"უგულავას მომავალმა მეუღლემ ვიცე-პოლკოვნიკი ქალი სამსახურიდან მომხსნა"
"ლელა კილაძემ გამოსტაცა საბუთები, ნაკუწებად აქცია და სახეში შეაყარა"
"რა ვიცოდი, მიშას თავგასულ პარიკმახერებსა და გრიმიორებს უდანაშაულო ვიცე-პოლკოვნიკის სამსახურიდან გაგდება თუ შეეძლოთ"
ვაკე-საბურთალოს რაიონის საპასპორტო, სავიზო და რეგისტრაციის სამსახურის ყოფილი უფროსი მანანა ბარბაქაძე აცხადებს, რომ კანონდარღვევის ფაქტებზე პასუხი არა მხოლოდ დედაქალაქის მერს, მის ცოლს, ლელა კილაძესაც უნდა მოეთხოვოს. ბარბაქაძის თქმით, გიგი უგულავას მომავალი ცოლი აიძულებდა, უკანონოდ გაეცა საზღვარგარეთის პასპორტი მისი მეგობრის სახელზე, რომელიც პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ლელა კილაძეს უცხოეთში უნდა წაეყვანა. უგულავას ამჟამინდელი მეუღლე მაშინ სააკაშვილის ვიზაჟისტი იყო, თუმცა, როგორც ბარბაქაძე ამბობს, წარმოუდგენლად დიდი უფლებებით სარგებლობდა.
მანანა ბარბაქაძე: - 2004 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ქალმა სახელმწიფო კანცელარიიდან მოიტანა ოფიციალური მომართვა, რომ ის პრეზიდენტთან ერთად მიემგზავრებოდა ლონდონში ოფიციალური ვიზიტით და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საზღვარგარეთის პასპორტი.
მომართვას ხელს აწერდა კანცელარიის შესაბამისი სამსახურის უფროსი ავთო ფავლენიშვილი (ეს ხდება ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მაშინდელი ახალი მთავრობა ვერ აგვარებდა პასპორტების გაცემის საკითხს, ვერ ახერხებდა უცხოეთიდან საკმარისი რაოდენობით მათ შემოტანას და შესაბამისად, დეფიციტიც იყო). პასპორტის მომზადების დროს გაირკვა, რომ მოქალაქე განაცხადსა და საბუთებში არასწორად მიუთითებდა სამუშაო ადგილს. ის კანცელარიაში კი არა, კაზინო "აჭარაში" მუშაობდა. როდესაც ვკითხე, სად მუშაობდა, პასუხი არ გამცა, ოთახიდან გავარდა და ცოტა ხანში დაბრუნდა მეორე გოგონასთან ერთად, რომელიც ძალიან გამომწვევად იქცეოდა.
მოკლედ, საქმის გასარჩევად კაზინოს თანამშრომელმა ლელა კილაძე მომიყვანა. თუმცა, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო და რატომ მისცა თავს ძალიან ბევრის უფლება. კარგად მახსოვს, ბრეტელებიანი სარაფანი ეცვა და მარჯვენა ხელი ჰქონდა თაბაშირში. მაშინ უგულავას ცოლი არ იყო და არც მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული მკერდი და ტუჩები ჰქონდა გაკეთებული. ჭორფლიანი, თხელი, გაცრეცილი გოგო მარცხენა ხელში ავტომობილის გასაღებს ძველბიჭურად ატრიალებდა. მოვიდა ჩემთან ახლოს, გასაღები ცხვირწინ დამიტრიალა და აგრესიულად მითხრა, შენ ვინ ხარ და ვინ გეკითხება საერთოდ, ვინ სად მუშაობს, გიჯობს, ახლავე პასპორტი გასცეო. ამ დროს ჩემს ოთახში იყო აწ გარდაცვლილი ინეზა ლომთაძე, ბათუმის რევოლუციის აქტიური მონაწილე. ინეზა გააოცა ამ ქალის ასეთმა თავხედობამ, ჩემი მაგიდიდან ყალბი საბუთები აიღო და ჭორფლიან გოგოს უთხრა, რომ ავთო ფავლენიშვილის სამსახური 4-5 თვის გაუქმებული იყო, ავთო კი ზურაბ ჟვანიასთან მუშაობდა, ჰოდა, ეს ხელმოწერაც და მომართვაც ყალბიაო. ინეზას წინადადებაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ლელა კილაძემ გამოსტაცა საბუთები, ნაკუწებად აქცია, სახეში შეაყარა და ოთახიდან გავარდა.
აღშფოთებულმა უფროსებს შევატყობინე, რაც მოხდა. ინეზამაც ახლობლებთან დარეკა, მაგ უზრდელ ქალს ჭკუა უნდა ვასწავლოო. ცოტა ხანში მოვიდნენ უშიშროების თანამშრომლები, მათ შორის - გია ალანია (გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მონაწილე), მალე მოვარდა კილაძეც. ალანია რომ დაინახა, ვიღაცას დაურეკა, ახლა აქ ალანია დამახვედრესო. ამის შემდეგ ალანიას დაურეკა იმ ვიღაცამ, როგორც მოგვიანებით გავიგე, გიგი უგულავამ. ალანია საუბრის დროს თავს აქნევდა და ყველაფერზე გაიძახოდა, დიახ, ბატონო გიგიო... მე უკვე დაწერილი მქონდა პატაკი და ვაპირებდი, იმ უზრდელისთვის თავისი საქციელის გამო პასუხი მომეთხოვა. ამ დროს მობილურზე დამირეკა მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, არაფრის თქმა არ მაცალა და ძალიან უხეშად მიბრძანა, პასპორტები გაეციო.
არც მიფიქრია მისი ბრმად მორჩილება, რადგან კარგად მქონდა გააზრებული, რომ უკანონობის ჩადენას მაიძულებდნენ, ამიტომაც პასპორტი, კანცელარიაში ოფიციალურად გატარებული ჩემი პატაკი და სახელმწიფო კანცელარიიდან მოტანილი ყალბი მომართვა გადავეცი გია ალანიას, რომელსაც მოვთხოვე ამ ფაქტზე რეაგირება. კაბინეტიდან გასვლისას ლელა კილაძე სამსახურიდან გაგდებით დამემუქრა. რა ვიცოდი, მიშას თავგასულ პარიკმახერებსა და გრიმიორებს უდანაშაულო ვიცე-პოლკოვნიკის სამსახურიდან გაგდება თუ შეეძლოთ.
- ამ ამბის გამო გაგათავისუფლეს სამსახურიდან?
- ასე გამოდის. სასწრაფოდ შეგვიცვალეს დეპარტამენტის უფროსი და 23 წლის ღლაპი, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი ირაკლი ფორჩხიძე დაგვინიშნეს. მან პირველსავე თათბირზე გამოგვიცხადა, თუ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ქორწინების სურვილით მოვლენ და განაცხადებენ, რომ უყვართ ერთმანეთი და არ ცნობენ ნათესაურ კავშირებს, დააქორწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გაგყრითო. თან პოლკოვნიკ ქალბატონს, სამისამართო საინფორმაციო სამსახურის უფროს ნორა დოლიძეს უთხრა, ძველი ხალხი მეზიზღებით, ერთი სული მაქვს, აქედან მოგიშოროთო(?!).
ყელში ამომივიდა მისი ბოდვა და ვუთხარი, ეროვნება და მამის სახელი ამოვიღეთ პასპორტებიდან და ტრადიციებსა და ღირსებაზეც უარი უნდა ვთქვათ? ჩვენს ნერვებზე ნუ თამაშობთ-მეთქი. გველივით მიყურებდა ახალი უფროსი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს სამუშაო ოთახში შემოცვივდნენ კოტე ვარძელაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე, თვითონ ირაკლი ფორჩხიძე და კიდევ სამი პირი. ფორჩხიძემ განმიცხადა, თქვენ მაგივრად ლევან ჯანაშია მიხედავს საქმეს, თავისუფალი ხართო. ჯანაშიამ წესიერად წერა-კითხვა არ იცოდა. როცა დავაპირე, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, პასპორტები, პირადობისა და ბინათმფლობელობის მოწმობები, ბეჭდები და შტამპები კომისიებით, წესების დაცვით, მიღება-ჩაბარების აქტებით გადამეცა, გამომიცხადეს, დაყარე დოკუმენტაცია, ჩვენ მივხედავთო. ვცადე, გათავისუფლების მიზეზი გამერკვია, მაგრამ ფორჩხიძემ დამცინავად მითხრა, ქალბატონო მანანა, თქვენ ძველ დროში ხართ ჩარჩენილი, ჩვენ კი ახალ ადამიანებს ვქმნითო(!). როგორი ადამიანები შექმნეს და რა დამართეს ქვეყანას, ეს უკვე იცით. რომ დასცლოდათ, ალბათ, ერთსქესიან ქორწინებასაც დააკანონებდნენ.
P.S. "კვირის პალიტრა" ამაოდ შეეცადა, ლელა კილაძეს დაჰკავშირებოდა. სამწუხაროდ, ქალბატონი ლელა ჟურნალისტებთან (ალბათ, ნაცნობების გარდა) სატელეფონო საუბრებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.