მინდია უგრეხელიძე: კუბლაშვილი მართლა კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ... - კვირის პალიტრა

მინდია უგრეხელიძე: კუბლაშვილი მართლა კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ...

მინდია უგრეხელიძე: კუბლაშვილი მართლა კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ...

სკანდალი უზენაეს სასამართლოში და საიდუმლო, რომელიც კუბლაშვილს საკუთარ ლექტორთან აკავშირებს

27 წელია, რაც სევდიასთან უშუალო შეხვედრის და მასთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის პატივი არ მქონია, მაგრამ ერთს ვიტყვი: "მთისა და მიწის უფალმა საჯოს ესევითარი განუსჯელობა"

"უზენაეს სასამართლოში საიდუმლო თათბირებს ატარებენ და ცდილობენ, მოსამართლეები დაამუნათონ, შეაშინო ან დააშანტაჟონ და ისე მიაღებინონ ესა თუ ის გადაწყვეტილება."

"ნაციონალებს" უგულავზე ძალიან სერიოზული ფსონი აქვთ დადებული, პრეზიდენტობისთვის ამზადებენ"

"უკუღმართი და მაკვარანცხული აზროვნება "ნაციონალებისთვის" დამახასიათებელია, ასე რომ, არ გამიკვირდებოდა

უგულავა ციხეში რომ ჩაესვათ და წამებულის ეკლიანი გვირგვინით შეემკოთ. ეკლიანი გვირგვინიდან კი დაფნის გვირგვინამდე ძალიან ცოტა მანძილია."

"ამ 9 წლის განმავლობაში გამომძიებელმა და მოსამართლემ ფუნქცია დაკარგეს. იყო მხოლოდ ერთი კაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა, კანონმდებელიც ის იყო, აღმასრულებელიც, აკადემიის რექტორიც, გამომძიებელიც და ტარიელ ონიანიც."

..............................................................................................................................................................................................................

"კოტე კუბლაშვილს მოვუწოდებ, ნებაყოფლობით მონობას თავი დაანებოს. რამდენჯერ მოვიკლა თავი მისი გაზრდისთვის?" - ამბობს სამართალმცოდნეობის დოქტორი, ყოფილი მოსამართლე და კოტე კუბლაშვილის ლექტორი მინდია უგრეხელიძე. როგორც ცნობილი გახდა, პარლამეტის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა მალე კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. კუბლაშვილი ირწმუნება, რომ ეკა ბესელია უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს.

- ბატონო მინდია, რამდენად მოსალოდნელია იმპიჩმენტის პროცედურა გამოყენებულ იქნას კოტე კუბლაშვილის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ეს უბრალოდ არასერიოზულობაა ეკა ბესელიას მხრიდან?

- კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის პროცედურას ექვემდებარება. ასე რომ, კუბლაშვილს არასერიოზულობის მაგიერ დაფიქრება მართებს…

- კუბლაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს ფაქტები, რის გამოც მისი იმპიჩმენტის დაწყება შესაძლებელი გახდებოდა...

- არსებობს თუ არა ასეთი ფაქტები, ამას გამოძიება გვიჩვენებს. თუმცა, პირადად მე იმდენი სამდურავი მესმის მის შესახებ, აქედან ერთი მესამედიც კი რომ აღმოჩნდეს მართალი, ეს მისი იმპიჩმენტისთვის საკმარისი საფუძველი იქნებოდა. სხვათა შორის, იმპიჩმენტი უაღრესად დემოკრატიული საშუალებაა ხელისუფლების თავგასული წარმომადგენლების მშვიდობიანად ჩამოცილებისათვის და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ იყენებენ მას საქართველოში, თუნდაც პრეზიდენტის მიმართ. ძალიან მიკვირს, რატომ იკლავენ თავს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, როცა შეუძლიათ გამოუცხადონ პრეზიდენტს იმპიჩმენტი და შემდეგ გამოიყენონ კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრა, მას უფლება აღარ აქვს, განახორციელოს რაიმე ტიპის ღონისძიება მთავრობისა და პარლამენტის დაშლის თაობაზე. ახლა რაც შეეხება კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. მოდით ორი ასპექტი გამოვყოთ: ერთი, რომელიც შეეხება კუბლაშვილის მფარველობაში მყოფ მოსამართლეებს, რომლებსაც თურმე იურიდიული განათლება არ ჰქონიათ. თუ გაირკვა, რომ მოსამართლეს იურიდიული განათლება არ აქვს, მისი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიულ ძალას კარგავენ. თუ ეს ამბავი დამტკიცდა, უზენაესი სასამართლო ძალიან დიდ სკანდალში გაეხვევა. ახლა მეორე ასპექტი - სასამართლომ გიგი უგულავას, რომელმაც სავარაუდოდ 20 მილიონი ლარი გაფანტა და შესაძლოა კიდევ მრავალი სხვა საშინელება ჩაიდინა, არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც უამრავი საქმეა, სადაც წვრილმან დანაშაულში ეჭვიმტანილ პირს შეუფარდეს აღმკვეთი ღონისძიება. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ სასამართლო ძალიან არათანმიდევრულად იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ სიტუაციაში მართლმსაჯულებასა და სამართლიანობაზე ლაპარაკი უბრალოდ სისულელეა. სხვათა შორის, ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ უზენაეს სასამართლოში საიდუმლო თათბირებს ატარებენ და ცდილობენ, მოსამართლეები დაამუნათონ, შეაშინო ან დააშანტაჟონ და ისე მიაღებინონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციბებს. ვშიშობ, რომ ასეთი ქმედებით ზოგიერთი ჩემი ნამოწაფარი კიდევ უფრო დაიმძიმებს მდგომარეობას, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე თავად აღმოჩნდება.

- ის ფაქტი, რომ სასამართლო დანაშაულში ეჭვმიტანილ ყოფილ მაღალჩინოსნებს ხშირ შემთხვევაში აღმკვეთ ღონიძიებებს არ უფარდებს, პროკურატურის არასწორი მუშაობის შედეგიც ხომ არ არის?

- ცალკეულ შემთხვეაში შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მთლიანობაში სხვა სურათთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ პროკურატურა სწორად არ მუშაობს, მაგრამ რეალურად პრობლემა სხვა რამეშია. ამ 9 წლის განმავლობაში გამომძიებელმა და მოსამართლემ ფუნქცია დაკარგეს. ეს ხალხი აღარავის სჭირდებოდა. იყო მხოლოდ ერთი კაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა, კანონმდებელიც ის იყო, აღმასრულებელიც, აკადემიის რექტორიც, გამომძიებელიც და ტარიელ ონიანიც. როდესაც სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, აშკარად ვხედავდი, თუ როგორ კლებულობდა Uნელ-ნელა საქართველოდან ჩამოსულ საქმეებში დასაბუთებული გადაწყვეტილებები. ბოლოს უკვე ფარატინა ფურცლებს ვიღებდით. ახლა გამომძიებლები მუშაობას გადაჩვეულები არიან, ისინი მხოლოდ მითითებების შესრულებას შეეჩვივნენ. იგივე ითქმის მოსამართლეებზეც. ე.ი ამ ინსტიტუტებმა ფუნქციები დაკარგეს და ყველაფერი გაბითურდა. რა ქნას ახლა კბილაშვილმა? ეს კაცი თავს ძლივს უყრის კადრებს.

- რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სასამართლომ, უგულავასგან განსხვავებით აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა კეზერაშვილსა და ახალიას?

- ჩემია ზრით, "ნაციონალებს" უგულავაზე ძალიან სერიოზული ფსონი აქვთ დადებული, პრეზიდენტობისთვის ამზადებენ და ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ისე, უკუღმართი და მაკვარანცხული აზროვნება "ნაციონალებისთვის" დამახასიათებელია, ასე რომ, არ გამიკვირდებოდა უგულავა ციხეში რომ ჩაესვათ და წამებულის ეკლიანი გვირგვინით შეემკოთ. ეკლიანი გვირგვინიდან კი დაფნის გვირგვინამდე ძალიან ცოტა მანძილია. ისე კი, რაც არ უნდა ეცადონ მაინც ვეღარაფერს გააწყობენ. ისტორიის კანონზომიერება მოითხოვს, რომ "ნაციონალებმა" ყველაფერი კატასტროფული მარცხით დაასრულონ.

- ბატონო მინდია, უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ. თქვენი და სევდია უგრეხელიძე მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში გიგი უგულავას პოსტი დაეკავებინა და მისი საქმიანობა გაეგრძელებინა. მის პოზიციას როგორ შეაფსებთ?

- უხერხულობას მოგიხსნით და გულწრფელ პასუხს გაგცემთ. სამწუხაროდ, უკვე 27 წელია, რაც სევდიასთან უშუალო შეხვედრის და მასთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის პატივი არ მქონია. ამიტომ დაწვრილებით ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა ერთს გეტყვით: "მთისა და მიწის უფალმა საჯოს ესევითარი განუსჯელობა" ახლა დანარჩენი თავად განსაჯეთ. მე მას ვერაფერს ვურჩევ.

- თქვენს ნამოწაფარს, კოტე კუბლაშვილის თუ ურჩევდით რამეს?

- საქართველოში თუ ვინმე პოლიტიკოსია, თითქმის ყველა ჩემი ნამოწაფარია. ზოგიერთი მათგანით ვამაყობ, ზოგიერთი მათგანის გამო თავის მოკვლა მინდება. კუბლაშვილი მართლა კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ... სხვათა შორის, ის ერთხელ სტრასბურგში მესტუმრა. მე ვუმასპინძლე ისე, როგორც ქართველ კაცს ეკადრება. მაშინ მე მას ერთი ძალიან კონკრეტული რჩევა მივეცი, რომელიც საქართველოს, საქართველოს პრეზიდენტს და თავად კუბლაშვილსაც სასიკეთოდ წაადგებოდა. მან ეს რჩევა არ კი არა, ვერ გაითვალისწინა. ორი წლის მერე, რომ ვკითხე, -რა ქენი, რატომ არ ესაუბრე პრეზიდენტს იმ თემაზე, მე გელაპარაკე-მეთქი? იცით რა მიპასუხა? -ვერ შევბედეო. როდესაც კაცს ასეთი მონური დამოკიდებულება გაქვს, აუცილებლად დამარცხდები.

- ასეთი რა რჩევა მიეცით?

- ახლა ამაზე საჯაროდ საუბარი არც მართებული და აღარც რაიმე აზრი აქვს. უბრალოდ გეთყვით, რომ ჩვენს ქვეყაანს და ხელისუფლებას ერთნაირად კარგ შედეგს მოუტანდა. ამას არ გიამბობდი, მაგრამ ძალიან მინდა ეს ხალხი გამოვაფხიზლო და კიდევე ერთხელ მოვუწოდო, რომ ნებაყოფლობით მონობას შევეშვან.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)