"ჩემმა სისხლიანმა ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა" - კვირის პალიტრა

"ჩემმა სისხლიანმა ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა"

"26-მა მაისმა ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ნაციონალებს" როგორ უნდა გაებედათ გამწარებულ ხალხთან ახლოს მისვლა"

"კვირის პალიტრა" 26 მაისის მოვლენების დროს დაზარალებულს ესაუბრა, რომლის ფოტოზე აღბეჭდილი გასისხლიანებული სახე ყველას ახსოვს და რომელიც 8 თებერვლის აქციაზე თავის ფოტოსთან ერთად მოვიდა. ნოდარ არველაძე სოფელ დიღომში ცხოვრობს და მისი სახლის სახურავზე საქართველოსა და "ქართული ოცნების" დროშები ფრიალებს.  მან 26 მაისიც გაიხსენა და 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტიც შეაფასა:

- ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საქართველო იდგა. ვარ 9 აპრილის მონაწილეც. ის კი, რაც 26 მაისს მოხდა, 9 აპრილზე უარესი იყო, რადგან თვითონ ქართველებმა გაგვიმეტეს. სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილება თანდათან დამიგროვდა. 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ჩემი ძველი მანქანით წავედით. წვიმა რომ დაიწყო, პოლიციამ დაშლისკენ მოგვიწოდა, მაგრამ რას დავიშლებოდით, როცა სპეცრაზმელებმა ალყა შემოგვარტყეს. ვცადე პირველი საშუალო სკოლისკენ გაქცევა, მაგრამ ხუთი ნიღბოსანი დამესხა თავს, რუსთაველზე რა გინდოდაო, მიღრიალა ერთ-ერთმა და შემაგინა. მეც ამითვე ვუპასუხე. გამეტებით დამიწყეს ცემა. ჯერ თავში მირტყამდნენ ხელკეტებს, ხელები რომ წავიფარე, მუცელში დამიწყეს ცემა, თან მაგინებდნენ. ვფიქრობ, ისინი ციხის ჯალათები იყვნენ.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- მოგვიანებით გავიგე, რომ ციხის ჯალათები მონაწილეობდნენ დარბევაში. მახსოვს, მაშინ ერთმა პოლიციელმა დამიცვა და ამ ბიჭებს უთხრა, არ გრცხვენიათ, მამისტოლა კაცს რომ სცემთო? იმათ კი მეგრული აქცენტით უპასუხეს, ასაკოვანი თუ არის, მაშინ აქ რაღას მოეთრეოდაო. რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი წამართვეს, - მართვის, პირადობის მოწმობები, ტელეფონი, ფულიც კი და ხელფეხშეკრული დამტოვეს. ღვთის წყალობით გადავრჩი, ბოლოს სამმართველოში წამათრიეს, სადაც სისხლის გუბეები იდგა. მითხრეს, 65 წლის ზემოთ ადამიანებს არ ვცემთო, ხელბორკილის ახსნა რომ ვითხოვე, დამცინეს, ვინც დაგადო, იმან აგხსნასო. აბუჩად ამიგდეს, დამამცირეს. ასეთი სადისტები სად გაიზარდნენ! იმ დღიდან ყველა მიტინგზე დავდივარ.

26 მაისის შემდეგ შიშით ერთი კვირა სახლიდან გამოსვლასა და ექიმთან მისვლას ვერ ვბედავდი. ვფიქრობდი, ექიმთან რომ მივიდე, უკან გამობრუნებულს, ალბათ, კიდევ გამისწორდებიან-მეთქი. ორი კაცი ისე მოკლეს და მაღაზიის სახურავზე შეაგდეს, ვითომ არაფერი და მე რატომ დამინდობდნენ?

- თქვენი ფოტო მთელმა მსოფლიომ ნახა. თუ გახსოვთ, როდის გადაგიღეს?

- არა, არ მახსოვს. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შოკში ვარ.  მეგონა, ვეღარ გადავრჩებოდი, ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლი და სისხლი.

- თქვენი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვით?

- მყავს ერთი შვილი და სამი შვილიშვილი. ადრე ისნის რაიონის სურსათ-მომარაგების დარგში ვმუშაობდი. ბოლო დროს ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მივხვდი, რომ ვცხოვრობდი სახელმწიფოში, რომელიც არ მიცავდა. 26-მა მაისმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, იმედი ჩამესახა. ჩემი სახლის სახურავზე დღესაც საქართველოსა და "ქართული ოცნების" დროშები ფრიალებს. არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არჩევნების წინ კი "ქართული ოცნების" წევრი გავხდი... სადაც ქართველი ხალხი იქნება, იქ იქნება ჩემი ადგილიც ყოველთვის.

{{image}}

- ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზეც შეგნიშნეს.

- კი, იქვე ვიყავი, სადაც უგულავა გაიძახოდა, წავიდეთ, წავიდეთო. თითქოს მამამისის სახელობის ბაღში მიდიოდა. ბიბლიოთეკაში უნდოდა შესვლა, თანაც იმ გზიდან, სადაც ამ ხელისუფლებისგან ჩემსავით გამწარებული და გაჭირვებული ხალხი იდგა. ბევრი ჩემი ნაცნობი გამოვიდა ციხიდან და ვიცი, როგორ უმოწყალოდ ექცეოდნენ პატიმრებს. განა ამ გაუბედურებული ხალხის გამოწვევა შეიძლებოდა? "ნაციონალებს" როგორ უნდა გაებედათ გამწარებულ ხალხთან ახლოს მისვლა. ეს ფოტოც 8 თებერვლის აქციაზე გადამიღეს... ჩემი გასისხლიანებული სახე არასოდეს დამავიწყდება.

- თქვენ რომ გცემეს 26 მაისს, უცხოელებმა თუ გნახეს?

- მაშინ არავინ მოსულა. ახლა, რაც ხელისუფლება შეიცვალა, უამრავი უცხოელი მოვიდა, ინტერვიუები ჩაწერეს. ჩიორა თაქთაქიშვილს ერთი ხელი მოხვდა და სამი დღის მერე ჩაწვა ლოგინში, მაშინაც ევროპარლამენტარმა ჰოკმარკმა მოინახულა, მე კი ამ ხნის კაცი ცემისგან ერთი კვირა ვიყავი ლოგინად ჩავარდნილი, მაგრამ არავის მოვუნახულებივარ.

ჩემმა ფოტომ ლამის მსოფლიო მოიარა და ხელისუფლება ერთხელაც არ დაინტერესებულა, ეს კაცი ისევ ცოცხალია თუ  მოკვდაო. ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?

თუ მისი ერთი წვეთი სისხლი ოქროსი იყო? ჩიორა ბიბლიოთეკასთან გამომწვევად იქცეოდა, იგინებოდა და აღიზიანებდა ხალხს. ჩვენ კი 26 მაისს მშვიდობიანად ვიდექით, მაგრამ თავ-პირი დაგვილეწეს და დაგვამცირეს.

"რაც უნდა იგნორირება გაუკეთო, ფაქტი ფაქტად რჩება"

ოლდოს ჰაქსლი