რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი?
ამონარიდი ჟურნალ "გზადან":
"გამარჯობა, ლიკა. მე 29 წლის ხათუნა ქოქაშვილი ვარ. სიარული მიჭირს, ხელები არ მემორჩილება და არც გამართულად მეტყველება შემიძლია. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა ძარცვაში დამდეს ბრალი, ხოლო მოსამართლემ პროკურორს მხარი დაუჭირა და გამამტყუნა..."
ბარში, სადაც მას შევხვდი, მშვენიერი გარეგნობის გოგონა დამხვდა. ის სკამზე იჯდა და თავიდან მთელი მისი უბედურება ვერც გავაცნობიერე. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ხათუნამ ხმა ამოიღო. მისი სიტყვები ვერ გავარჩიე. იძულებული გახდა, ნიკაპი ხელით დაეჭირა და სიტყვებისთვის ასე მოეყარა თავი. მაინც ძლივს ვარჩევდი, რის თქმას ცდილობდა...
"ბინა რომ გავყიდეთ, მას მერე ნაქირავებში ვცხოვრობთ. ჩემს ოჯახს თავის რჩენა ძალიან უჭირდა და იმისთვის, რომ მათ დავხმარებოდი, გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი და მოწყალება მეთხოვა. მართალია, დედას არ უნდოდა, ეს დაინვალიდებული გოგო ფულის საშოვნელად გავეშვი, მაგრამ ჩემი გავიტანე. მათ ისედაც მძიმე ტვირთად დავაწექი...
ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის საშოვნელად იყო სახლიდან გასული, პოლიციამ ხელი სტაცა და განყოფილებაში წაიყვანა. ამბობს: - ბრალად ორი ადამიანის გაძარცვა წამიყენეს. სამართალდამცველებს ვემუდარებოდი, ჩემთვის თავი დაენებებინათ, ისინი კი მემუქრებდნენ, თუ შენს ბრალეულობას არ აღიარებ, ვიტყვით, რომ გიჟი ხარ და ხონში, საგიჟეთში გამოგამწყვდევთო... საბოლოოდ, 2 წლით ციხეში მიკრეს თავი. იქ მედიკამენტებს არ მაწვდიდნენ, ჩემ მიმართ გულცივები იყვნენ, რაც მეტად მაგიჟებდა. ყველაფერში პატიმრები მეხმარებოდნენ, თორემ დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემიძლია. ხომ ხედავ, თითებიც არ მემორჩილება... ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ გადაადგილებისას თავი ვერ შემიკავებია, წონასწორობა ვერ დამიცავს და ბეტონზე წავქცეულვარ. აი, ამის შედეგი..."
ხათუნამ მთხოვა, მისი შარვლის ტოტი ამეწია და გაშავებული მუხლი მიჩვენა, რომელშიც წყალი აქვს ჩამდგარი.
ელგუჯა ჩხაიძე (მედიაკავშირ "ობიექტივი"-ს ადვოკატი):
- თანამოსაკნეები ამბობდნენ, რომ მას დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეეძლო. უჭმელობისგან, მოუვლელობისგან, უწამლობისგან მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. საცოდავი კედელ-კედელ დადიოდა, ხელებს და ენას ვერ იმორჩილებდა, გამუდმებით ტიროდა. ყველაფერთან ერთად, ამ ადამიანს ფსიქიკური აშლილობაც აქვს. საერთოდ, პიროვნება, რომელსაც უკურნებელი სენი აქვს ან პირველი ჯგუფის ინვალიდია, გათავისუფლებას ექვემდებარება, მაგრამ ეს ხათუნას არ შეეხო. თქვენ წარმოიდგინეთ, ის სამედიცინო ექსპერტიზაზეც კი არ წაუყვანიათ...
- როგორც ვიცი, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებთ...
- ასეა! არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს პროკურორი ხუციშვილი და მოსამართლე ლელა შკუბულიანი, რომლებმაც პირველი ჯგუფის ინვალიდი ასე გაწირეს. ცნობისთვის, მას ფსიქოლოგიური ზეწოლითა და მუქარით აღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. არჩადენილი დანაშაული რომ არ ეღიარებინა, მინიმუმ, 10 წელს მაინც მიუსჯიდნენ... ის გაასამართლეს როგორც გამოუსწორებელი რეციდივისტი, რომელმაც ერთხელ კი არა, ორჯერ ჩაიდინა დანაშაული.
P.S. თუ ხათუნას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.09.10.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში