დავით ბაქრაძის მეუღლე ბოდიშის მოხდას ითხოვს - კვირის პალიტრა

დავით ბაქრაძის მეუღლე ბოდიშის მოხდას ითხოვს

კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, ნოდარ ლიპარტელიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შექმნილი "ინსტიტუციომალური განვითარების ფონდი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონი ლარით ფინანსდებოდა. მისივე ინფორმაციით, ფონდის დამფუძნებლები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი და "ქარისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წევრი და იმჟამად პარლამენტის დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი. მოგვიანებით ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და განაცხადა, რომ მთავრობის განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად 1 მილიონ ლარს ჩიორა თაქთაქიშვილს, მაგდალინა ანიკაშვილს და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლეს, მაკა მეტრეველს ურიცხავდა. მისი თქმით, ფონდის ხელმძღვანელი და გამგეობის წევრი სწორედ დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი იყო, რასაც ქალბატონი მაკა კატეგორიულად უარყოფს.

ზემოთ ნახსენები ფონდის ვებსაიტიდან ვიგებთ, რომ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი" დაფუძნდა 2009 წლის 11 ივნისს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. იქვეა მითითებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ჩამონათვალი: სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე: ირაკლი ყიფშიძე; წევრები: ნათია ანასტასიადი, მაგდალინა ანიკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, მაკა ბეჟუაშვილი, თეონა ჭკადუა. აღმასრულებელი დირექტორი: ლალი ყიფშიძე.

მაკა მეტრეველი:

- არავითარი შეხება არ მქონია ამ ფონდთან, გუშინდლამდე მსგავსი ფონდის არსებობის თაობაზე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი და გვარი საიდან მოხვდა ამ ამბავში, წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ, ვიღაც სხვა მაკა მეტრეველი მუშაობს ალბათ იმ ფონდში და გაიგეს თუ არა, ეს გვარ-სახელი, გადაწყვიტეს, რომ ეს ბაქრაძის მეუღლე იყო. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მე ამ ადამიანებს აუცილებლად ვუჩივლებდი, ახლა კი შემოვიფარგლები მხოლოდ იმით, რომ მოვითხოვ მომიხადონ ისევე საჯაროდ ბოდიში, როგორ საჯაროდაც დამწამეს ცილი. მოიხადონ ბოდიში იმ ტყუილისთვის, რაც საზოგადოებას მიაწოდეს. სასამართლოში იმიტომ არ ვაპირებ ჩივილს, რომ უფრო მეტი პიარი არ გავუკეთო იმათ, ვინც ამის ღირსი არ არის.

- მაგდა ანიკაშვილთან და ჩიორა თაქთაქიშვილთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა გქონიათ ოდესმე?

- არა. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანებისთვის მხოლოდ გამარჯობა თუ მითქვამს. მათთან საქმიანი ურთიერთობა არასდროს მქონია. ფონდის პროფილიდან გამომდინარე, ეს არ არის ის სფერო, რომელშიც მე ვსაქმიანობდი. ვინც აცხადებს, რომ მე რაიმე კავშირი მქონდა ამ ფონდთან, დაამტკიცოს ეს დოკუმენტალურად. ასე სიტყვების ბრახა-ბრუხი ყველას შეუძლია. ეს სინდისის საქმეა. არ შეიძლება წინა ხელისუფლება ასე წინ და უკან სვარონ ტალახში.

ვესაუბრეთ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ქალბატონ მაგდა ანიკაშვილსაც.

- ქალბატონო მაგდა, ამ ფონდის დამფუძნებელთა შორის იყავით?

- არა. ფონდის დამფუძნებელი არ ვყოფილვარ და ვერც ვიქნებოდი. არ ვიცი, ინიციატივით შეიქმნა ფონდი თუ არა, მაგრამ როდესაც შეიქმნა, ითქვა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში უნდა ყოფილიყო საპარლამენტო წარმომადგენლობა - ერთი დეპუტატი უმცირესობიდან, ერთიც უმრავლესობიდან. შესაბამისად, უმცირესობამ გადაწყვიტა, რომ მე ვიქნებოდი მათი წარმომადგენელი, ხოლო უმრავლესობას წარმოადგენდა ჩიორა თაქთაქიშვილი. ჩემი მოვალეობა იყო, როდესაც ღია კონკურსის შედეგად შესული განაცხადების მიღება დასრულდებოდა, ფონდში წარდგენილ პროექტებს გავცნობოდი. შესაბამისად, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს მიგზავნიდნენ პროექტებს და მეც ჩემს აზრს გამოვთქვამდი მათ შესახებ. შემდეგ იმართებოდა საბჭოს სხდომა და უკვე ერთობლივად განიხილებოდა რომელი პროექტი იყო უფრო საინტერესო, რომელი - არა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თანხების გადარიცხვა-გადმორიცხვასთან, ზოგადად თანხის ხარჯვასთან, არავითარი კავშირი არ მქონია. მახსოვს, გარკვეული დროის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოში ვიღაცები შეიცვალნენ, მაგალითად, თავდაპირველად დათო აფრასიძე იყო წევრი, თუმცა მერე ის სასწავლებლად წავიდა ამერიკაში და ის შეცვალეს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია იმ ადამიანების მოტივაცია, რომლებიც დღეს ამაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინეს. ამასთანავე, ცილს მწამებენ ისე, რომ ფონდის შესახებ ინფორმაციაც კი არ გადაუმოწმებიათ.

- ანაზღაურებას თუ იღებდით სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე?

- კანონის შესაბამისად, პარალამენტის წევრი ვერსად იმუშავებს და ვერც ვერანაირ ანაზღაურებას მიიღებს. არანაირი ანაზღაურება არ მქონია, მით უფრო, სრული აბსურდია ის განცხადება, რომ თურმე ამ ფონდიდან თანხები პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ფონდის ადმინისტრაცია, რომ მისი მუშაობა ყოფილიყო გამჭვირვალე, შესაბამისად, მედიას მუდმივად მიეწოდებოდა ინფორმაცია გახორციელებულ პროექტებზე.

- ითქვა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლეს ჰქონდა კავშირი ამ ფონდთან...

- მე რაც კი ამ ფონდთან შეხება მქონია, სხდომები იქნებოდა ეს თუ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მაკა მეტრეველი არსად შემხვედრია და არც რაიმე დოკუმენტზე მინახავს მისი გვარ-სახელი.

ვცადეთ დავკავშირებოდით ჩიორა თაქთაქიშვილს, თუმცა მისი ტელეფონი პერმენენტულად გამორთული იყო. მან ამ საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბრისასაც.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)