიქრობდი, ამდენი ხალხი თუ უძლებს, მეც უნდა გავუძლო-მეთქი. ადამიანი თურმე ყველაფერს ეგუება. სულ ფეხზე ვიდექი, წელი მაწუხებს და შეტევა მომცა. ისე ცუდად ვიყავი, საწოლზე დამაწვინეს, მაგრამ მხოლოდ რკინის მავთულებია, ლეიბიც არ იდო, ამან უფრო დამიზიანა ზურგი და საშინელ მდგომარეობაში მქონდა. თანაც ჩემი პატიმრობა იმ პერიოდს დაემთხვა, გლდანში ნაგავსაყრელი რომ გააუქმეს, იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს და ნაგვისა და კვამლის საშინელი სუნი ჩვენს საკნებში აღწევდა...… საჭმელს ვერ შეჭამდი, ეს გამორიცხულია. კარანტინის კართან რომ გაიარო, ისეთი სუნი შეგაწუხებს, რომ ვეღარ გაჩერდები. არადა, შიგნით მყოფები ამ სუნს ისე მივეჩვიეთ, ვეღარც ვგრძნობდით... კარანტინში დიდხანს მამყოფეს და მერე სხვა საკანში გადამიყვანეს. იქ ორნი ვიყავით, მაგრამ იქ მოხვედრილი, ისევ კარანტინში დაბრუნებას ვნატრობდი.
- რატომ?
- კარანტინში საშინელი სიცხე იყო, ოხშივარი აგვდიოდა, ოფლად ვიღვრებოდით. იმ საკანში კი მეორე უკიდურესობა დამხვდა, ისეთი სიცივე იყო, ცუდად გავხდი. წარმოიდგინეთ, ნესტიანი სარდაფი, საშინელი სიცივე, არც სკამი, არც საწოლი. რომ გადავყავდით, გამოცდილმა პატიმრებმა მითხრეს, საკანში არ გაჩერდე, სულ იმოძრავე, თუ ჩაგეძინა, გაიყინებიო. ვმოძრაობდი, მაგრამ ასე რამდენი დღე უნდა გაძლო ადამიანმა. ცოტა ხნით ფეხსაცმელს ვიხდიდი და იმაზე ვჯდებოდი, მაგრამ მერე ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. 5 დღე ასე მაწამეს. ტუალეტის ქაღალდს რომ არ მოგცემენ, რაღაზეა ლაპარაკი. ყველაფერს ხომ ვერ იტყვი თავმოყვარე კაცი? იმის გადმოცემა შეუძლებელია, რაც გადავიტანეთ. ციხეში რომ ამიყვანეს, იქაურობა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მეგონა.
ამდენი ხნის ნაწამებს, დაუბანელს საშინელი სუნი ამდიოდა. ციხეში ბანაობა მხოლოდ კვირაში ერთხელ იყო. ძალაგამოლეული ვიყავი. ბიჭები მიწმენდდნენ სხეულს სველი ტილოთი, ძლივს მომასულიერეს. კარანტინში 19 დღე ისე ვიყავი, არაფერი მიჭამია. ციხეშიც რამდენიმე დღე საჭმელს ვერ გავეკარე... მეუბნებოდნენ, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა გელისო და მიზეზიც კი არ ვიცოდი, ესეც მანერვიულებდა, მაგიჟებდა. ადვოკატი ყველა შეხვედრაზე მეუბნებოდა, წილი უნდა დათმო, გამოსავალი ეს არისო. ბოლოს მითხრა, ხომ იცი, ესენი რისი გამკეთებლები არიან, თუ არ დათმობ, იცოდე, 18 წლის ბიჭი გყავს და იმასაც გვერდზე მოგისვამენო.
ერთხელ მითხრა, დავით საყვარელიძეს შენი მანქანა მოეწონა და შენი ჰამერის "პიკაპი" უნდა აჩუქოო. თბილისში ისეთი მანქანა მარტო მე მყავდა. 80.000 დოლარი გადავიხადე და საყვარელიძისთვის რატომ უნდა მეჩუქებინა? ბოლოს ის მანქანა ხურდაში წამართვეს. 9 წელი წეწავდნენ ადამიანებს. თქვენ არ იცით, კიდევ რამდენი აქვთ წაღებული ჩვენგან.
- რამდენი გადაუხადეთ?
- დაჭერამდეც ბევრჯერ შეგვაწერეს ფული. რომ ხედავდნენ, ბიზნესი გქონდა, ფულს გთხოვდნენ. "ევროპაშიც" მაქვს 15%-იანი წილი, ჩემი დაჭერიდან ერთ წელიწადში "ევროპას" 10 მილიონი დაარიცხეს. ვითომ ჩვენი ახლობელი მინისტრები ჩაერივნენ... გვითხრეს, პატივი გეცით, 9 მილიონი დაგიკელით და ერთი მილიონი მოგვეცითო და გადავიხადეთ. ძირითადად, წილების თემას ადეიშვილი აკონტროლებდა. ჯერ კიდევ 2005 წელს "თეგეტაში" კეზერაშვილის ფინანსური შემოვიდა და მაშინ 8 მილიონი აგვახიეს, გასაჩივრება დავაპირეთ და პრეზიდენტს მივწერეთ. არადა, თავიდან იმით დაიწყეს, მილიონი მოგვეცითო, ამაზე უარი ვთქვით და საბოლოოდ 8 მილიონი წაიღეს. თან იმას გვასწავლიდნენ, რომელი ბანკიდან აგვეღო კრედიტი. კრედიტის თანხა უკვე 25 მილიონ დოლარამდეა ასული. მოკლედ, აზრი არ ჰქონდა მათთან ჭიდილს. მერე დაიძმაკაცეს ჩემი პარტნიორი კოხოძე, დეპუტატი გახადეს და "ბულკივით" ეჭირათ ხელში, როცა უნდოდათ, ჩაკბეჩდნენ.
- როგორც მახსოვს, მაშინ ბრალი აღიარეთ...
- ციხეში ისეთი ვითარება იყო, პროკურორ მგელაძეს პირდაპირ ვუთხარი, დაწერეთ, რაც გინდათ და ხელს მოგიწერთ-მეთქი. ადვოკატსაც მივახალე, შენ მაგათი კაცი ხარ-მეთქი. პირდაპირ მითხრა, მე ჩემს საქმეს უკვე მოვრჩი და ახლა სხვა ადვოკატი აიყვანეო. რომ არ მეღიარებინა, ამ დრომდე წამებაში უნდა ვყოფილიყავი. ოღონდ იქიდან გამოვსულიყავი და თანახმა ვიყავი, მეღიარებინა ყველაფერი. შეთხზეს ბრალიც და საპროცესო გარიგებით დაკავებიდან 3 თვეში გამოვედი. 250.000 ლარი გადამახდევინეს, ამის მერე მანქანის დაბრუნება მოვითხოვე. მეუბნებოდნენ, მანქანა ხომ გვაჩუქეო? მანქანა რომ დაებრუნებინათ, დამატებით 50.000 გადამახდევინეს. ჩეკები ახლაც მაქვს. ერთი თვე ვიარე იმ მანქანით და მერე 60.000 დოლარად გავყიდე.
საბოლოოდ, სასამართლომ პირობითი 5 წელი და მეექვსე გამოსაცდელი ვადა მომისაჯა. მთელი სიცოცხლე წელში გამართული დავდიოდი და ახლა შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც თავს გადამხდა.
- ფიზიკური ზემოქმედება თქვენზე ხდებოდა?
- ფიზიკური არ მომხდარა, მაგრამ მესმოდა, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ პატიმრებს. საშინელი ბღავილის ხმა გამოდიოდა. რამდენჯერმე ცელოფანში გახვეული ცხედარი რომ მიჰქონდათ, ისიც დამინახავს. ჩემი საკნის ბიჭები ამბობდნენ, ნეტავ არ გაგიშვან, რაც შენ გადმოგიყვანეს ციხეში, ჩვენს საკანში არ შემოდიან და არ გვცემენ, მანამდე კი საშინელ დღეში ვიყავითო. ჩემზე ცრუინფორმაციას ავრცელებდნენ ციხეში. ცხადაძემ ვიღაცას ყბა მოუნგრია, ვიღაცას ხელი მოსტეხა, ვიღაცას სცემაო.
- რეაბილიტაციას და წართმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვთ?
- მოვითხოვ. ჩემი ნაყიდი მიწა დღეს ვიღაც ინდოელის სახელზეა გაფორმებული. ის ინდოელი საქართველოს მოქალაქეა. ეს რომ ვნახე, გულზე გავსკდი. მიმტკიცებდნენ, გამწვანების ზოლი იყო, არ უნდა გასხვისებულიყო, თავის დროზე არასწორად გააფორმესო. ახლა ინდოელს ეკუთვნის, მის უკან ის ხალხი დგას, ვინც ქვეყანაში წილების წართმევაზე მუშაობდა.
- "თეგეტა"-ში 21%-იან წილს რა ბედი ეწია?
- ბოლომდე ვიბრძოლე, ეს წილი ახლაც მე მაქვს.
თეა ხურცილავა