"ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა!"
"თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი, დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს და მერე ჩვენ გაგვასამართლონ"
"თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება "ოცნება" და "ნაცმოძრაობა, ძალიან ცდება!"
"მკვლელებს და კაცების გამაუპატიურებლებს მოვუბოდიშო?!"
"სერგო რატიანთან ჩხუბი ისე არ მწყენია, როგორც თანაგუნდელების განცხადებები", - მითხრა უმრავლესობის წევრმა, "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილმა:
- დაგიმტვრევ ცხვირ-პირს და ციხეში წავალო, - ეს სიტყვები ოპონენტის არგუმენტზე გაბრაზებული კაცის ნათქვამს არ ჰგავდა. ვეჭვობ, რომ ზოგადად "ნაციონალებისადმი" გაქვთ ასეთი დამოკიდებულება.
- ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მე კი არა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს.
ძალიან "ბუქსაობს" ჩვენი მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც მეც უკმაყოფილო ვარ და საზოგადოებაც. რატომ ფერხდება 7 ნოემბრის, 26 მაისის, სხვა დანაშაულების გამოძიება, რას ელოდებიან? თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი, დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს და მერე ჩვენ გაგვასამართლონ.
მიუღებელია, როდესაც მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა გაუგებარი კოჰაბიტაციის ფარგლებში. ამის გამო მეც და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებთან.
- ამ თემებზე ლაპარაკობთ კოალიციაში?
- ვის ველაპარაკო?
ბატონ ბიძინას ჩემთვის არ სცალია, ამიტომ საჯაროდ უნდა შევეხმიანო: ბატონო ბიძინა, ხალხს სურს და სამართლიანობაც მოითხოვს მართლმსაჯულების აღსრულებას.
არავის უნდა არც ცემა-ტყეპა და არც შურისძიება. ხალხს სამართლიანობა სწყურია, მაგრამ თუ ხელისუფლებას არ შესწევს ამის უნარი, სამოქალაქო მშვიდობა ვერ დამყარდება. თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ძალიან ცდება. "ნაცმოძრაობა" უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას.
- ივანიშვილს დასავლეთი სთხოვს ოპოზიციასთან დიალოგით გადაწყვეტილებების მიღებას.
- არასწორია ვიღაც ტაკიმასხარებისთვის ანგარიშის ზედმეტად გაწევა. ისინი საკუთარ ტყავზე ზრუნავენ, როდესაც სააკაშვილს იცავენ, რადგან სააკაშვილში ბევრი ჩადეს. აგრესიული პიარია საჭირო მათ წინააღმდეგ, ვინც აქ ჩამოდის და გვმოძღვრავს. ეს ადამიანები მათივე ქვეყნებში უნდა ვამხილოთ იმის გამო, რომ ასეთ რეჟიმს უჭერდნენ მხარს.
- თქვენსავით არ ფიქრობს კოალიციის ზოგი წევრი, ვისაც ნერვები არ ჰყოფნის, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, სახლში დაჯდესო.
- მეც მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა იჯდეს სახლში, მაგრამ კოლეგებს ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავზე. ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. უსუფაშვილმა თქვა, ჩემს ოლქში თუ იყრიან კენჭს, ხმას არც ერთს არ მივცემო. არ მინდა გაბრაზებულმა ვუპასუხო დათოს, მაგრამ ერთს მაინც ვეტყვი, - დათო უსუფაშვილი და დათო ბაქრაძე დიდუბეში რომ იყრიდნენ კენჭს, მაინც უსუფაშვილს მივცემდი ხმას, მაგრამ თუ ასეთ განცხადებებს კიდევ გააკეთებს, მეეჭვება ჩემი ხმა ეყოს გამარჯვებისთვის.
ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას
და ასეთი ტონით ლაპარაკს.
- ძალიან ნაწყენი ჩანხართ.
- გამართლებას არავისგან ვითხოვ და მზად ვარ, პასუხი ვაგო პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც, მაგრამ ერთ ქვაბში მოხარშო რატიანი და დავითაშვილი?! მე ვერ ვგრძნობ თანაგუნდელების მხარდაჭერას. თითებზე შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვინც ტელევიზიის ინციდენტის მერე მხარი დამიჭირა. მათ ვერ დავასახელებ, რადგან არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო. ან რატომ უნდა აგდებდეს კოალიციის წევრებს უხერხულ მდგომარეობაში, თუკი გაჭირვებაში თანაგუნდელს გაამხნევებენ? მაშინ რაღა გუნდია ეს? თუ უმრავლესობა გამემიჯნება, ფეხების ბრახუნს არ დავიწყებ.
როდესაც უსუფაშვილი ამბობს, რომ ხმას არ მომცემს, ალბათ, ლოგიკურია, რომ გავარკვიო, უნდა თუ არა მას ჩემთან ერთად პოლიტიკურ ერთობაში ყოფნა.
ამ საკითხს გავარკვევ უმრავლესობის სხდომაზე. უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, დავემორჩილები.
- რატიანმა ბოდიში მოიხადა, თქვენ კი არავისთვის მოგიბოდიშებიათ.
- მკვლელებს და კაცების გამაუპატიურებლებს მოვუბოდიშო? მაყურებელს კი, ვფიქრობ, ჩემგან ბოდიში არ სჭირდება. არა მაქვს განცდა, რომ უკმაყოფილო იყვნენ იმით, რაც ნახეს.
- სერგო რატიანს უთხარით, სამჯერ მკლავდითო...
- "ნაციონალური მოძრაობა" ვიგულისხმე. პირველად 2004 წელს, მუხრუჭები გადამიჭრეს, როდესაც ბათუმიდან მოვდიოდი. ლევან სამხარაულმა ჩაატარა ექსპერტიზა და დასკვნაში ჩაწერა, რომ სამუხრუჭე მილი ბასრი საგნით იყო გადაჭრილი. მეორე შემთხვევა 2006 წელს იყო, როდესაც მკვლელმა ეზოში ჩემი მეზობელი დაჭრა იმის გამო, რომ ჰკითხა, რას აკეთებ ჩვენს ეზოშიო. მაშინ გამოაცხადეს, საქმე გაიხსნა, რუსების დაგეგმილი მკვლელობა იყო და დავითაშვილის მოკვლა უნდოდათო. გამაგებინეთ, თან რუსეთის აგენტი ვარ და თან რუსები მკლავდნენ? მესამედ, 7 ნოემბერს, ელიავას ბაზრობიდან მომიტაცეს. "იმედიდან" გაიგო ხალხმა ეს ამბავი. რომ არ გამომჟღავნებულიყო, მომკლავდნენ. რომ მოვეკალი, შეიძლება რევოლუცია მომხდარიყო და სააკაშვილი საკუთარ ტყავს გაუფრთხილდა. ამის შემდეგ როგორ უნდა ვითანამშრომლო სააკაშვილის გუნდთან?! ხიდაშელმა განაცხადა, ჩვენი ხელისუფლება ყველა დამნაშავეს სჯისო, მაშინ უსუფაშვილი რატომ ელაპარაკება ბაქრაძეს, ვინც პარლამენტის შენობა განზრახ გაანადგურა? ამას გამოძიება კი არა, სამართლებრივი შეფასება უნდა. ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს: რატომ არ არის ბატონ ბაქრაძეზე საქმე აღძრული, ვინ აფერხებს ამ პროცესს? ეს არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება?
პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს, რაც ჰყოფნის საკონსტიტუციო ცვლილებებს და რატომ ვეხვეწებით "ნაციონალურ მოძრაობას?" საპარლამენტო ხმების 2/3 სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს. რატომ არ ვსვამთ ამ საკითხს?
- შვილის ნათლიას ციხისა და იმპიჩმენტისთვის იმეტებთ?
- ჩემი შვილის ნათლიობას სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სამჯერ ჩემი მკვლელობა დაეგეგმა.
- მეორე შვილის ნათლიასთან, ოქრუაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- რა ურთიერთობა უნდა მქონდეს სააკაშვილის სისტემის ერთ-ერთ შემქმნელსა და ჯალათთან?
- ირაკლი ოქრუაშვილზე არც იმის მერე შეგცვლიათ აზრი, რაც გადაიტანა?
- რა გადაიტანა? ფული გაატანეს და კარგად ცხოვრობდა პარიზში.
- რატომ გაატანეს?
- როგორც ჩანს, გაჩუმებისთვის ან იმისათვის, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაეკეთებინა. ადრე გაიძახოდა, ჟვანია მოკლესო, ახლა ამბობს, არ მოუკლავთო. ოქრუაშვილის საქმიანობაზე თავიდან უნდა დაიწყოს გამოძიება. პასუხი უნდა აგოს მერაბიშვილმაც. მან 7 ნოემბერს გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებისა, როდესაც მაშინ მოქმედი პოლიციის კანონის თანახმად, სპეცჩამონათვალში რეზინის ტყვიები არ იყო. ამის გამო დღესვე დასაკავებელია და რას უცდიან? ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა!