"ავტობუსის ძაღლები" თუ კანონდამცველები?
ამას წინათ ინტერნეტსივრცეში ერთ საინტერესო ცნობას წავაწყდი. ის იუწყებოდა, პენსიონერმა კონტროლიორი ფეხქვეშ ამოიდო და სცემაო!
დაგვეთანხმებით, ამ ამბის მთელი კურიოზულობა მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ ხანდაზმულმა პენსიონერმა ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე კონტროლიორი გალახა, საქმე სულ სხვა რამ არის, - ჩვენში ნამდვილად სცემენ კონტროლიორებს, - ანუ მათ, ვისაც მგზავრობის საფასურის გადახდაზე კონტროლის უფლება კანონით აქვს მინიჭებული. ესე იგი რა გამოდის, ჩვენ კანონს ვცემთ?
საკვირველი კი ის არის, რომ ეს ამბავი სულაც არ იწვევს, საზოგადოების და მათ შორის, ყვითელი ავტობუსის მგზავრების პროტესტს (რომელიც ფაქტობრივად, მთელი დედაქალაქია). სწორედ ამის გამო ბუნებრივად ჩნდება კითხვები: მართლა ისეთი ველურები ვართ ქართველები, რომ სხვა ქვეყნებისთვის ნორმად ქცეულ წესებთან შეგუება არ შეგვიძლია თუ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული მასობრივი სიღატაკეა? ან იქნებ კონტროლი ანუ კონტროლიორობა ქართული მოვლენა არ არის და ამიტომაც ვცდილობთ თავიდან კონტროლიორების მოშორებას?

ვიდრე ამ კითხვებზე პასუხს გავცემდეთ, მოდი, ზოგიერთი "ეპიზოდი" გავიხსენოთ, ყვითელი ავტობუსებიდან. მაგალითად ჯიბეებში ხელის ჩაყოფაზე დახელოვნებული სალარო აპარატები, რომელთაც თურმე თქვენს მონა-მორჩილსაც არაერთხელ "გამოავლეს პირში ჩალა" და ეს მხოლოდ ბოლო ხანს დაფიქსირა, ანუ მაშინ, როცა მორიგი ასეთი შემთხვევისას დაჭმუჭნილი ბილეთი არ გავასწორე და არ დავხედე. იმის ნაცვლად რომ ამ ჯერზე უფასოდ მემგზავრა( მოგეხსენებათ, რომ მეტროთი და ავტობუსით პირველი მგზავრობისას 50 თეთრის გადახდის შემდეგ მომდევნო საათ-ნახევრის განმავლობაში მგზავრობა უფასოა), სალაროს ჩემთვის 50 თეთრი მოუპარავს! თან, რა ოსტატობით! ბილეთზე კი დაუფიქსირებია, რომ 0 თეთრი გავხარჯე, სინამდვილეში კი 50 თეთრი ჩამოუჭრია!
- რა იყო, ქალბატონო, პირველად გაიგეთ ამ ქურდობის ამბავი? ამდენ ხანსაც დაგეხედათ ბილეთზე და მიხვდებოდით, როგორ გვცინცლავენ ფულს ეს უსინდისოები, პირადად რამდენი ხანია მაგ დღეში ვარ, ავიღებ ბილეთს მგონია, უფასოდ ვიღებ და ამასობაში თურმე ესენი 50 თეთრს მაგლეჯენ! ასე უპასუხა ჩემს გაკვირვებას ერთმა ქალბატონმა და თითი კონტროლიორს მიაშვირა.
ამ უკანასკნელმაც არ დაახნა და აყვირდა, - მე რა შუაში ვარ, ალბათ მერიამ მგზავრობის ფასი შეცვალაო და თან მიაყოლა, - აბა, რა გეგონათ უფასოდ კატაობა რომ გინდათ, ეგრე კი არ არის საქმეო! აი, ეს კი არ უნდა ექნა, - ყვირილი მაშინ გენახათ, ჯერ ხომ მთელი ავტობუსის რისხვა დაატყდა თავზე, მერე ერთმა კუნთებზე მომზირალმა ყმაწვილმა კუნთების ცქერას თავი ანება და ქურთუკის გახდა დაიწყო, რაღა თქმა ინდა, კონტროლიორის საცემად! ეს უკანასკნელიც მობილურს ეცა, - საპატრულო სამსახურში დასარეკად. მაგრამ ვინ დაარეკვინებდა, - წინ რამდენიმე ქალი გადაუდგა და ხმაშეწყობილად აკივლდა!
იმ დღეს ავტობუსში ისეთი ემოციური ტირადები გაისმა, ბროდვეისა და დრური ლეინის თეატრებშიც რომ შეშურდებოდათ. აი ზოგიერთი მათგანი:
"ხალხის დაჩმორება გინდათ?! ჩემ ფეხებს დაგვაჩმორებთ!"
" რაც თბილისში უსაქმური დადიოდა, ყველამ კონტროლიორად დაიწყო მუშაობა, ნაძირალებს ეხმარებით ხალხის გაფცქვნაში; რა ამბავია 50 თეთრი ბილეთის ფასი, 50 თეთრით ერთ პურს იყიდის კაცი, მარა თქვენ ეგ რაში გაინტერესებთ!"
"გადაუბით ამ ავტობუსების პატრონებს კუდი კუდზე და გვახრჩობთ! ვის დაუდექით მსახურებად, რას გვითამაშებთ მაგ ბეჭებს, თუ იმდენი ძალა გაქვთ, ხალხს რომ ეჭიმებით, წაეთრიეთ სოფელებში და მიწა დაამუშავეთ, ეგ არ ჯობია ხალხის ამ სამარცხვინო გაფხეკას?! "
და ა.შ. თუმცა, კონტროლიორისდა სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ ნირი სრულებითაც არ შეცვლია, - მეორე დღესაც ისევ ისევე ყოჩაღად ამოვიდა იმავე ავტობუსში, სადაც წინა დღეს ბრძოლის ველი მიატოვა.
მე კი მთელი ამ მასკარადით საკმაოდ შეძრულმა ნაცნობ ფსიქოლოგებს მივაშურე და პირველად რატომღაც ის ვკითხე, ხალხს კონტროლიორები იმის გამო ხომ არ აღიზიანებენ, რომ კონტროლი და კონტროლიორობა ქართული მოვლენა არ არის-მეთქი მათ კი ასეთი პასუხი გამცეს:
- რა შუაშია ქართული მოვლენა? ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში მერიამ უფრო დიდი გადასახადი დააწესა( ჩვენდა საუბედუროდ!) მგზავრობისთვის, მაგრამ ხალხი მათ მძღოლებს ახრჩობსო? მერე კი განმარტეს: ცხოვრებაში ყველაფერი შეფარდებითია, - ხალხი ხედავს რომ იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა არაფერი არ შეესაბამება იმ სამართლებრივ სტანდარტებს, რომლის მოთხოვნილება თითოეულს გვაქვს. როცა ასეთ სიტუაციაში ეს ერთადერთი, კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ეს აღიქმება ზეწოლად, ძალდობად და ზემოქმედებად. ანუ, - პოზად, რომ ვითომ ჩვენ აწყობილ და სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხალხის გაღიზიანებას კი სწორედ ეს ფაქტორი იწვევს და ასე დარჩება (ზოგადად, თუ დარჩა!) მანმადე, ვიდრე ჩვენი სამართლებრივი სივრცე მოწესრიგდებაო.
წესით ზემოთქმული, ყვითელი ავტობუსების მესაკუთრეთა საყურადღებო უნდა იყოს, - მშობლიური ერის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ბევრად მეტს მოიგებთ, ბატონებო!
რაც შეეხება საკუთრივ, ქურდი სალაროებისაგან გაძარცვულ ჩვენს მოქალაქეებს, მათ მოგებაზე ვერაფერს ვიტყვით, - როგორც შევიტყვეთ, თუ მსგავს შემთხვევაში შეძენილი ბილეთები ნაკუწებად არ გიქცევიათ და სანაგვეში არ გადაგიძახებიათ, თურმე შეგიძლება, თბილისის სატრანსპორტო სამსახურში მიბრძანდეთ და თანხას იქ აგინაზღაურებენ. ოღონდ თუ ამ მოგზაურობაში ათმაგად მეტს დახარჯავთ, ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ!
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის).