ვახტანგ ხმალაძე: "ბიძინა ივანიშვილი კარგად რომ მიცნობდეს, პრეზიდენტობის კანდიდატად არ დამასახელებდა!.."
ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":
- ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რამდენად კომფორტული აღმოჩნდა მშფოთვარე პოლიტიკა?
- კომფორტული არც მაშინ ყოფილა და არც ახლა არის. ეს სიმშვიდე ნერვების ფასად ჯდება. არც ისეთი მშვიდი ვარ, როგორც ჩანს ხოლმე. წონასწორობიდან მეც გამოვსულვარ, მაგრამ იშვიათად.
- ჩვენ არ გვინახავს...
- თქვენ არ გინახავთ, სხვას უნახავს (იღიმება). ისეთი რამეც კი მომხდარა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ალბათ ბევრს ჰქონია აფექტის მდგომარეობა, როცა რეაქცია მოდის არა გონიდან, არამედ ინსტინქტებიდან. იყო შემთხვევა წლების წინ, როცა პარლამენტში ერთ კაცს სახეში ვლეწე. არ მიფიქრია, უბრალოდ, მომაყენა შეურაცხყოფა და იყო ჩემი მყისიერი რეაქცია. მის ვინაობას არ გავამხელ. ამ ფაქტს მოწმე არ შესწრებია. ეს დერეფანში მოხდა. ხმაურზე ჟურნალისტები გამოცვივდნენ, მაგრამ ფაქტი ვერ ნახეს. იქ რომ ჟურნალისტები ყოფილიყვნენ, მაინც ასეთი რეაქცია მექნებოდა. იყო სიტყვა და მომენტალური რეაქცია. ეს პიროვნულ შეურაცხყოფას უკავშირდებოდა.
1989 წლიდან აქტიურად ვარ ჩაბმული ამ საქმეში, 20 წელზე მეტი გავიდა... ოთხი შვილიშვილი მეზრდება, თავის დროზე ჩემს შვილებს, ქალ-ვაჟი მყავს, სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობდი. დღემდე დანანებით მეუბნებიან, შენ ჩვენთვის არ გეცალაო. მინდა, შვილიშვილებს მაინც მივაქციო ყურადღება, ბოლოს და ბოლოს, დავჯდე და წიგნის წაკითხვით სულიერი სიამოვნება მივიღო. ისეთი ვითარება იყო, პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავდი, მაგრამ 2011 წლის შემოდგომით რა პროცესიც დაიწყო საქართველოში, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ამან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ჩემი გადაწყვეტილებაც. ჩემმა მეგობრებმა, კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ ამ საქმეში ჩემი მონაწილეობა საერთო საქმეს წაადგებოდა. აქ უკვე უარი ვეღარ ვთქვი. შარშან მთელი ზაფხული ქუჩა-ქუჩა დავწანწალებდი ძაღლივით ჩემს თანატოლებსა თუ გაცილებით ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად (იცინის). ხდება ხოლმე ისეც, რომ მოვლენებს შენ კი არ მართავ, ისინი გმართავენ...
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.