რა დოკუმენტის გამო დაიბარებენ კახა ბენდუქიძეს პროკურატურაში - კვირის პალიტრა

რა დოკუმენტის გამო დაიბარებენ კახა ბენდუქიძეს პროკურატურაში

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მასობრივ გამოსვლებს მთელი რიგი მოვლენები უძღოდა წინ. 2013 წლის 3 იანვარს უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შევიდა, რომელმაც უნივერსიტეტის საქმიანობის კომპლექსური შესწავლა დაიწყო. რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ სასწავლებელში არსებული განათლების ხარისხი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს. შედეგად, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შუალედური დასკვნის საფუძველზე, 13 მარტს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოერთვა.

ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი):

- მიუხედავად იმისა, რომ აგრარულ უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია, სასწავლო პროცესს ეს არანაირად არ შეაფერხებს. ავტორიზაციის აღდგენამდე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს უნდა დაბრუნდეს ძველი სტატუსი, ასევე ბენდუქიძის მიერ გაყრილი პროფესორ-მასწავლებლები. დღეს მათ მაგივრად ლექციებს კითხულობენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი-ბაკალავრები. განათლების სამინისტროს უკვე გადაეცა 40-კაციანი სია, რომელშიც აღნიშნული აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები პარალელურად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. არ შეიძლება ბაკალავრმა იკითხოს ლექციები უმაღლეს სასწავლებელში.

- როგორც ვიცი, პროკურატურაში შეიტანეთ სარჩელი.

- დიახ. კახა ბენდუქიძემ საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები გაუშვა უნივერსიტეტიდან. აქამდე რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევდა, რომელიც ბენდუქიძემ გააუქმა და რექტორად თავისი კადრი - ლაშა გოცირიძე მოიყვანა. ბენდუქიძემდე აგრარული უნივერსიტეტის წამყვანი დარგები მემცენარეობა და მეცხოველეობა იყო. ეს დარგებიც ფაქტობრივად გააუქმა და ჰიდროლოგიითა და მექანიზაციით ჩაანაცვლა. თავისუფალი უნივერსიტეტიდან გადმოიტანა ლოგიკა, ფილოსოფია და ა.შ. ბენდუქიძემ მოსპო ადამიანური რესურსი. ტექნოლოგიურ ფაკულტეტს არაჩვეულებრივი დეკანი ჰყავდა - ჭუჭულაშვილი. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანს განათლება მოსკოვში ჰქონდა მიღებული, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მექანიზაციის ფაკულტეტი საერთოდ გააუქმეს, კიდევ სხვა ფაკულტეტებიც დახურეს და თითო საგანში თითო კაცი დატოვეს. გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა - დაუბრუნდეს სახელმწიფოს აგრარული უნივერსიტეტი მთელი თავისი 230-მილიონიანი ქონებით. არსებობს აუდიტის დასკვნა, სადაც დაახლოებით ეს ციფრი სახელდება და ამხელა ქონება ბენდუქიძემ 6 მილიონ ლარად ჩაიგდო ხელში. მართალია, შემდეგ 16 მილიონი ლარის ინვესტირებაზე ალაპარაკდა, მაგრამ რა არის თუნდაც ეს თანხა მილიარდის მესამედთან შედარებით. პროკურატურის სარჩელში პირდაპირ გვაქვს დაყენებული კომერციულ გარიგებაში მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისგება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კახა ბენდუქიძის.

- ყოფილი პედაგოგები, კერძოდ, პროფესორი ლობჟანიძე ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ იმსხვრეოდა კოლბები ლაბორატორიაში, დიდ მეცნიერთა სურათები კი ფეხვეშ ითელებოდა.

- დიახ, ლაბორატორიებს აცარიელებდნენ, ბიბლიოთეკიდან წიგნებს და უნიკალურ ნაშრომებს ყრიდნენ, ვითომ რემონტისთვის ამზადებდნენ შენობას. სინამდვილეში კი ეს ვანდალიზმი იყო. კედლების შეღებვა არ ნიშნავს უნივერსიტეტში მდგომარეობის გამოსწორებას. სწორედ ახლა უნდა წავიდეს ეს პროცესი - აგრარული უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. თავის დროზე, კახა ბენდუქიძემ შექმნა ე.წ. "ცოდნის ფონდი" და ამ ფონდს გადაეცა აგრარული უნივერსიტეტი მთელი თავისი უძრავი ქონებით. დანარჩენი უკვე ფინანსური პოლიციის საქმეა, - თუ რამდენად ღირებულია ის დარღვევები, რომელიც რატომღაც იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ვინც აგრარული სექტორის, როგორც დარგის არსებობის წინააღმდეგი იყო ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

- ბატონო ლაშა, ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომელზეც დაფიქსირებულია კახა ბენდუქიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მისამართად მითითებულია დიღმის საცდელი ბაზა.

- ეს ნაკვეთი ეკუთვნოდა აგრარულ უნივერსიტეტს. ნაწილი გადავიდა ფონდის სახელზე, ნაწილი კი, როგორც ჩანს, თავის სახელზე გაიფორმა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე პროკურატურისა და ფინანსური სამსახურის გამოსაკვლევია.

"კვირის პალიტრა" აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს გაესაუბრა:

- ბატონო ლაშა, გვიამბეთ, რა ხდება?

- სრულიად გაუგებარია, რატომ შეუჩერეს ავტორიზაცია უნივერსიტეტს. დილის 5 სთ-მდე მიდიოდა ამ საკითხის გარშემო მსჯელობა. იყო რაღაც ბიუროკრატიულ პროცედურებთან დაკავშირებულ ტექნიკურ ნორმებზე საუბარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასაცილოც არის.

- თქვენი რექტორობის პერიოდში აგრარული უნივერსიტეტიდან 500 პედაგოგი და 2000-მდე სტუდენტი გაუშვეს..

- ეს ის ხალხია, ვინც, ელემენტარულად, ატესტაცია ვერ ჩააბარა და მათი უნივერსიტეტში შეშვება არ შეიძლებოდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ზიანის მომტანები არიან ახალგაზრდებისთვის.

- პროფესორები მართლა თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატებით ჩაანაცვლეთ?

- ხშირ შემთხვევაში ჩვენს მაღალკურსელ სტუდენტებს უფრო მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ამ სტაჟიან პედაგოგს. სიტყვა ასაკოვანი და პროფესიონალი უადგილოა. უნივერსიტეტში არ არის იმ ლექტორების ადგილი, ვისაც ნიშნის გაყიდვა და ქრთამის აღება შეუძლიათ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ საბჭომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ყველაფერი საბაბი იყო იმ გადაწყვეტილების "გასაფორმებლად", რომელიც ძირითადად ბენდუქიძეს უკავშირდება.

- თქვენ რჩებით რექტორის პოსტზე?

- ეს საკითხი ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია. რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი ჩვეულებრივად დაასრულებენ სემესტრს. ამასობაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას იმის დასამტკიცებლად, რომ ამ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა იყო არა მარტო უკანონო, არამედ სამარცხვინო გადაწყვეტილება.

- კახა ბენდუქიძეზე მინდა გკითხოთ. აგრარული უნივერსიტეტი თავის დროზე გადაეცა ე.წ. "ცოდნის ფონდს", რომლის დამფუძნებელიც კახა ბენდუქიძე გახლავთ. იგი ისევ ამ ფონდის ხელმძღვანელად რჩება?

- დიახ, ბენდუქიძე არის იმ ფონდის დამფუძნებელი, რომლის მეშვეობითაც აგრარულ უნივერსიტეტში ჩაიდო 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. ასე რომ, ვაგრძელებთ ჩვენს კურსს და სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივ გზას მივმართავთ.

თამარ როსტიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)