ეს იყო მარტო "ერისიონის" კი არა, ჯემალ ჭკუასელის ვაჟკაცური ნაბიჯი
"შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" - ეს იმ კინოშედევრების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც წლების განმავლობაში ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია ქმნიდა. მისი ფილმები ერთნაირად იზიდავს დახვეწილ ინტელექტუალსაც და რიგით მაყურებელსაც, ამავე დროს, ბატონი ელდარი ყოველთვის ქართული საზოგადოების შუაგულში ტრიალებდა - რად ღირს თუნდაც ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დატრიალებული ტრაგედია სწორედ ელდარ შენგელაიასა და მისი თანამოაზრეების დამსახურებით შეიტყო მთელმა მსოფლიომ. ცნობილ რეჟისორს ამჯერადაც ქართულ კულტურასა და ჩვენს საზოგადოებში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ:
- "ნუ იტაშფანდურებთ კრემლში!", "ჩამოერთვას "ერისიონს" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი" - ამგვარი ეპითეტებით შეხვდა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ანსამბლ "ერისიონს", რომელმაც ამ დღეებში მოსკოვში კონცერტები გამართა. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს თვალსაზრისი?
- ჩემი აზრით, "ერისიონის" მოსკოვში ჩასვლა ძალიან კარგი, დადებითი მოვლენა იყო. ეს იყო მარტო "ერისიონის" კი არა, ჯემალ ჭკუასელის მიერ გადადგმული ვაჟკაცური ნაბიჯი, რადგან მათ კარგად იცოდნენ ამას რა მოჰყვებოდა. ცოტა ხნის წინ ჩვენთანაც გაიმართა რუსული კინოხელოვნების დღეები და ესეც ძალიან კარგი, სასიამოვნო ფაქტია. საერთოდ, ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი მეზობელია, რუსეთი იქნება ეს, აზერბაიჯანი, თურქეთი, თუ სხვა, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. კულტურული ურთიერთობა ქმნის იმის საფუძველს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებიც მოწესრიგდეს. მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენ ერთმანეთის მეზობლები ვართ. ძალიან კარგად მახსენდება ჩემი ბავშვობა: ომის დროს ჩვენს ეზოში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. ყველას გვიჭირდა, მაგრამ მეზობლები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და მხარში ედგნენ ისე, რომ არავინ კითხულობდა, ვინ რა ეროვნების წარმომადგენელი იყო.
- თუმცა ზოგიერთი ძალიან გააღიზიანა იმან, რომ "ერისიონმა" კონცერტი კრემლში გამართა...
-კრემლი მარტო პოლიტიკური არენა არ არის, ეს კულტურული არენაცაა. იქ კლასიკური მუსიკის კონცერტებიც იმართება, საოპერო სპექტაკლებიც და ეს კულტურის მოღვაწეებმა კარგად იციან.…მე ამაში ვერავითარ დანაშაულს ვერ ვხედავ. თავის დროზე კრემლში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული "ვეფხისტყაოსანიც" აჩვენეს, მაგრამ ეს არც ღალატად შეურაცხავს ვინმეს და არც უარყოფით საქციელად.
- ბატონო ელდარ, თქვენ ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი შეგიქმნიათ რუს მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად.
- მარტო მე კი არა, მთელი ჩვენი თაობა გაიზარდა მოსკოვში, ძალიან ბევრი ქართველი რეჟისორი აღიზარდა მოსკოვის სახელმწიფო კინოინსტიტუტში. იქ მივიღეთ განათლება და იქ გავხდით პროფესიონალები, ამის დავიწყება უბრალოდ არ შეიძლება. მოსკოვში უამრავი მეგობარი მყავს - თეატრალური მოღვაწეები, მსახიობები, რეჟისორები... რთულია, ვიღაცის ბრძანებით ადამიანმა მეგობრები დაივიწყოს. ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად ვიყავი მოსკოვში, საოცრად თბილად დაგვხვდნენ - უამრავმა მეგობარმა დიდი სიყვარულით მიგვიღო და გვიმასპინძლა, რესტორანში კი არა, ოჯახებში გვეპატიჟებოდნენ. რუსეთში შეიქმნა ჩემი ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც ჩემს მეგობართან, ალექსეი სახაროვთან ერთად გადავიღე. "ზამთრის ზღაპარი" - ასე დავარქვით ფილმს, რომელშიც თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ევგენი ლეონოვი გადავიღეთ. ეს იყო მისი პირველი როლი, მისი სამსახიობო დებიუტი, გამოგიტყდებით, რომ ამ ფილმს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- ბატონო ელდარ, როგორ ფიქრობთ, კულტურული ურთიერთობების აღდგენა აფხაზებთან და ოსებთანაც უნდა მოვახერხოთ?
- მე დარწმუნებული ვარ, რუსეთთან ურთიერთობა თუ დათბება, აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემაც მოგვარდება, მართალია, ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, მაგრამ მაინც ასეა. პირველი ნაბიჯები ამ რთულ გზაზე კულტურამ და მეცნიერებამ უნდა გადადგას თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანურ ურთიერთობებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)