ვადაგასულების პროვოკაცია, ანუ ბილწი მაინც ტოკავს
ის რაც მოხდა პარასკევს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სადღეისოდ მათი პროვოკაციების კულმინაცია არის.
ყველაფერი კი საპარლამენტო უმრავლესობის შეცდომით დაიწყო. შეცდომა იყო ის, რომ გადაიდო სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში მაშინ, როდესაც უკვე საჯაროდ იყო გამოცხადებული გამოსვლის დღე და საათი და დიპლომატიური კორპუსიც დაპატიჟებული იყო. ასევე შეცდომა იყო პარლამენტის ბიუროს მიერ გამოცხადებული მიზეზი. საპარლამენტო უმრავლესობას გაცილებით ადრე უნდა გაეუქმებინა სადისტური სისტემის ვადაგასული პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენება და არგუმენტიც უფრო სოლიდური უნდა მოეყვანა.
ის, რომ სააკაშვილმა გამოსვლისათვის საჯარო ბიბლიოთეკა შეარჩია თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ ნაცისტებმა პროვოკაცია დაგეგმეს და შეუდგენენ მის განხორციელებას. ეს მაშინათვე შევატყობინე ყველას, ვისაც მივწვდი. ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს ყველაფერი. ,,აღსანიშნავია, რომ უმცირესობის ლიდერების გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან მათ სრულიად სხვა მიმართულებიდან ელოდებოდნენ. ქაშუეთის მხარეს პოლიციელები საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული. მათ მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქუჩა აქტივისტებისგან გაიწმინდა, გათავისუფლდა შენობის შესასვლელი და გაკეთდა კორიდორი, თუმცა უმცირესობის წევრებმა რატომღაც "ხალხთან სიახლოვის" გზა აირჩიეს და ზედა ქუჩიდან ჩამოსულები პირდაპირ გაღიზიანებული დემონსტრანტების შუაგულში აღმოჩნდნენ. რამდენიმეწუთიანი ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იმით დასრულდა, რომ გიგი უგულავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს’’, წერს ინციდენტის თვითმხილველი ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი. წლების განმავლობაში მონაწილეობას ვღებულობდი სახელმწიფო ღონისძიებების ორგანიზებაში და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სააკაშვილი არც აპირებდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას. საქმე ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადმე მისვლის შემთხვევაში სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურს კარგა ხნით ადრე დაცვის ქვეშ აჰყავს არა მარტო ის შენობა, სადაც უნდა შევიდეს პრეზიდენტი, არამედ მიმდებარე შენობები და ტერიტორია. განისაზღვრება ე.წ. დასაცავი პერიმეტრი და იცავენ ყველაფერს ამ პერიმეტრის გასწვრივ და შიგნით. სახურავებზე სნაიპერები იკავებენ პოზიციებს. პოლიცია ეხმარება სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ასრულებს მის ყველა მოთხოვნას. ასევე აქტიურად არის ჩართული ქალაქის მერიაც და ა.შ. 9 თებერვალს მსგავსი არაფერი გაკეთებულა. ამას მაშინათვე მივხვდი, როდესაც ტელევიზიით დავინახე ბიბლიოთეკის წინ შექმნილი ვითარება. მერე მაინც გადავამოწმე ჩემი არხებით და დასტურიც მივიღე.
ტელემაყურებლებმა ნახეს, როგორ იქცეოდა სამგლე გოჭივით ატეხილი სტრიპტიზიორი-მერი უგულავა. მკითხველს ვთხოვ დაფიქრდეს, თუ ეყოლება რომელიმე სახელმწიფოს დედაქალაქის მერი, რომლის სტრიპტიზკლუბში მოქალაქეების ხარჯზე დროსტარების ამსახველი ამაზრზენი ფოტოები ყველამ ნახა; ან ვადაგასული პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების ასევე ვადაგასული მთავარსარდალი, რომლის სამარცხვინო სირბილი და მუხლებზე ხოხვა მთელმა მსოფლიომ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში იხილა. აქვე შემიძლია ჩამოვთვალო ჩვენში სააშკარაოზე გამოტანილი, ფოტოდოკ
უმენტურად ასახული მრავალი ისეთი ფაქტი, რომლის შემდეგ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში თანამდებობის პირებს მაშინათვე გადადგომა მოუწევდათ და ამის შემდეგ ბოდიშის მოხდის გარდა ვერაფერს გაუბედავდნენ თავის ხალს. ჩვენთან კი სხვა ვითარებაა. ნაძირალებს თავხედობა ყოფნით, რომ შეტევაზე გადმოვიდნენ და ტყუილის და ცილისაწამების ნიაღვარი კვლავაც უხვად გადმოღვარონ. უფრო მეტიც, პროვოკაცია, აგრესიული და გამომწვევი მოქცევა მათ საკუთარ ტაქტიკად აქციეს.
ნაცისტების მიზანი მარტივია. სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, უგულავამ და სხვებმა კარგად იციან, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნაწილიც რომ დამტკიცდეს, მათ უვადო პატიმრობა არ ასცდებათ (ერთერთ ინტერვიუში მერაბიშვილი ანგარიშობდა რამდენი წლისა გამოვიდოდა ციხიდან ოცწლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ). ამიტომ ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოირგონ პოლიტიკური ნიშნით დევნილებისა და ძალადობის მსხვერპლის ნიღაბი. ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ მომავალში მათი დაპატიმრება, განურჩევლად წაყენებული უმძიმესი ბრალდებებისა, დასავლეთმა პოლიტიკური დევნის მომდევნო ეტაპად აღიქვას. ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე სააკაშვილი ასწავლიდა თანაგუნდელებს, რომ მთავარია ტელეეკრანებზე მომგებიანი ,,კარტინკის’’ შექმნა; რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიაღწევ ამას, როგორ დადგამ და გაითამაშებ შესაბამის სპექტაკლს; რომ არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად აცდენილია ,,კარტინკა’’ სიმართლეს და ა.შ. - მთავარია, რომ ხალხმა ეკრანებზე დაინახოს ის, რაც შენთვის მომგებიანია პოლიტიკურად. ვინაიდან მხოლოდ ნანახი რჩება მასების თავებში და განაპირობებს მასის განწყობას, სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა. მკითხველმა შეიძლება გაიხსენოს ცნობილი ინციდენტი სოფელ ხურჩაში, რუსი ჯარისკაცების ,,ვაჟკაცური’’ განდევნა სააკაშვილისა და უგულავას მიერ, ლეხ კაჩინსკის მიყვანა და სროლის მოწყობა და ბევრი სხვა ,,კარტინკა’’. ზოგ შემთხვევაში დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა შეძლეს დოკუმენტურად იმის დამტკიცება, რომ გადაღებული ეპიზოდები დადგმული სპექტაკლი იყო. მაგრამ, ეს ვეღარ ცვლიდა ნაცისტების მიერ მიღწეულ შედეგს. გავიდა დრო და გარდაუვალი ბედის ირონიით, სწორედ ტელეეკრანებზე ნაჩვენებმა წამების სცენებმა ბოლო მოუღო სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს. საგულისხმოა, რომ ვითარების გადასარჩენად ნაცისტები აქაც შეეცადნენ ,,პროაქტიურად’’ ემოქმედათ და საკუთარი ყალბი ვერსიებით და ,,კარტინკებით’’ გადაერჩინათ სადისტური სისტემა, მაგრამ გაბზარულმა კოკამ წყალი აღარ მოუტანა სადისტებს.
,,მთელმა სქართველომ ცხადში იხილა შემზარავი სიბილწე და ამოიცნო ბილწი. იმ საღამოს თავიდან ბოლომდე გაშუქდა ბილწის შემზარავი ბოროტმოქმედება.
ერთმა სასულიერო პირმა სავსებით მართებულად თქვა ამ დღეებში: „ეს ცოდვა არ არის. ეს სატანიზმიაო". დიახ, გამჟღავნდა ბილწის ნამდვილი სახე!
გაშუქდა როგორ მოქმედებს ეს ჯოჯოხეთის მანქანა: ვნახეთ, როგორ ასრულებენ ბილწის მიერ წარწყმედილი ჯოჯოხეთის მუშაკნი – ჯალათები თავიანთ რუტინულ, ყოველდღიურ ბოროტ საქმეს.
ვიხილეთ, როგორ იღებს და გადაამუშავებს თავის ნედლეულს – დატყვევებულ ადამიანებს ეს ჯოჯოხეთის მანქანა. გამოაშკარავდა წარმოების სრული ციკლიც – ნედლეულის მიღებიდან პროდუქტის გამოშვებამდე. წარმოების ციკლის ტექნოლოგიაა წვალება, წამება, სულ უფრო მზარდი ტანჯვა, ხოლო მიზანი – ბილწისთვის შესაწირად ცოცხალი ადამიანისათვის სულის ამოცლა ყოფილა...
ჩვენ ვნახეთ ჯოჯოხეთის წარმოება ციხის ჯურღმულებში. მაგრამ ციხე მხოლოდ ერთ–ერთი „ცეხია“, მხოლოდ საამქროა და არა მთლიანად საწარმო. ამ ერთი საწარმოს ხილვაც საკმარისია ბილწის და მისი არსის შესაცნობად...
ახლა ყველასათვის ნათელია – რასაც „სახელმწიფოდ“ ასაღებდნენ, სინამდვილეში ბილწის მიერ მომართული ჯოჯოხეთის მანქანა ყოფილა.
ყველამ დავინახეთ, რომ ეს არ არის, არ შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფო.
ეს არის ბილწის და მისი მურდალი ავაზაკთა ხროვის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანები სიბილწის ტყვეები და მსხვერპლნი – ჯოჯოხეთის მანქანისათვის განკუთვნილი ნედლეული, არიან.
მიტაცება, ძარცვა, დევნა, ტანჯვა, გარყვნა, ყალბისქმნა – აი, ჯოჯოხეთის მანქანის წარმოება. ბოროტის თესვა, სიბილწესთან ზიარება და ბილწის ბატონობა – აი, ამ ჯოჯოხეთის მანქანის მიზანი! ადამიანების სულები – აი, ბილწის საზრდო!...
სიბილწე გამოაშკარავებულია. ბილწსა და ჯოჯოხეთის მსახურთაც ქართველი ერი მალე განაჩენს გამოუტანს!
ეს ბილწმაც იცის და ძრწის! გადარჩენას ლამობს. გუშინ ე.წ. იუსტიციის სახლის გახსნისას ისევ სიბილწესთან ზიარება, ისევ ბნელით ცდუნება დააპირა. აღარ გაუვა! სიბილწისაგან საქართველოს განწმენდა დაწყებულია!...
ბილწის სიტყვები, მისი ჯადო მარტო ბოლომდე წარწყმედილ ამალაზე – მურდალ ავაზაკთა ხროვაზე და უგუნურ მომხრეებზეღა სჭრის. მისი ყველა მომხრე კი ზიარებულია სიბილწეს და არა სურს განწმენდა!...
ბილწი სასიკვდილოდაა დაჭრილი. მაგრამ კიდევ ტოკავს! ისევ შეეცდება კუდი მოიქნიოს, ჯოჯოხეთის დაზიანებული მანქანა კვლავაც მომართოს, რაიმე ბინძური პროვოკაცია მოაწყოს!
მეტი სინათლე! მეტი სინათლე საარჩევნოდ, რომ ვერ გაყალბდეს, და გაქრება ბილწიც, განქარდება მისი ჯოჯოხეთის მანქანაც!’’
აი რას წერდა შარშან 24 სექტემბერს დავით ზარდიაშვილი და მკითხველს შეუძლია თვითონ შეაფასოს როგორ ტოკავს ბილწი მას შემდეგ.
"... ეს (ციხეში წამების კადრები, პ.მ.) აპოკალიფსური კრიზისია, რაც გულის სიღრმემდე შეძრავს ყოველ ადამიანს. ეს შეიძლება გადაჭარბებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. რაც ხალხმა ტელევიზიით ნახა, ავლენს არა ცალკეულ ფაქტს, არამედ სასტიკ რეჟიმს, რომელიც ატარებს ძალადობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურად ბიუროკრატიულ პროგრამას, რომლის მიზანია გააკონტროლოს ხალხი, აჩვენოს მათ, რომ მათ არ გააჩნიათ უფლებები, ეფექტური ძალაუფლება და, რომ ისინი მთავრობის განკარგულებაში არიან. პრეზიდენტ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი თავგანწირვით ცდილობს, მოასწროს ამ მასალის მოშორება ტელეეკრანებიდან არჩევნებამდე, რათა ხალხი ისევ იმ ატმოსფეროში დაბრუნდეს, რაც მანამდე იყო გამეფებული: ივანიშვილის, რუსეთისა და გაურკვევლობის შიშის ატმოსფეროში".
"მე საქართველოში 80-იანი წლებიდან ჩამოვდივარ ხოლმე და ქვეყანაში არსებული ახლანდელი შიშის კლიმატი უფრო მძიმეა, ვიდრე ეს 80-იანების პოლიტბიუროს დროს იყო. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ვცხოვრობ ახლოს აეროპორტთან და მაინც გულწრფელად უნდა აღვნიშნო, რომ მეშინია იმ შედეგებისა, რაც ჩემი სიტყვების გამოქვეყნებას შეიძლება მოყვეს. მე დიდი ხანია, ვაკვირდები ქართულ პოლიტიკას და უნდა აღვნიშნო, რომ ამჟამად ხელისუფლება არჩევნებში გასამარჯვებლად თავის მთავარ იარაღად შიშს იყენებს". აი რას წერდა იმავე დღეს, 24 სექტემბერს, ,,ატლანტიკ მონსლი’’-ში ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ ფეირბენკსი დავით ზარდიაშვილისაგან სრულიად დამოუკიდებლად. გთხოვთ შეადაროთ ობიექტური მეცნიერის ეს შეფასება სააკაშვილთან დაახლოებული ზოგიერთი დასავლეთელი მოღვაწის ახლანდელ ,,აღშფოთებას და შეშფოთებას’’.
9 თებერვალს ,,კალიგულას სასახლეში’’ (ასე უწოდებენ უცხოელები პრეზიდენტის რეზიდენციას) წარმოთქმულ სიტყვაში და ჟურნალისტებისათვის გაცემულ პასუხებში სააკაშვილი კვლავ ეცადა „სახელმწიფოდ“ გაესაღებინა ის, რაც სინამდვილეში ბილწის მიერ მომართული ჯოჯოხეთის მანქანა იყო. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გასულ ცხრა წელიწადში თავის გუნდთან ერთად შეძლო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აშენება; რომ ეს უდიდესი მიღწევაა და რომ პოსტსაბჭოურ სივრეში ბალტიისპირეთის გარდა ეს ვერავინ შეძლო. ,,ნუთუ ოქტომბერში ხალხმა ამის დანგრევას მისცა ხმა?’’, რიტორიკულად კითხულობდა ვადაგასული პრეზიდენტი. არადა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მიერ აშენებულ ავტორიტარულ კლეპტოკრატიას, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმს ცხადია არაფერი ჰქონდა საერთო თანამედროვე სახელმწიფოსთან. ამ რეჟიმის ფუნდამენტს ტყუილი, სიძულვილი და ძალადობა წარმოადგენდა; ციხეებში დამკვიდრებული სადისტური სისტემა მოსახლეობის დამორჩილებას უზრუნველყოფდა: ყველამ იცოდა, რომ დამოურჩილებლობის შემთხვევაში არა მარტო დაკარგავდა ქონებას, შემოსავალს, სოციალურ სტატუსს, არამედ ციხეშიც ამოყოფდა თავს და სადისტური მოპყრობა ,,ყველა ბოლოდან ხმარების’’ ჩათვლით (მერაბიშვილის ცნობილი სუტყვებით რომ ვთქვათ) არ ასცდებოდა. აი ასეთი კრახგანცდილი სისტემის დანგრევას და მის ნაცვლად დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობას მისცა ხმა ხალხმა, რომელმაც დაიჯერა, რომ ივანიშვილი ამას შეძლებს.
პოლიტიკაში მოსვლით (რაც ბოლო მომენტამდე ძალიან არ უნდოდა ივანიშვილს) გამოჩენილმა ქართველმა ქველმოქმედმა მთელ საქართველოს მოაცილა სააკაშვილის რეჟიმი. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა რომ არა, ციხეში წამების კადრების ჩვენების შემდეგაც ნაცისტები მაინც შეავსებდნენ პარლამენტს საკუთარი გეგმის შესაბამისად. საკონსტიტუციო უმრავლესობას თვითონ აიღებდნენ, თავის გემოზე 2-3 ,,დეკორატიულ ოპოზიციურ’’ პარტიასაც შეიყვანდნენ და მოხდებოდა დიდი უბედურება - ხალხის რისხვა უკონტროლო ნიაღვრად იქცეოდა და ,,ჩაუშესკოს სცენარი’’, ანუ სააკაშვილის და ნაცისტების სხვა თავკაცების ფიზიკური განადგურება, გარდაუვალი გახდებოდა. ასე რომ სრულიად საქართველოს გადარჩენასთან ერთად ივანიშვილმა თანმდევი შედეგის სახით სააკაშვილი და მისი ჯამბაზები გადაარჩინა.
როდემდე?
პეტრე მამრაძე, 14 თებერვალი 2013