სახელფასო მადა: საშუალო ხელფასი - 636 ლარი, მინისტრის - 10-ჯერ მეტი
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებს ხელფასები 12%-ით უმცირდებათ და ამიერიდან ისინი ხელზე 6300 ლარს მიიღებენ, პრემიის გამოწერის უფლება კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ექნებათ. საინტერესოა, რომ 2011-2012 წლებში მინისტრის საშუალო ხელფასი 3540 ლარი იყო, თუმცა მრავალჯერადი პრემიების გამოწერით მათი შემოსავლები ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის რანგში ნიკა გილაურის საშუალო შემოსავალი თვეში 12679 ლარი იყო, გიორგი ბარამიძის, როგორც მინისტრის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - 10200 ლარი, ხოლო კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თვეში 10117 ლარს იღებდა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელ ხელფასს, მისი საშუალო შემოსავალი თვეში 6516 ლარს შეადგენდა.
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
- იმის თქმა, რომ მინისტრების ხელფასის 12%-ით შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტი რამეს დაზოგავს და დამატებითი რესურსი გაჩნდება, ცოტა გადაჭარბებული მგონია.. მინისტრების რაოდენობა ჩვენთან შეზღუდულია, მათ საზოგადოება სახეზე იცნობს და ზოგის ბიოგრაფიაც კი თითქმის ზეპირად იცის. ამიტომ, მათი ხელფასების შემცირების მიზეზად ბიუჯეტის ეკონომიის დასახელება არ მგონია სწორი. თანაც, ჩვენს მინისტრებს ამით მნიშვნელოვნად არ შეუმცირდებათ შემოსავალი რიგ მიზეზთა გამო. ცნობილია, რომ ქვეყანაში არის დეფლაცია და არა ინფლაცია და ამის გათვალისწინებით 12%-იანი სახელფასო შემცირება რეალურ განზომილებაში მხოლოდ 9-9,5%-იანი შემცირება გამოდის. აქ უფრო სხვა მიზეზია, მათ შორის საზოგადოების მიმართ ერთგვარი სოლიდარობისა.. პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელფასის განსაზღვრისას. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებისკენ. ამა თუ იმ თანამდებობის პირის ხელფასის ოდენობა ხშირად დამოკიდებული იყო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე, მის სიმპათიებზე, გემოვნებაზე და მადაზე. ასე, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი კორპორაციული პატრიოტიზმიდან საერთო ეროვნულ სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმამდე.
- თქვენ საზოგადოების მიმართ სოლიდარობაზე საუბრობთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენია საქართველოში საშუალო ხელფასი, მაინც დიდია სხვაობა მინისტრის ხელფასსა და საშუალო სტატისტიკური ქართველის ხელფასს შორის...
- საშუალო ხელფასის 2012 წლის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგებით, საშუალო ხელფასის ოდენობა 800 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ჩვენთან საშუალო ხელფასის სიდიდე კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ ქვეყანაში ძალზე მცირეა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. ანუ, კატასტროფულად ცოტაა დაქირავებით დასაქმებულ პირთა რიცხვი. არ მომერიდება იმის თქმაც, რომ ეკონომიკურ პოტენციალთან შედარებით, ჩვენთან საშუალო ხელფასი ოდნავ იმაზე მაღალიც კი არის, ვიდრე ამის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი იძლევა. ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საშუალო ხელფასი იგივე პარიტეტით 40%-ით უფრო დაბალია.
საკმაოდ დიდია სხვაობა მინისტრის ხელფასსა და საშუალო სტატისტიკური ქართველის ხელფასს შორის, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი მთავრობის შრომის ღირსეულად ანაზღაურება და დაფასება. მაგალითად, 2003 წლამდე მინისტრების ხელფასები 160-170 ლარი იყო, პრეზიდენტის კი - 400 ლარი. ჩვენ უნდა ვიყოთ განსხვავებული სიმდიდრეში და არა გაწონასწორებული სიღარიბეში.
ხელფასები იზრდება ქვეყნის განვითარების კვალობაზე, ეკონომიკური პოტენციალისა და ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში. დღეს, მაგალითად, ჩვენ პენსიებზე გავცემთ ორჯერ მეტ თანხას მოცულობით, ვიდრე მთელი ბიუჯეტის შემოსავლები იყო 2003 წელს. ამიტომ ქართული ანდაზაა: ჭამა ქონებაზე კიდიაო.
ხელფასის განსაზღვრისას ბევრი პარამეტრია გათვალისწინებული, მათ შორის დახარჯული შრომის ოდენობა, ხარისხი, პასუხისმგებლობა და ა.შ. თავის დროზე ნაციონალებმა ხელფასში დამატებითი კომპონენტიც შეიტანეს - პოლიტიკური ლოიალობის. ეს არა მხოლოდ მინისტრებს ეხებოდა, არამედ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საკმაოდ დიდ კონტიგენტს. ისინი ხელფასს იღებდნენ არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოსთვის, არამედ იმისთვისაც, რომ პოლიტიკური ლოიალობა და თავისი ღია მხარდაჭერა გამოეხატათ არსებული მმართველი ძალის მიმართ. ეს იყო ნაციონალების ნოუ-ჰაუ სახელფასო პოლიტიკაში, ახალ მთავრობას კი ასეთი მიდგომის გამოყენება არ სურს.
რაც შეეხება პრემიას, ის ჩვეულებისამებრ განსაკუთრებული მონდომებისა და დავალების წარმატებით შესრულებისთვის გაიცემა. როცა ეს ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ეს მის პრესტიჟს ქმნის. ამიტომ პრემიას აქვს სტიმულირების ფუნქცია, ხშირად ის იღებს ეკონომიკურ გამოხატულებას, მაგრამ წახალისების სხვა ფორმებიც არსებობს: მორალური წახალისება, საზოგადოებრივი პრესტიჟი და ა.შ. ყოველთვიურად, ან თვეში რამდენჯერმე ფულადი პრემიის გაცემა, უკარგავს მას პირვანდელ დატვირთვას. დანამატი ჯობია შევიდეს ხელფასში, ჰპოვოს ადეკვატური ასახვა ხელფასის სიდიდეში, ხოლო პრემიის გაცემა წელიწადში ერთხელ ან განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდეს.
ზოგიერთი ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირის დეკლარირებული შემოსავლები (საშუალო შემოსავალი თვეში)
გურამ ჩალაგაშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 22 000 ლარი
ირაკლი ჩიქოვანი, კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის თავმჯდომარე - 18 081 ლარი
კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 10 230 ლარი

მურთაზ ზოდელავა, მთავარი პროკურორის რანგში - 9780 ლარი
რამაზ ნიკოლაიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობისას - 9145 ლარი
ალექსანდრე ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრობისას - 8794 ლარი
ხათუნა კალმახელიძე, სასჯელაღსრულების მინისტრის რანგში - 8113 ლარი
გიგი უგულავა, თბილისის მერი - 7950 ლარი
დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში - 7859 ლარი
დავით ჭაკუა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ყოფნისას - 7758 ლარი
ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)