"ახალაიამ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა - შენ ბიჭო რა ფულს ითხოვ, ხომ არ გინდა, შენივე აშენებულ ციხეში ჩაგაყუდოო?" - კვირის პალიტრა

"ახალაიამ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა - შენ ბიჭო რა ფულს ითხოვ, ხომ არ გინდა, შენივე აშენებულ ციხეში ჩაგაყუდოო?"

როგორ გახდა გლდანის ციხის ამშენებელი თურქი ბიზნესმენი ამავე ციხის პატიმარი?

"ნახევარი საქართველოს ამშენებელი" ორჰან აქსუ ახალაია-ადეიშვილის "პარტიულ ვნებებს" შეეწირა

"ბაჩო ახალაიამ და ზურაბ ადეიშვილმა წარმოშობით ქართველი, თურქი ბიზნესმენი ორჰან აქსუ მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინასებაზე უარი თქვა" - ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა. შეგახსენებთ, რომ ამ ბიზნესმენმა გლდანის მე-8 საპყრობილე ააშენა. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, როდესაც აქსუ დააპატიმრეს, პატიმრებს მიუთითეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს ციხე ააშენაო. ჩვენ დავინტერესდით ორჰან აქსუს ვინაობით და აი რა დავადგინეთ: ორჰან აქსუ, იგივე ოთარ გოგიტიძე, წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭალიდანაა. მან, წინაპრების ფუძე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90 წლებში მოინახულა... 2002 წელს თურქულ-ამერიკული გრანტით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საჯარისო ბაზების რეაბილიტაციაში. მას შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. თავისი ბიზნესსაქმიანობიდან დაპატიმრებამდე ააშენა შავი ზღვის უნივერისტეტი, გლდანის საპყრობილე, გეგუთის კოლონია, ააგო შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობები, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ააშენა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და წეროვანში იძულებით გადაადგილებულთათვის კოტეჯები, დაწყებული ჰქონდა აგრარული პროექტები, ასევე ლაითურის ციხის მშენებლობა. 2010 წლის 25 თებერვალს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები - ზაზა ჩიჩუა და ზაზა გადელია. მათ შპს "აქსმშენის" ხელმძღვანელობის –ორჰან აქსუს, სერდარ გიოქსუს და კომპანიის თანამშრომლის, ანზორ კეკელიძისგან, ქრთამის სახით, 4 ათასი აშშ დოლარი და 6 800 ლარი აიღეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა ორჰან აქსუ, სერდარ გიორქსუ და ანზორ კეკელიძეც დააკავეს. თუ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები ამის შესახებ მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა და მეუღლე სოფო ჭუმბურიძე გვიამბობენ.

ირმა ჭკადუა:

- ორჰანმა საქართველოში 20-ზე მეტი სახელმწიფო პროექტი განახორციელა. თუმცა შემდეგ ფინანსური პრობლემები შეუქმნეს იმის გამო, რომ უარი თქვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. გლდანის ციხის აშენების შმედეგ მან კუთვნილი 4 750 00 ლარი მოითხოვა. ამის გამო ბაჩო ახალაიამ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა, - შენ ბიჭო რა ფულს ითხოვ, ხომ არ გინდა, შენივე აშენებულ ციხეში ჩაგაყუდოო. აქსუმ ეს მუქარა სერიოზულად არ მიიღო, რადგან როგორც ახალაისთან, ასევე ზურაბ ადეიშვილთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის მათ თითქმის ყოველდღე ხვდებოდა და მშნებლებობთან დაკავშირებულ ყველა დეტალს უთანხმებდა. როგორც ჩანს, მან კარგად არ იცოდა რა კატეგორიის ადამიანებთან ჰქონდა საქმე. ადეიშვილმა მის გასანადგურებლად საკუთარი მოადგილეები ჩუჩუა და გადელიაც კი გასწირა და მათ ქრთამის აღება დააბრალა. სანამ დაიჭერდნენ, აქსუ რამდენიმე საათით ადრე ადეიშვილთან კაბინეტში იყო. როდესაც შინ დაბრუნებულ ბიზნესმენს სამართალდამცავები შინ მიადგნენ, გაუკვირდა კიდეც, პროკურატურაში, ადეიშვილის კაბინეტში არ ვიჯექი, თუ ჩემს დაჭერას აპირებდით, სახლში რაღას გამომიშვითო...

სოფო ჭუმბურიძე:

- ჩემი მეუღლე ღამის თორმეტ საათზე დააპატიმრეს. კარზე კაკუნი გავიგე, გავაღე და შავებში ჩაცმული, ოთხი მამაკაცი შემოვიდა. ორჰანის სურათი მიჩვენეს და მკითხეს, თუ იცნობთო? მე რა თქმა დავუდასტურე, რომ ჩემი მეუღლე იყო. მაშინვე სახლის ჩხრეკა დაიწყეს. ორჰანი შინ ახალი მოსული იყო, იმ პერიოდში იუსტიციის სახლს აშენებდა და ჩიჩუასა და გადელიასთან ერთად გვიანობამდე თათბირობდა. შინიდან ისე წაათრიეს, თითქოს გამოუსწორებელი კრიმინალი იყო. არადა ის ძალიან კეთილშობილი, თავის ისტორიულ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო. ახალაიასა და ადეიშვილს მისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უამრავ კეთილ საქმეს გააკეთებდა.

ირმა ჭკადუა:

- ციხეში გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს, მასზე ხორციელდებოდა, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. როდესაც საკანში შეიყვანეს, პატიმრებს უთხრეს, აი, ამ ციხის მშენებელი მოგიყვანეთო. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მის მიმართ პატიმრებს? ყურანი დაუხიეს, როგორც ორჰანი ამბობს, ეს მისთვის ყველაზე მძიმე ტრამვა იყო. ძირს დაუყარეს და ფეხებით გადაუთელეს. მართალია პატიმრებს ღორის ხორცით არავინ ანებივრებს, მაგრამ აქსუსთან ის ყოველდღე შეჰქონდათ. როგორც კი თავისი გაუსაძლისი ყოფის გამო საჩივარს დაწერდა, მაშინვე კარცერში ამწყვევდნენ და საჩივრებს თავზე ახევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა ნიშნით პოლიტიკური პატიმარია, დღემდე ციხეში იმყოფება. ძალიან გულნატკენმა მითხრა, როდესაც ციხიდან ამდენი ხალხი გამოვიდა და მე არავის გავახსენდი, ისეთ დღეში ჩავვარდი, თითქოს მეორედ დამიჭირესო.

- თურქულმა მხარემ მისი ექსტრადცია არ მოითხოვა?

- თურქულმა მხარემ მისი ექსტრადიციაც მოითხოვა და სერდარ გიოქსუსიც. ქართულმა მხარემ გიორქსუ გადასცა, ორჰანის მოთხოვნა კი უგულვებელყვეს.

- პოლიტპატიმართა სიაში რატომ არ მოხვდა?

- თავად არ მოითხოვა სიაში ჩაწერა, როგორც მემთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, დალაგდეს სიტუაცია და მერე მეც მომხედავენო. ფაქტია, რომ ის არავის გაახსენდა. ახლა ჩვენ ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მივმართეთ, განცხადებით, რომ ორჰან აქსუ პოლიტპატიმრად აღიარონ. ის აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის გულწრფელად ამბობს, თუ დანაშაულს დამიმტკიცებენ, სასჯელს მოვიხდი, გულს ის მწყვეტს, რომ აქ არაფრის გამო ვზივარო. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ჩვენი მოთხოვნა, პოლიტპატიმრის სტატუსის მიღების თაობაზე, განიხილა. იმედი გვაქვს, რომ დადებით პასუხს მივიღებთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისათვის)