საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა - კვირის პალიტრა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოლაპარაკებებში შედეგი ვერ იქნა მიღწეული, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა თემაზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო.

"რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის თაობაზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო. მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმცირესობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებების პროცესში. მათ სათანადო კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გამოავლინეს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ იქნა მიღწეული", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო პროდუქტიულად მოხდება მუშაობა.

"ინტერპრესნიუსი"