"იუნესკოს" სიიდან ამოღება მცხეთის ძეგლებსაც ემუქრება?!
როგორც ჩანს, მცხეთის ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს წინა მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსანი სასურველ ბიზნეს ფართად მიიჩნევდა და არა ქვეყნის კულტურულ საგანძურად. და თუ მდგომარეობა გართულდა, ადვილი შესაძლებელია, "იუნესკომაც" ასეთი დასკვნა გააკეთოს. მცხეთის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების კონკრეტული პრობლემის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი გვესაუბრება
- უკანასკნელ წლებში მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. უხეში ფიზიკური ჩარევა მოხდა ანტიკური ხანის მცხეთის, არმაზის, წიწამურის და სარკინეს ნაქალაქარებზე.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამთავროს ველზე, სადაც 2009 წელს დაიწყო უკანონო სამშენებლო სამუშაოები, რომლის დროსაც დაირღვა საქართველოს შესაბამისი კანონები და ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მოთხოვნები. დარღვევები იმდენად მნიშნელოვანია, რომ მცხეთის ძეგლებს UNESCO-ს სიიდან ამოღება ემუქრება... სამთავროს მოკლე ისტორია ასეთია: სამთავროს არქეოლოგიური შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. გათხრების შედეგად გამოვლენილია ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები. ძეგლზე გამოვლენილმა მასალებმა აღმოჩენისთანავე მიიპყრო მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისა და დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება. სამთავროს ველზე გამოვლენილი ძეგლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო 1950 წელს მცხეთის ტერიტორია "სახელმწიფო არქიტექტურულ ნაკრძალად" გამოცხადდა. 1994 წელს UNESCO-ს "მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში" შევიდა მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი. ყველა ქმედების დროს სამთავროს ველი დაცვის ზონაში ექცეოდა. 2006 წელს სამთავროს ველს დაუდგინდა "არქეოლოგიური ზონის" სტატუსი.
- რა შეიცვალა შემდეგ?
- 2009 წელს ზემოთ აღნიშნული მშენებლობა სწორედ ამ ზონაში დაიწყო. არქეოლოგებმა მაშინვე აცნობეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მშენებლობა დროებით შეჩერდა. 2010 წელს მშენებლობა ისევ წამოიწყეს. ამჯერად კულტურის სამინისტროს წერილის საფუძველზე, მცხეთის გამგეობამ შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული დროის მანძილზე მშენებლობა დაკონსერვებული იყო, თუმცა 2013 წელს ისევ განახლდა. გაირკვა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე "მოგვარდა". კერძოდ, 2013 წელს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 17 სექტემბერს გამოცემული განკარგულება (# 1750) "ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ", რომლის თანახმადაც სამთავროს არქეოლოგიურმა ზონამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – ზონის გარეთ აღმოჩნდა სწორედ ის ტერიტორია, სადაც სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო.
- ფიქრობთ, რომ ეს განზრახ გაკეთდა?
- ეს იყო კანონის უხეში დარღვევა. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 2009 წელს აღმოჩნდა "საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში". ასეთი დასკვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამთავროს ველის დაცვითი ზონის ხელყოფა იყო. საქმე იმაშია, რომ სამთავროს ტაძარს, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გააჩნია დაცვის სპეციალური არეალი და სამთავროს ველი, რომელიც მას უშუალოდ ებჯინება ამ ზონაში ექცევა. აი, ასეთი ძეგლის ხელყოფა ხდება დღეს მცხეთაში. აშკარაა ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს და ადრეც, ათეულობით წლების მანძილზე ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი შეხედულებებით განსაზღვრავდნენ ძეგლების ბედს. მათ განათლებაზე, კულტურაზე და საქვეყნო საქმეებისადმი მიმართებაზე იყო დამოკიდებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედი. სამწუხაროდ ასეა დღესაც, ჯერ არაფერი შეცვლილა.
ნიკოლოზ მაისურაშვილი, მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი: - ჯერ-ჯერობით აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 2012 წლამდე ეს ტერიტორია არქეოლოგიური ზონა იყო, 2012 წელში პრემიერ-მინიტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებულებით ამოღებულ იქნა არქეოლოგიური ზონის გარკვეული ნაწილი და იმ გარკვეულ ნაწილზე დაიწყო საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები. სამთავროს ველის მიწა ნაკვეთებად არის დაყოფილი და გაყიდულია კერძო პირებზე. კერძო პირი რასაც მოისურვებს, თავის ნაკვეთში იმას ააშენებს. ამ ტერიტორიას ორი დამცავი ზონა ფარავდა, ერთი არქეოლოგიური და მეორე იუნესკოს ძეგლის ზონა. არქეოლოგიური ზონიდან ამოღება კი მოხდა კანონიერად (პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება ალბათ კანონიერია), მაგრამ იუნესკოს ზონიდან ვერავინ ვერ ამოიღებდა, ვერც პრემიერ-მინისტრი და ვერც ვერავინ. იუნესკოს ზონაში დარჩა ის ტერიტორია. რომელზედაც ახლა მშენებლობა იწყება და უკვე მიწაც მოთხარეს ტერიტორიაზე... აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გოდერძის იმ საკითხში რომ ძეგლებს იუნესკოს სიიდან ამოღება ემუქრებათ. ეს მშენებლობა ძალიან დიდ რისკს შეიცავს სამთავროს სამონასტრო კომპლექსისათვის, ის მართლაც შეიძლება ამოიღონ იუნესკოს სიიდან.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)