"ბენდუქიძეს აწყობდა, რომ სტუდენტები ქუჩაში დაეტოვებინა"
"ბენდუქიძეს აწყობდა, რომ სტუდენტები ქუჩაში დაეტოვებინა"
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას იმდენად ემოციური პერიპეტიები ახლდა, რომ გასცდა საგანმანათლებლო სფეროს და მწვავე პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა და განათლების მინისტრს "საშიში კაცი" უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე ავტორიზაციის საბჭოსგან მოითხოვდა, გადაწყვეტილება შეეცვალა, კვირის ბოლოს თავად მოუწია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოთხოვნის შესრულებამ და სასწავლებლის შინაგანაწესი კანონმდებლობას შეუსაბამა. იყო თუ არა მთელი ეს აურზაური შეცდომა და ვინ უფრო დაზარალდა ამით, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა:
- აგრარული უნივერსიტეტის შინაგანაწესში შესწორება გაკეთდა და ორშაბათიდან დაიწყება უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღსადგენი პროცედურები, რის შემდგომაც აგრარული უნივერსიტეტი ჩვეულებრივ მიიღებს სტუდენტებს მომავალი სასწავლო წლისათვის... Pამ თემასთან დაკავშირებული ინსინუაციები აბსოლუტურად პოლიტიკური იყო. ბენდუქიძე სტუდენტებს ატყუებდა და ჩემზე შავ პიარს აგორებდა.
- კახა ბენდუქიძემ თქვა, ვიცოდი, რომ გიორგი მარგველაშვილი "რანიმი" ადამიანი იყო, მაგრამ საშიში ყოფილაო.
- არ მინდა ბენდუქიძის ნათქვამის კომენტირება. ისედაც ხანგრძლივი ურთიერთობა გამომივიდა მასთან.
- მიუხედავად ბენდუქიძისგან არაერთი შემოთავაზებისა, უარი თქვით მასთან დებატებზე.
- ბენდუქიძესთან პირდაპირ ეთერში არ დავჯდები, რადგან მან დებატები არ იცის, ის ილანძღება.
- რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება? ხომ ცხადი იყო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული დაედებოდა?
- ეს სავსებით ჩვეულებრივი პროცედურაა, მაგრამ ჩვენ არაჩვეულებრივ ხალხს ვეხებით, ვისი შეხების უფლებაც არ გვაქვს და რომლებიც ყველაფერს კუდს აბამენ. უმაღლესი სასწავლებლები მოწმდება სამი მიზეზით: რეგულარულად (ავტორიზაციის ვადის გასვლის შემდეგ), საჩივრის საფუძველზე ან კიდევ მაშინ, როდესაც შეფასების კითხვარში რაღაც დეტალებია შესასწორებელი. ამჯერად აგრარული უნივერსიტეტი შემოწმდა ამავე უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების საჩივრის გამო.
აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით და შევამოწმეთ. შარშან ასე არარეგულარულად 8 უნივერსიტეტი შემოწმდა. ზოგ მათგანს ავტორიზაცია შეუწყდა.
მათ შორის იყო შპს "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც იმდენად კარგად არის აღჭურვილი, რომ გემიც ჰყავს. პროცედურების ნაწილში ჰქონდა დარღვევები, გაასწორეს და უპრობლემოდ მიიღეს ავტორიზაცია. ასე რომ, აგრარული უნივერსიტეტი არავის შეუმოწმებია იმის გამო, რომ ის ბენდუქიძისაა.
- როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაცია გაუუქმდა, განაცხადეთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება აგრარული სექტორი, სადაც სტუდენტები უფასოდ ისწავლიან. თუ აგრარულმა უნივერსიტეტმა გაიარა ავტორიზაცია, თქვენი სიტყვა ძალაში დარჩება?
- ეს გეგმა უსათუოდ შესრულდება. ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე წამოწყებული იყო ეს პროექტი, რაც ამ დღეებში მოხდა, მისი ძალიან კარგი შედეგი ის არის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული სექტორი გაძლიერდება. ბენდუქიძე, რომელიც პოლიტიკურად ქოქავდა აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების ამბავს, არ ვიცოდი, რას იზამდა - იყო შანსი, უარი ეთქვა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც ავტორიზაციის საბჭომ აღმოაჩინა. Bბენდუქიძეს აწყობდა, რომ სტუდენტები ქუჩაში დაეტოვებინა და ამისთვის პოლიტიკური სარჩული დაედო. მივხვდი, ამ დროს კარგი იქნებოდა პროექტის გააქტიურება. ეს იქნებოდა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დაცულობის გარანტია და თუ ბენდუქიძე დაემორჩილებოდა კანონს, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეგვრჩებოდა აგრონომიის გაძლიერებული მიმართულება. საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტი გამოვიდა, - სტუდენტები დარჩებიან აგრარულ უნივერსიტეტში და პარალელურად ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაძლიერებთ ამ მიმართულებას. სოფლის მეურნეობის მინისტრი დათო კირვალიძე დამპირდა, რომ ზუსტ მითითებებს მოგვცემს ჩვენც და ტექნიკურ უნივერსიტეტსაც, თუ რა პროცესები იქნება სოფლად. აქედან გამომდინარე, სწავლების პროგრამა უშუალოდ უპასუხებს სამთავრობო პროგრამას სოფლად. შესაბამისად, ის სტუდენტები, რომლებიც ამ ფაკულტეტს დაამთავრებენ, იოლად დასაქმდებიან და უნივერსიტეტშიც უფასოდ ისწავლიან.
ვიღაცებთან დაპირისპირებაზე მეტად ახალი პროექტების გაკეთება მაინტერესებს.
- როგორც ექსპერტები აფასებენ, ბენდუქიძე 280 მლნ დოლარად ღირებულ ქონებას 4 მილიონ დოლარად დაეუფლა. ამ მიზეზით არ ჯობდა მისი შემოწმება?!
- ქონებრივ საკითხებში არა ვარ კომპეტენტური და არც დოკუმენტები მაქვს ნანახი რაიმე დარღვევაზე. ისე, ეს ამბავი მეც გამიგია. ისე არ გამიგოთ, რომ ეს საკითხი არ მადარდებს. ამ საკითხს უკვე სწავლობს პროკურატურა.
- გასულ დღეებში იმდენჯერ ახსენეთ, ავტორიზაციის კომისიაში წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული ხალხიაო, ვიფიქრე, რომ მათი საქმიანობის მიმართაც სკეპტიკურად იყავით განწყობილი.
- არც ერთ ეტაპზე არ მქონია ეს განცდა. მართლაც არავინ შემიცვლია არც ავტორიზაციის საბჭოში და არც ავტორიზაციის სამსახურში, თუმცა ეს ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სწორია. ახალ საქართველოში ადამიანებს ახალი შანსი უნდა მიეცეთ და არ უნდა დავიწყოთ ძველი კადრების პოლიტიკური დევნა.
- თუმცა რესურსცენტრებში დატოვებული ძველი კადრების გამო უკვე შეგექმნათ პრობლემა. მსმენია, რომ ძველი კადრები განათლების სამინისტროშიც ცდილობენ საქმე გაგიფუჭონ.
- რესურსცენტრებში თუ ვინმემ რამე დააშავა, შესაბამისი პასუხი მიიღო. როდესაც ძველი კადრი ობსტრუქციას აწყობს, უნდა შეცვალო, მაგრამ არა ერთი ხელის მოსმითა და პოლიტიკური ნიშნით. ველოდით, რომ იქნებოდა ობსტრუქცია და ეს გამოჩნდა რესურსცენტრებში. ნებისმიერ სამსახურებივ გულგრილობას ან ობსტრუქციას ეფექტური პასუხი მოჰყვება.
ამ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან არავითარი გადაცდომა არ ყოფილა. როდესაც ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაში წერია, რომ შინაგანაწესში არ იყო დაცული სტუდენტების უფლებები, რომ აგრარულ უნივერსიტეტს პროფესორების შტატში აყვანას სთხოვდნენ, ეს იმდენად ლოგიკურია, რომ ეჭვს ვერ შეიტან. როდესაც საბჭომ სოციალურად დაუცველი სტუდენტის უფლების დაცვა მოითხოვა კანონის მიხედვით, როგორ უნდა მეფიქრა, რომ საბჭომ უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და ხაფანგის დამგები გადაწყვეტილება მიიღო. ეს ყველაფერი კანონიერი იყო და საბჭოს როგორ ვეტყოდი, ეს რატომ გამიკეთეთ-მეთქი.
- მაინც რა იყო ეს პროცესი, რისი მომსწრენიც გავხდით?
- ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და ბენდუქიძისა და მისი თანამოაზრეების მთავარი გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ვანდალები, რომლებიც ინსტიტუტებს პოლიტიკური ნიშნით ვხურავთ. ეს პროცესი ბევრად ადრე მომზადდა. უკვე დამკვიდრებული იყო აზრი, რომ თურმე არასწორად ამობეჭდილი ტელეფონის ნომრისა და არასწორად დაკიდებული ფირნიშის გამო გაუუქმეს ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს. გაამზადეს კლიშე: ბენდუქიძე - სტუდენტების ინტერესების და აგრარული სექტორის დამცველი და მარგველაშვილი - სტუდენტების მტერი და უნივერსიტეტის დამკეტავი, მაგრამ პიარსა და ტყუილს მოკლე ვადა აქვს. ვინც დღეს ვერ დაინახა სიმართლე, ხვალ დაინახავს. სტუდენტები კი არა, ბევრი პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად გამოცდილიც კი მოტყუვდა. ტყუილი ყოველთვის დამარცხდება, როცა მართალი ხარ, არ უნდა შეგეშინდეს სიმართლის თქმისა.
- ამ პერიპეტიების შემდეგ გამარჯვების განცდა გაქვთ?
- ეს არ იყო ჩემი გამარჯვება. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის კაცობის შედეგი. მას რომ ერთი წამით ეჭვი შეჰპაროდა ჩემში, ვერ გავიმარჯვებდი. კაცი, ვინც პირველსავე დღეს მითხრა, გიორგი, შენ სიმართლეს ამბობ და ჩემთვის სხვას მნიშველობა არა აქვს, იცოდე, შენ გვერდით ვდგავარო, ბატონი ბიძინა იყო. როდესაც ერთი კაცი მაინც არის ამ ქვეყანაში, რომელსაც შენი სჯერა, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს.