მშობლიური რუსული
დიდი ხანია კინოში არ ვყოფილვარ. ალბათ, ფილმი კინოთეატრში ბოლოს ომამდე ვნახე. ამას წინათ, მეუღლემ "კოკო შანელის" სანახავად წასვლა მთხოვა და სიამოვნებით დავთანხმდი. სახლში კი საშინლად იმედგაცრუებული დავბრუნდი. არა, ფილმს არა უშავდა რა, ისეთი იყო, როგორსაც ველოდი. ფილმის ყურებისას გამახსენდა, რომ ომის შემდეგ კინოთეატრებმა საზეიმოდ გამოაცხადეს: ჩვენთან რუსულად დუბლირებული ფილმების ჭაჭანება აღარ იქნებაო! მაშინ ამ ამბავს დიდი რეკლამაც მოჰყვა... ჰოდა, როგორია, დარწმუნებული ხარ, კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული ფილმების ერა მორჩა და უცებ... მორჩა კი არა, მთელი ბრწყინვალებით დაბრუნდა. ქართულ კინოთეატრში კოკო შანელი არა მარტო რუსულად მეტყველებს, რუსულადვე მღერის (კარიერის დასაწყისში დიზაინერი კაბარეში სიმღერით ირჩენდა თავს). საინტერესოა, ან ზარ-ზეიმით რუსულ ენაზე უარის თქმა რა იყო, ან საკუთარი ნათქვამის უკან წაღება? თუ ქართულ კინოთეატრებს მშობლიურ ენაზე დუბლირების საშუალება არ ჰქონდათ, მაშინ რატომ გვპირდებოდნენ რუსული ენის ”გადავიწყებას”? ქართულ ენაზე დუბლირებული ფილმები ხარისხით არ გამოირჩეოდა, მაყურებელი ტექნიკური წუნის გამო ხშირად აღშფოთებული იყო... ჰოდა, კინოთეატრებმა იმის მაგივრად, დუბლირების ხარისხის გაუმჯობესებაზე ეზრუნათ, მარტივი გამოსავალი იპოვეს – ისევ რუსულად გახმოვანებულ ფილმებს უჩვენებენ. ეტყობა, ახლა ყველა ბედნიერია. გახმოვანების ხარისხი იდეალურია, თან რუსული ენა ხომ თითქმის მშობლიურია. რატომ უნდა ავიტანოთ ქართული ენის დაბალი ხარისხი, როცა შეგვიძლია რუსულად მაღალი ხარისხის მომსახურება მივიღოთ!
გაუმარჯოს შეუცვლელ და ”მშობლიურ” რუსულ ენას!