მეჩეთი ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ – დიპლომატიური გამარჯვება? - კვირის პალიტრა

მეჩეთი ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ – დიპლომატიური გამარჯვება?

"ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია!" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე ინფორმაციით, ანკარაში ვიზიტისას აღინიშნა, რომ "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით ნაცვალგების პრინციპის გამოყენება დაუშვებელია, რადგან კულტურის ძეგლებს მოვლა სჭირდება, ვისიც არ უნდა იყოს ის"...… ამ სიტყვებში უცნაური, დიპლომატის მხრიდან, თითქოს არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის არჩევნებისწინა რიტორიკასა და სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟს...

"მიღწეულია შეთანხმება, რომ ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები, ხოლო ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც აშენდება სამლოცველო მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში, ეს კეთდება ქართველი მუსულმანებისთვის, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მრწამსის შესაბამისად ლოცვის საშუალება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ. მისივე ინფორმაციით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა, არსებობს გარკვეული მონახაზები და ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უცნობია ის არქიტექტურული ჩანაფიქრიც, რომლითაც ბათუმში მეჩეთი აშენდება.

"აზიზიეს მეჩეთის აღდგენისგან ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ახალი მეჩეთი აშენდება", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. მისი ინფორმაციით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ სად აშენდება ახალი მეჩეთი და აღნიშნა, რომ პრინციპული შეთანხმება მოხდა. ერთიც: საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მეჩეთის აშენების ხარჯებს ქართული მხარე კისრულობს. ამ შემთხვევაში ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა- კისრულობს თუ არა თურქული მხარე ოშკისა და იშხნის სარესტავრაციო ხარჯები გასწიოს? იმედია ეს ფაქტორიც ნაცვალგების პრინციპს არ შეეწირება და საკუთარი უანგარობის დასამტკიცებლად, სარესტავრაციო სამუშაოებსაც მხოლოდ ქართული მხარე არ იკისრებს.

ამის გარდა მეჩეთთან დაკავშირებით საზოგადოებას სხვა კითხვებიც უჩნდება, კერძოდ: არის თუ არა ეს ერთ წრეზე ბრუნვა? დასჯერდება თუ არა თურქული მხარე ბათუმში ერთი მეჩეთის გახსნას? მოჰყვება თუ არა ამას საპასუხოდ თურქეთში ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვა და ქათული კულტურული ძეგლების გადარჩენა? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჩვენი რესპონდენტისგან შევეცადეთ, რომელიც, როგორც ამბობენ, თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების ინიციატივისა...…

მურმან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი:

- ბატონო მურმან, არის თუ არა განსაზღვრული, თუ სად უნდა აშენდეს მეჩეთი?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღის მომსწრე გავხდი. რაც შეეხება ადგილს, თუ ბათუმის მოსახლეობა მოითხოვს, რომ მეჩეთი ბათუმში აშენდეს, ეს ასეც მოხდება, თუ ხელვაჩაურის მოსახლეობა მოითხოვს, მათ ტერიტორიაზე მეჩეთის აშენებას, ადგილობრივი საკრებულო შეისწავლის საკითხს და იქ აშენდება.

- არჩევნებამდე თქვენ აცხადებდით, რომ აზიზიეს მეჩეთის აშენება იქნებოდა ეროვნული ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატი...… ახლა რა გახდა თქვენი პოზიციის შეცვლის საფუძველი?

- ის, რომ საზოგადოებას ასეთი ინფორმაცია აქვს, არის თქვენი, ზოგადად ჟურნალისტების დამსახურება, რადგან არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებდით ინფორმაციას, თითქოს მე და ჩემი თანამოაზრეები ამის წინააღმდეგი ვიყავით. ახლა უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა და კომენტარი მთხოვა, იმედია, აწი მაინც სწორად მოხდება საზოგადოების სწორად ინფორმირება: - მეჩეთის მშენებლობის საკითხი ბათუმში საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. ამის შესახებ საქართველოსა და აჭარის რეგიონულ მთავრობას მუსულმანთა გარკვეულმა ნაწილმა წერილობით მიმართა. ეს მიმართვა დაფიქსირებულია და აჭარის რეგიონული მთავრობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო მეჩეთის წინააღმდეგი არ არის. ამას აქვს თავისი არგუმენტი, - თუ მრევლი გაიზარდა და მეჩეთის მშენებლობა სურთ, ის უნდა შენდეს.

- მრევლი ასე საგრძნობლად არჩევნების შემდეგ გაიზარდა?..

- არ არის ასე და არ გინდათ ამ თემით აპელირება, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ სრული უფლება აქვთ სალოცავი ჰქონდეთ. არასწორია, როდესაც თქვენი კოლეგები ამბობენ, თითქოს მე მეჩეთის აშენების წინააღმდეგი ვარ. როგორ ვიქნები მისი აშენების წინააღმდეგი, როდესაც 90-იან წლების დასაწყისში ფინანსური მონაწილეობაც კი მაქვს მიღებული იმ მეჩეთის რესტავრაციაში, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბათუმში და დღემდე მოქმედია. ეს ჩანაწერითაც არის დაფიქსირებული. რას მიზამთ ახლა ამ აღიარების გამო, ჩამქოლავთ?!.

- უჩვეულო მეტამორფოზაა, ბატონო მურმან...

- კიდევ გეუბნებით, რომ მე მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არ ვარ და არც ვყოფილვარ, მეტსაც გეტყვით, ბათუმთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობა. თუ ქართველი მუსულმანი საზოგადოება მოისურვებს, ის მეჩეთიც აშენდება. ერდოღანის მხრიდან არასდროს დამდგარა მოთხოვნა, რომ ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, ოსმალი დამპყრობლის, აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენებულიყო, ამას სააკაშვილი აცხადებდა ასე, რათა ქრისტიანულ და მუსლიმურ მრევლს შორის დაპირისპირება მოეხდინა... ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგი, ან ნაცვალგება. ეს არის ზრუნვა კულტურაზე. ოშკი და იშხანი მხოლოდ საქართველოს, ან თურქეთის საკუთრება არ არის, ეს მთელი მსოფლიოს საკუთრებაა და როგორ შეიძლება მის გადარჩენაზე არ ვიზრუნოთ. ამით ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ, რომ ჩვენს კონსტიტუციურ მოვალეობას ვასრულებთ.

- ამ ძეგლების გადარჩენა დღის წესრიგში ახლა არ დამდგარა, ეს თემა წლების განმავლობაში მტკივნეული იყო...

- დიახ, მაგრამ ის, რაც გადაწყდა, არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. დღევანდელმა მთავრობამ, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარკვევით განაცხადა, რომ არავითარი ნაცვალგება არ იგეგმება. ნაცვალგება ნიშნავს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს და სანაცვლოდ აქეთაც კეთდება რაღაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტაძრების რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. საბოლოოდ გადაწყდა, რომ თურქეთი პოლიტიკური შეთანხმების შესახებ საფუძველზე არ ავალდებულებს საქართველოს ოშკისა და იშხნის გადარჩენის სანაცვლოდ აზიზიეს მეჩეთის აშენებას.ი არ გაგვირიგდნენ, ერდოღანმა სთხოვა საქართველოს მთავრობას, რომ მათი გადარჩენა ქართველი სპეციალისტების მიერ მოხდეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესტავრაცია საქარტველოს მთავრობის მიერ დაფინანსდება...

- არა, რესტავრაციას თურქეთი უკეთებს თავისი ფინანსებით და საქართველოს მთავრობას ქართველი სპეციალისტებს აღდგენის პროცესში მონაწილეობა სთხოვა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)