უგულავა ომში მიდის?!
"უგულავა ბოლო დროს ძალიან არეულია. წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ
ვის ატყუებს, რომ თურმე არ ეშინია"
"თბილისის მერია სამყაროს ჭიპი ხომ არ არის?"
"თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე მზად ვარ წავიდე ომში, თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ციხეზე, მზად ვარ წავიდე ციხეში. თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მე მზად ვარ წავიდე ამაზე, მაგრამ გიჟურ, შიზოფრენიულ ჩანასახოვან დიქტატურას არ შევეგუები", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ის რიყესა და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ მაქინაციებში ბრალდებულად ცნო. უგულავას პროკურატურაში დაკითხვის პარალელურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ივანიშვილისაგან თბილისის დასაცავად" აქცია გამართა. რისკენ არის მიმართული "ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელი აქტიურობა, ამის შესახებ ფსიქოლოგიის პროფესორ მარინა ბალიაშვილს ვესაუბრეთ:
- როდესაც უგულავა ქვეყნის თავისუფლებისთვის ციხეში წასვლასა და სიკვდილისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობდა, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. აფერისტობდა, ცდილობდა, თავისი მაქინაციები, ფულის კეთება და სიბინძურე პათეტიკურ სამოსში გაეხვია და თავი დევნილად, ტანჯულად წარმოეჩინა. უგულავა ამბობს, იმის გამო მედავებიან, რომ ხალხს ხელფასს ვაძლევდიო. რატომ აძლევდა ბიუჯეტის ფულს კოორდინატორებს, ვინ მისცა ამის უფლება? ამათი უბადრუკობა მაკვირვებს. რა ეგონა უგულავას, მუდმივად იქნებოდა თანამდებობაზე? ის სტიქაროსანი იყო და რით ვერ გაიაზრა ქრისტიანული რელიგიის არსი, რომ ამქვეყნად მარადიული არაფერია, უპირველესად, სულზე უნდა იზრუნო და არა ყოველდღიურ ყოფით საგნებზე.
გასაოცარი იყო თბილისის მერისა და პრეზიდენტის განცხადებები, თითქოს ივანიშვილის მთავარი ამოცანა თბილისის მერიის ხელში ჩაგდება ყოფილა. თბილისის მერია სამყაროს ჭიპი ხომ არ არის? უგულავამ თქვა, - მეცინება ხელისუფლების ბრალდებებზეო. ამ დროს სხეულის ენა და სახის გამომეტყველება სულ სხვას ამბობდა. კი არ ეცინებოდა, ეშინოდა. უგულავა ბოლო დროს ძალიან არეულია. ასეც უნდა იყოს, მაგრამ ვის ატყუებს, რომ თურმე არ ეშინია. ვერ ვხედავთ? ციხეში ჩასაჯდომად და სიკვდილისთვის მზად ვარო, როცა ამბობს, ტყუის. ნეტავ რისთვის არის მზად უგულავა, რომელიც თავის მუცელს, საკუთარ სიამოვნებასა და თავისი ცხოვრების გამრავალფეროვნებას გადაჰყვა. მისი განცხადებები ძალიან აღიზიანებს საზოგადოებას, იმიტომ, რომ არაგულწრფელობა ადვილად შესამჩნევია და ამას ვერავინ იტანს. სააკაშვილის გუნდში თვითშენარჩუნების, თავის გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა და ჩასაძირი გემიდან ვირთხებივით გარბიან. არ მეგონა, თუ ასე სწრაფად დაინგრეოდნენ, როცა პრობლემა გაჩნდა, მაშინვე გაწყდა ჯაჭვი, დაიფანტნენ. "ნაციონალური მოძრაობა" დომინოს პრინციპით იშლება.
- "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს დათმობას, უგულავამ დედაქალაქი ფაქტობრივად ვანო მერაბიშვილს გადააბარა, როდესაც ვიცე-მერად დანიშნა.
- ვანოს ვერ მოჰკიდებენ ხელს თუ რა? ძალიან უცნაურად მეჩვენა, რომ უგულავამ მერაბიშვილს ჩააბარა თბილისის მერია...
- დასავლეთის რეკომენდებული კოჰაბიტაცია ძნელი მისაღწევი აღმოჩნდა მაშინ, როდესაც ხალხი სამართლიანობის აღდგენას, ყოფილი მაღალჩინოსნები კი ხელშეუხებლობას მოითხოვენ.
- სამართლიანობის ცნება ყველანაირ ურთიერთობას მსჭვალავს და ბალანსს ქმნის. იმისათვის, რომ მტკიცე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა არსებობდეს, აუცილებელია წონასწორობის დაცვა - რამდენსაც გასცემ, იმდენივე უნდა მიიღო. "ნაციონალებმა" კი ყველანაირი ბალანსი დაარღვიეს. რისი წაღებაც შეიძლებოდა, ყველაფერი წაიღეს და არაფერი დააბრუნეს. ახლა ვალების დაბრუნების დრო დადგა.
- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხათუნა კალმახელიძის წერილი გავრცელდა, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი წერს, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. წამების ამბავი რომ მცოდნოდა, განგაშს ავტეხდიო.
- ვამჩნევ, რომ განკითხვის ჟამს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი თავს ისაწყლებს და მსხვერპლის როლს თამაშობს. რატომ არ იცოდა კალმახელიძემ, რა ხდებოდა მის სამინისტროში? Gგანა ეს არ არის დანაშაული? მისი წერილი პასუხისმგებლობისაგან გაქცევის სურვილით არის ნაკარნახები და კარგად ჩანს მსხვერპლის როლის თამაშის სურვილი. მსხვერპლის როლი მანიპულაციის საშუალებაა. ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში მსხვერპლის როლს დესტრუქციული როლი ჰქვია და მომგებიანია მისთვის, ვინც ამ როლს ირგებს, რადგან დანაშაულის გრძნობას აღუძრავს მას, ვის მსხვერპლადაც უნდა თავის წარმოჩენა. დანაშაულის გრძნობა კი არის ყველაზე ცუდი, დამთრგუნველი გრძნობა. ადამიანები კარგად იმიტომ ვიქცევით, რომ მერე დანაშაულის გრძნობამ არ შეგვჭამოს. ვინც მსხვერპლის როლს თამაშობს, არაკეთილსინდისიერი ადამიანია, რადგან სურს თავის ჭკუაზე ატაროს ის, ვის მსხვერპლადაც წარმოაჩენს თავს.
ხათუნა კალმახელიძე თავს ისულელებს, არაფერი ვიცოდიო. თუ ვერაფერს ამჩნევდა და ასეთი გულუბრყვილო იყო, რას დასთანხმდა ურთულეს სამინისტროში მუშაობას? სად მისი ამერიკული განათლება და სად ქართული ციხე? იქ ნასწავლი კანონები რომ თბილისის ციხეში არ გამოადგებოდა, ხომ უნდა მიმხვდარიყო? ასეთ თანამდებობაზე მთავარი გამოცდილებაა. აშშ-ში ფსიქოანალიტიკოსად არავინ გაუშვებს 23 წლის ახალგაზრდას, რაგინდ განათლებულიც უნდა იყოს. იქ მიაჩნიათ, თუ ცხოვრებისეული გამოცდილება არა გაქვს, ვერ იქნები ფსიქოანალიტიკოსიო... პატრონი არ ჰყავდა კალმახელიძეს, რომ არ უთხრა, სად მიდიოდა?
ნიურნბერგის პროცესზე ნაცისტები, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი, აცხადებდნენ, არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მე პატარა კაცი ვიყავი, ფიცი მქონდა მიცემული და რასაც მავალებდნენ, იმას ვაკეთებდიო. არავის უთქვამს სასამართლოზე, მინდოდა ხალხის წამება და ვაწამებდიო. რაიმეს არცოდნა პასუხისმგებლობისაგან არავის ათავისუფლებს.
ხათუნა კალმახელძის მსგავსად, მანიპულაციის სურვილი ჩანდა გურამ დონაძის სატელევიზიო გამოსვლაში, 9 წელი მკვლელს მეძახდნენ... თუკი ჩემი არ გჯერათ, მომკალით, ჩამქოლეთო. დონაძე მაშინ იმას აკეთებდა, რასაც ავალებდნენ და ამით თავის კარიერას იწყობდა. ახლა ითხოვს, რაც იყო წარსულია, მაპატიეთო... ხალხს წონასწორობის აღდგენა უნდა, საზოგადოების წესრიგი იმაზე დგას, დაუსჯელი არავინ დარჩეს.
- მაგრამ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას უცხოელი პარტნიორები ხშირად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნად აფასებენ.
- ვინც ამას ამბობს, ლობირებული და ნაყიდია. თავიანთ ქვეყნებში რატომ არ ითხოვენ დამნაშავის დაუსჯელობას? დასავლეთში რატომ არავის არაფერს არჩენენ? ვიღაც ნაყიდი ჩინოვნიკები გველაპარაკებიან ისეთ თემებზე, რაზეც წარმოდგენაც არა აქვთ. მათ დავუჯეროთ და არ დავუჯეროთ საკუთარ ყურს და თვალს?
- 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დაანონსება რას ემსახურება?
- ესეც მანიპულაციაა. უნდათ აჩვენონ, ჩვენც გვყავს მხარდამჭერები, გარიყული არა ვართ და საქართველოში მშვიდად ცხოვრების უფლება გვაქვსო. ეს ძალის დემონსტრირების სურვილია, დესტაბილიზაცია სურთ, მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ არიან, იციან, რომ პასუხს მიიღებენ. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს, სააკაშვილი კი უთავმოყვარეო ადამიანია. ხალხს არ უნდა და მაინც არ მიდის. თუ წავა, ხალხის გულსაც მოიგებს, მაგრამ თავმოყვარეობადაკარგული ადამიანი ცხოველივით არის, - ვერ ხვდება რაღაცებს და ასეა სააკაშვილიც.