კაზინო "აჭარის" დაყადაღების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორება იმალება?
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კაზინო სკანდალში ეხვევა, რომელშიც პოლიტიკური ანგარიშსწორებაც იკვეთება.
პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი და სულ ახლახან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე ამბობს, რომ კაზინოში წილებს ფლობდა. მისი შევიწროება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წელს მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციაში შევიდა.
კაზინოში ჩიღვინაძეს რამდენიმე მილიონი დოლარი ჰქონდა ჩადებული. როგორც თავად ამბობს, კაზინოს შენობის მეპატრონემ თემურ უგულავამ კონტრაქტი ოპოზიციაში შესვლისთანავე შეუწყვიტა, ჩადებული ფული კი "თი ბი სი" ბანკის გაურკვეველ ანგარიშზე ჩარიცხა, საიდანაც ჩიღვინაძეს არაფერი მიუღია.
სულ მალე, 2011 წლის 26 მაისს, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ივა ჩიღვინაძე დააკავეს. ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და ზარალის ანაზღაურებისთვის ბრძოლა დაიწყო. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში კი, ყველასთვის მოულოდნელად, "აჭარის" მოძრავი ქონება დააყადაღეს. ამ ამბავის გახმაურებისთანავე დაიწყო ბიზნესმენების კულუარული შეხვედრებიც. ჩიღვინაძე არსებულ უსამართლობას პოლიტიკურ სარჩულს უდებს, კვალი კი ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილსა, კოდუასა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან მიდის.
ჩიღვინაძის თქმით, 2009 წელს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გამოჩენის შემდეგ წილი მალევე ჩამოართვეს. როგორც თემურ უგულავამ უთხრა, კოდუამ და კეზერაშვილმა აიძულეს მისთვის წილი ჩამოერთვა და შემდეგ კაზინო ბიზნესმენ დავით იაკობაშვილისთვის მიეყიდა.
ჩიღვინაძე იმასაც ამბობს, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ, მას იაკობაშვილის წარმომადგენლები თხოვდნენ შეხვედრებს და მოლაპარაკებებს, შიშობდნენ, იაკობაშვილის იმიჯი არ შელახულიყო. მეტიც, მისი განცხადებით, მასთან იაკობაშვილის და კეზერაშვილის წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს განაგრძობენ და მის მიმართ მიყენებულ ზარალს ერთმანეთს და ასევე შენობის მფლობელს, ბიზნესმენ თემურ უგულავას აბრალებენ.
"ვერ გავიგე, ვინ ვის რას აბრალებს, მე ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. გარდა ჩადებული ფულისა, ზიანის ანაზღაურებასაც", _ აცხადებს ჩიღვინაძე.
დავით იაკობაშვილი, რომელიც მანამდე კაზინო "აჭარის" მფლობელის სტატუსით არ იცნობდნენ, მედიასთან აღიარებს, რომ კაზინოს მფლობელია, თუმცა ამბობს, რომ ჩიღვინაძეს საერთოდ არ იცნობს და თუ ჩიღვინაძეს ვინმესთან პრეტენზია უნდა ჰქონდეს, ეს შენობის მფლობელი თემურ უგულავაა. იაკობაშვილი არც იმას უარყოფს, რომ კეზერაშვილს იცნობს, თუმცა ამტკიცებს, რომ "აჭარა" მისი რჩევით ნამდვილად არ უყიდია. "კვირის პალიტრასთან" საუბარში მან განაცხადა: "ამ სიტუაციაში ჩემზე რატომ ხდება აპელირება მაშინ, როცა ივა ჩიღვინაძეს უგულავასთან ჰქონდა მოლაპარაკებები. რა კავშირი მაქვს მე მათთან, როდესაც კონტრაქტში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული, რომ მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას არანაირ შეთანხმებაზე, რომელიც წარსულში იყო. იმიტომ, რომ ჩემი ინფორმაციით, არანაირი ვალები არ იყო კაზინოში, რომელიც მე ვიყიდე, ყველა ვალი დაფარული იყო. ყველა პრეტენზია, რომელიც მომავალში შეიძლება გაჩნდეს, გამყიდველი მხარის პასუხისმგებლობის საკითხია".
როგორც მოსალოდნელი იყო, კეზერაშვილი ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია. თემურ უგულავა კი, რომელიც "აჭარის" შენობის გარდა, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-საც ფლობს, ჩიქვინავას პრეტენზიებს, თითქოს მან იძულებით მისცა კაზინო იაკობაშვილს, უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, დაზუსტებით არც კი იცის იმ კომპანიისა და მისი მფლობელის სახელი, რომელსაც შენობა მიაქირავა. მხოლოდ ის იცის, რომ დამქირავებელი ინგლისური კომპანიაა.
"ივა ჩიღვინაძე ბოდავს სტრუქტურულად. თუ ჩემზე რაიმე ზეწოლა განხორციელდა, მე თავად ვიტყვი და ივა ჩიღვინაძე ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობს", _ ამბობს უგულავა.
არ არის გამორიცხული, რომ სამოქალაქო დავა, რომელიც კაზინო "აჭარასთან" დაკავშირებით მიმდინარეობს, სისხლის სამართლებრივში გადაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ჩიღვინაძის განცხადებით, კაზინოში მეწილეობის დროს მას ჰყავდა პარტნიორები, რომელთაგან ერთ-ერთს, საპატიმროში, ყოველგვარი სოციალური მუშაკის გარეშე, უკანონოდ მოაწერინეს ხელი კონტრაქტზე უარის თქმის საბუთზე.
სასამართლო პროცესი კაზინო "აჭარასთან" დაკავშირებულ სამოქალაქო დავაზე 21 მარტისთვის არის დანიშნული.
ხათუნა გაგნიძე (სპეციალურად საიტისთვის)