რა უნდათ ქართველებს მალიში?
რა უნდა ვისწავლოთ ქართველებმა და რა უნდა მოვთხოვოთ თავდაცვას
ქართველ ჯარისკაცებს მალე მალიში გაგზავნიან. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს და ამჟამად მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დეტალები ზუსტდება. ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ბარონესა ქეთრინ ეშტონმა, გასული წლის ბოლოს, საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია მონაწილეობს. მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500-კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისა და ასევე, 70-კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.
რას მოგვცემს ქართველი სამხედროების მალიში გაგზავნა, როგორ პირობებში მოუწევთ მათ მისიის შესრულება და რა საფთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გვესაუბრებიან: ექსპერტი სამხედრო საკითხებში - გიორგი თავდგირიძე, კავკასიის კონფედერაციის თავმჯდომარე - ზაალ ქასრელიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი - დავით თევზაძე.
გიორგი თავდგირიძე - იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს "ნატოში" მიღების საკითხი დადგება. ჩვენს გვერდით მებრძოლი ქვეყნები აუცილებლად გაგვიწევენ რეკომენდაციას
- მე და ჩემს თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ ყველა სამხედრო მისიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნატოს ეგიდით ხორციელდება, საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ეს იქნება ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. გარდა ამისა, მისია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს პროფესიული კუთხით განვითარების საშუალება მიეცემათ. თუმცა, ცალკეულ მისიას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, თითოეული სხვადასხვა რისკ-ფაქტორს შეიცავს. რაც შეეხება მალის, ეს არის მისია, რომელშიც ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ. აქ წარმოდგენილი იქნება ნატოს ქვეყნები, ამიტომ ამ მისიაში ჩვენი არმიის მონაწილეობა ევროპული მასშტაბით საქართველოს ავტორიტეტის გაზრდას უზრუნველყოფს. ეს ძალიან წაგვადგება, იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს "ნატოში" მიღების საკითხი დადგება. ჩვენს გვერდით მებრძოლი ქვეყნები აუცილებლად გაგვიწევენ რეკომენდაციას.
- იმ რისკფაქტორების შესახებ რას იტყვით, რაც ამ მისიას ახლავს?
- მოგახსენებთ: მისიაში მონაწილეობის პოლიტიკური მოტივაცია აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, მაგრამ აუცილებლად უნდა განისაზღვროს და შეფასდეს ის საფრთხეები და რისკფაქტორები, რაც მისიას ახლავს. ფრანგებს აუცილებლად ექნებათ შესწავლილი მალის კლიმატური პირობები და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი დაავადებები. ამ საკითხით ჩვენც უნდა დავინტერესდეთ. აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ესა თუ ის თემა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ შევაფასოთ და მასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეებიც კარგად შევაფასოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევისწავლოთ, როგორი შეიძლება იყოს კლიმატის ზეგავლენა და სოციალური გარემო ქართველ სამხედროებზე. ერაყსა და ავღანეთში ქართველი სამხედრო ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არ ყოფილა, მაგრამ არ ვიცით, რა გავლენას იქონიებს მასზე აფრიკის უდაბნო. სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხებს ძალიან ზერელედ ვუყურებთ.
დროა, ქართულმა საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში სიღრმისეულად ჩაიხედოს და თავდაცვის სისტემას მეტი კომპეტენტურობა მოსთხოვოს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ განცხადებით, რომ მალის ოპერაციაში მონაწილეობას ვიღებთ.
- ბატონო გიორგი, მოდი, მკითხველს გავაცნოთ, მაინც ვინ არიან ეს ტუარეგი სეპარატისტები და რისთვის იბრძვიან.
- 2012 წლის 6 აპრილს, ტუარეგი სეპარატისტების მიერ მართულმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილმა, აზავადმა მალისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.
ეს არის ტერიტორია, რომელიც მოიცავს მალის ჩრდილოეთს, რაც ალჟირის ტერიტორიასა და გერმანიაზე ორნახევარჯერ დიდია. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, 26 მილიონია. აზავადი ძირითადად მომთაბარე ტომთა გაერთიანებებისგან შედგება.
ამ რეგიონის თემს წარმოადგენს ქალაქი ტიმბუქტუ, რომელიც ცოტა ხნის წინ სეპარატისტების გავლენის ქვეშ იყო და მალის არმიამ მხოლოდ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით მოახერხა მისი გათავისუფლება. სხვათა შორის, ტუარეგების დიდი ნაწილი კადაფის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკმაოდ დიდი სამხედრო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ასე რომ, თუ მათ კარგი დაფინანსება ექნებათ, საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებს შეუქმნიან მისიის მონაწილეებს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზული პრობლემები აქვს თავად მალის შეიარაღებულ ჯარებს. მათ სამხედრო გამოცდილება აკლიათ და კარგად მომზადება სჭირდებათ იმისთვის, რომ აზავადზე კონტროლის განხორციელება დამოუკიდებლად შეძლონ. პრინციპში, მისიის მიზანიც ეს არის და არა საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს კიდეც, რომ მისიის ფარგლებში, საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ არ ჩაერევიან და საბრძოლო შეტაკებებსა და ფარტომასშტაბიან ღონისძიებებზე ლაპარაკი არ იქნება.
ზაალ ქასრელიშვილი - ალბათ ჩვენ მესამე ხარისხოვან ქვეყნად მიგვიჩნიეს და უპრობლემოდ მიგვითითეს კონფლიქტში ჩართვისკენ
- მალიში ქართველებს ძალიან მძიმე პირობები დახვდებათ. გარდა იმისა, რომ იქ აუტანელი სიცხეა, ტროპიკული დაავადებების საფრთხეც დიდია. არ ვიცი, რა ვალდებულება აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო საზოგადოების, კონკრეტულად ნატოს წინაშე. როგორც ცნობილია, მალიში საფრანგეთი აწარმოებს საომარ მოქმედებას. მე თავდაცვის მინისტრთან არანაირი შეხება არ მაქვს (მადლობა ღმერთს ამისთვის) და კულუარებში რა ხდება, არ ვიცი.
თუ ჩვენს მთავრობას საფრანგეთთან რაიმე ვალდებულება აქვს, კი ბატონო, უნდა მიიღონ მისიაში მონაწილეობა, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ არ მესმის, რატომ ვაგდებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლეს საფრთხეში.
- რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ ქართველი სამხედროები?
- იქ ძალიან სერიოზულად დგას ფუნდამენტური ისლამის პრობლემა. უკვე მეორედ, ქართული დროშის ქვეშ მებრძოლები სალაჰიდების, იგივე ვაჰაბიტების წინააღმდეგობას გადააწყდებიან. ძალიან დაძაბული ვითარებაა. მართალია, მეამბოხეებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლები დამთავრდა. ეს მეამბოხეების სტრატეგიაა. როდესაც მათ დიდი ძალა, კოალიცია უტევს, უკან იხევენ, იშლებიან და პარტიზანულ ბრძოლას იწყებენ. მალიში ეს პროცესი საწყის ეტაპზეა, განსხვავებით ავღანეთისგან, სადაც ბრძოლა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც მებრძოლები, ისე მოსახლეობა ფსიქოლოგიურად გადაღლილები არიან.
- რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ავღანელი და ტუარეგი ექსტრემისტები ბრძოლისუნარიანობითა და სისასტიკით?
- ყველასთვის ცნობილია, რომ ავღანელები კარგი მებრძოლები არიან, მაგრამ იქ ასე თუ ისე ტერიტორიები და გავლენის სფეროები მეტნაკლებად გადანაწილებულია, შედარებით უსაფრთხო სიტუაციაა. მალიში კი ახლა იწყება ყველაფერი. მართალია, ფრანგულ კონტინგენტს სურს, რომ მალე დაამთავროს ოპერაცია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ასე არ იქნება და მალის სახით კიდევ ერთ გაჭიანურებულ კონფლიქტს მივიღებთ.
- ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონე როგორია?
- თუ 2008 წლის ომის შედეგებით ვიმსჯელებთ, სახარბიელოს ვერაფერს გეტყვით. სხვა ქვეყნები, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ძალიან ერიდებიან ტუარიგების კონფლიქტში ჩარევას. ალბათ ჩვენ მესამე ხარისხოვან ქვეყნად მიგვიჩნიეს და უპრობლემოდ მიგვითითეს კონფლიქტში ჩართვისკენ. ჩვენც ხომ გამუდმებით იმას ვცდილობთ, ვიღაცას თავი მოვაწონოთ. ოღონდ ნატოში მიგვიღონ და ყველგან ბრძოლისთვის მზად ვართ. პირადად მე ვერც ეშტონის თხოვნის მოტივი გავიგე და ვერც ამ მისიაში ჩვენი მონაწილეობის იურიდიული საფუძველი დავინახე.
დავით თევზაძე - ტუარეგები მებრძოლი ხალხია, ავღანელებს არც სამშოლოს სიყვარულში ჩამოუვარდებიან და არც თავგანწირვაში
- ჩემი აზრით, მალის მისიაში მონაწილეობის მიღება ჩვენი არმიისთვის სასარგებლოა, რადგან ის ერაყისა და ავღანეთის მისიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებსა თუ რიგით ჯარისკაცებს საკმაოდ დიდ გამოცდილებას შემატებს. ზოგადად მისიების პოლიტიკური დანიშნულება დროშის ჩვენებაა და ის ფაქტი, რომ მალის მისიაში ქართული კონტინგენტი იქნება, ეს უკვე თავისთავად კარგია. - ეს პოლიტიკური ხედვების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისს - თავისებური მისიაა და სპეციფიკური უნარები სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი მისიებისთვის კარგად მომზადებული არმია გვყავს. კარგი იქნება, თუ ოფიცრების გარკვეული რაოდენობა საბრძოლო თუ სხვა სამხედრო მოქმედებების უზრუნველყოფის პრაქტიკას გაეცნობა.
- როგორი მებრძოლები არიან ტუარეგი სეპარატისტები, რომლებთანაც ქართველებს მოუწევთ დაპირისპირება?
- მებრძოლი ხალხია. ავღანელებს არც სამშოლოს სიყვარულში ჩამოუვარდებიან და არც თავგანწირვაში.
პ.ს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დეტალები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დაზუსტებული, თავდაცვის სამინისტრო, ასევე პარლამენტისა და უშიშროების კომიტეტი თემაზე საუბრისგან თავს იკავებს.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)