"არასასიამოვნოა, როცა ასეთ საშინელ ჭორებს იგონებენ შენზე" - კვირის პალიტრა

"არასასიამოვნოა, როცა ასეთ საშინელ ჭორებს იგონებენ შენზე"

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

მარიამ საჯაია, პარლამენტარი:

-21 წლის გოგონასთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო დეპუტატობა. კონკრეტულად ვისგან მიიღე შეთავაზება და თუ გიფიქრია, რომ რთულ საქმეს ეჭიდებოდი?

-ეს მართლა მოულოდნელი იყო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე ახალი სახე უნდა ყოფილიყო. ნამდვილად არ მეგონა, მე მათ რიცხვში თუ ვიქნებოდი. როგორც ჩანს, სპიკერობის დროს თავის წარმოჩენამ იქონია გავლენა. პარტიიდან დამირეკეს და საბუთების მიტანა მთხოვეს. ჩამოთვლილი საბუთებით ისე მივედი ოფისში, არ ვიცოდი, რისთვის სჭირდებოდათ. როცა ანკეტა შეავსეს, აღმოვაჩინე, რომ დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ვიყავი.

-დედათქვენი, ქალბატონი ნაზი არონია, "ნაცმოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი იყო. როგორ შეხვდა ის ამ წინადადებას? საერთოდ, ოჯახურმა ფაქტორმა ხომ არ განაპირობა, რომ "ნაცმოძრაობის" მომხრე და სახე ხარ?

-დედა ძალიან გამოცდილია და მას რჩევა ვკითხე. მეც დავფიქრდი, მაგრამ იმდენად კარგად ამიხსნეს, რატომ იყო საჭირო ახალგაზრდების ყოფნა პარლამენტში, ეს რომ ჩემებს ვუთხარი, მათაც სწორად გაიგეს. მე არ ვიყავი ერთადერთი ახალგაზრდა იმ სიაში. პროპორციული სიით 22 წლის კიდევ 2 გოგონა და 23 წლის ბიჭი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შედეგების გამო, ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

-საზოგადოების დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ კრიტიკულია. ისიც ვნახეთ, ზუგდიდში პრეზიდენტს კვერცხებით რომ დახვდნენ. ალბათ ხალხთან შეხვედრის დროს მსგავს დამოკიდებულებას შენც აწყდები. ეს არ გიქმნის დისკომფორტს?

-არ იფიქროთ, რომ ზუგდიდელები დახვდნენ ასე პრეზიდენტს. ერთი პატარა მართული ჯგუფი იყო, რომლებსაც ამაში ფულს უხდიან. მეც ვხვდები ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩემი "ფეისბუკის" გვერდზეც იწერება კრიტიკა და კარგი განწყობის წერილებიც. როცა ჯანსაღი კრიტიკაა, ამას ვითვალისწინებ. როცა მაქვს არგუმენტირებული პასუხი, მათ კრიტიკასაც ვპასუხობ. "ფეისბუკის" გვერდზე არასოდეს წამიშლია კრიტიკული წერილი, თუ ის არ არის ვინმეს პირადი შეურაცხყოფის შემცველი. ბევრი ოპოზიციონერიც მყავს მეგობრებში და განვიხილავთ "ფეისბუკზე" სხვადასხვა საკითხს. ყოველთვის უნდა მოისმინო განსხვავებული აზრი, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია, გაარკვიო სიმართლე.

-მახსოვს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტთან ერთად იყავით დუბაიში შენ და ალანა გაგლოევა, ამას მაშინვე გამოეხმაურე და "ფეისბუკზე" წერდი: "ოდესმე ხომ უნდა შეეშვან ზოგიერთები ბინძური თემებით სპეკულირებას?! ვისაც ჰგონია, რომ დუბაიში ვერთობი, რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძეზე, დავწერ, სადაც ვიქნები და დარწმუნდეს, რომ თბილისში ვარ". ალბათ შენი მისამართით მსგავს ამბებს ხშირად ისმენ, როგორ რეაგირებ ამაზე?

-რაღაც პერიოდულობით ვრცელდება ასეთი ჭორები. როცა სისულელე ვრცელდება, პირველ რიგში მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანს მოუვიდეს ასეთი რამ თავში. ეტყობა, ადამიანების ფანტაზია ძალიან შორს მიდის და ცდილობენ, ვიღაცის სახელი შებღალონ... მერე როცა გავაანალიზე, ძალიან გავბრაზდი. როცა იცი სისულელეა, ამაზე რაიმეს მტკიცება არ ღირს, მაგრამ ყველაფრის იგნორირებაც ძნელია. ცხადია, არასასიამოვნოა, როცა ასეთ საშინელ ჭორებს იგონებენ შენზე, მაგრამ მართლა იმდენად ვარ დაკავებული საქმეებით, არ მრჩება დრო იმისთვის, რომ ამაზე ბევრი ვიფიქრო. როცა იცი, რომ ტყუილია, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ერთადერთი, რაზეც ძალიან ვნერვიულობ და რასაც განვიცდი, ეს არის პოლიტიკური პროცესები, რაც ქვეყნაში მიდის.

-თქვენი გუნდი პრეზიდენტთან ერთად ავღანეთში იყო. იქნებ იქაური ამბები გაიხსენო?

-ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, სამხედრო ფორმა პირველად მეცვა... საერთოდ, დასაფასებელია თითოეული ჩვენი ჯარისკაცის თავგანწირვა. ისინი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში არიან და ამას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის აკეთებენ. როცა ვერტმფრენით ჰაერში ვიყავით, ორი უმართავი ნაღმტყორცნი იყო დამონტაჟებული ბაზის მიმართულებით და ყოველ წუთს იყო ჩამოგდების საფრთხე. როდესაც ავფრინდით, დასტური ჯერ კიდევ არ გვქონდა მიღებული, რომ ცეცხლი შეწყვეტილ იყო, თუმცა საბედნიეროდ, დაშვებამდე ჯარისკაცებმა საფრთხის განეიტრალება შეძლეს.

-ოჯახის წევრებმა უპრობლემოდ გაგიშვეს ავღანეთში?

-მათ ეს დაბრუნების შემდეგ გაიგეს. არ მინდოდა, ენერვიულათ. მით უმეტეს, იქ ღამით კავშირი ითიშება და რომ ვერ დამიკავშირდებოდნენ, ინერვიულებდნენ.. დაბრუნების შემდეგ ყველაზე მძაფრი რეაქცია ჩემს ძმას ჰქონდა. ძალიან ინერვიულა, -რაღაც რომ მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო?! ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი მრჩეველი პირველ რიგში მაინც ჩემი ოჯახია. თუმცა გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე ვიღებ.

-პარლამენტში შეიძლება ეროვნული ტანსაცმლით მოგიხდეთ სიარული. რომელ ტრადიციულ სამოსში წარმოგიდგენია შენი თავი?

-ახლანდელი ჩანაწერი გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო საქმიანი, ასევე იყოს ტრადიციული, ეროვნული. ვფიქრობ, არ იყო საჭირო ამის დამატება. შეიძლება რაღაც ელემენტი შევიტანო ჩემს ჩაცმულობაში, მაგრამ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვის რა აცვია. მთავარია, შინაგანად რა ღირებულების მატარებელი ხარ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.