ხათუნა კალმახელიძე - ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა - კვირის პალიტრა

ხათუნა კალმახელიძე - ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ნება მიბოძეთ, გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე . უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია.

მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია – მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა. იმდენად დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგშიც ჩავედი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პერსპექტივასაც მივესალმე. ჩემთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ციხეების პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასი იყო, ამიტომ ინფრასტრუქტურას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ჩემთვის იყო შემაძრწუნებელი.

მე უზომოდ ვწუხვარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიმსუბუქდება. ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები.

ეს არის ჩემთვის უდიდესი სინანულის და განსაცდელის პერიოდი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ, რა ემოცია იყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი. იმავე დღეს ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე თანამდებობაზე დარჩენის არავითარი მორალური უფლება არ მქონდა. იმ ღამესვე ვთხოვე პრეზიდენტს გადადგომის უფლება, რაც საზოგადოებისათვის მომდევნო დღეს გახდა ცნობილი. ის იყო შეძრწუნებული და განიცდიდა ამ ყველაფერს.

იმ ღამეს გვიან, გონივრულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად ვიყავი სრულიად დაცლილი. მაგრამ ფირზე ასახული პატიმრების განსაცდელი იყო უმძიმესი, ისეთი, რომელსაც ჩემი განსაცდელი ვერ შეედრება და მე ვთვლი, რომ არავითარი უფლება არ გამაჩნია საერთოდ ჩემი მდგომარეობის შესახებ საუბრის, ამიტომ გთხოვთ, სწორედ გამიგოთ, რადგან არავითარ კონკრეტულ რეაქციას არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ რამდენიმე რამ, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. მე და ჩემი თანაგუნდელები ცენტრალურ აპარატში დაუღალავად ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, წინ კიდევ უამრავი იყო გასაკეთებელი, ჩემი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. მე ამ ტრაგიკულმა ფაქტმა შემძრა და ყველა ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეს, ყველა სიახლეს, რასაც სულით და გულით ვაკეთებდი, ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან წინსვლას დიდი ხაზი გადაუსვა. ყველაფერი გახდა სრულიად უმნიშვნელო.

იხილეთ სრულად: "ინტერპრესნიუსი"