საპრეზიდენტო მარათონი ძალაში შედის: კასტინგი დაწყებულია - კვირის პალიტრა

საპრეზიდენტო მარათონი ძალაში შედის: კასტინგი დაწყებულია

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დღითიდღე აქტუალური ხდება, უკვე მიდის მსჯელობა სავარაუდო კანდიდატებზეც. საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი პრემიერისა და მისი გუნდის დამოკიდებულება ბოლო ხანს რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან გაკეთდა განცხადება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არსებული წესით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდებოდა. მერე კოალიციის რიგმა წევრებმა დაიწყეს ლაპარაკი - იქნება სჯობდეს და პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტიო. თითქოს ივანიშვილმაც გამოხატა კეთილგანწყობა ამ მოდელის მიმართ, მაგრამ საზოგადოების უარყოფითი რეაქციიდან გამომდინარე, ეს ინიციატივა დღის წესრიგიდან მოიხსნა. მოკლედ, 2013 წლის არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით. როგორც უკვე ვთქვი, სახელდება სავარაუდო კანდიდატები, რომელთა შეფასებაც ექსპერტებს - კახა კახიშვილსა და რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.

კახა კახიშვილი  - "არსებობს ეჭვი, რომ ვასაძე ემზადება ბიძინა ივანიშვილის შემდგომი პრემიერობისთვის..."

- დავიწყოთ იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ახლად არჩეული პრეზიდენტი აღარ იქნება იმგვარი მასშტაბური უფლებებით აღჭურვილი, როგორც დღეს არის. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციის გადახედვას გვპირდება, ჯერჯერობით არანაირი საკონსტიტუციო კომისია არ შექმნილა, ამიტომაც დღეს რთული სათქმელია, რა უფლებების მქონე პრეზიდენტი გვეყოლება. ცხადია, მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ნაწილს სურს, რომ თავიანთი პარტიის წევრი იხილონ პრეზიდენტის თანამდებობაზე. მით უფრო იმ ფონზე, რომ ივანიშვილი შიგადაშიგ ლაპარაკობს 2-3 წელიწადში პოლიტიკიდან წასვლაზე. შესაბამისად, ეს პოლიტიკური სუბიექტები ყველაფერს ეცდებიან პოზიციების გასამყარებლად. ამიტომაც შიდა ინტრიგები კოალიციაში იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ ერთ კანდიდატზე შეთანხმდებიან. 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და კოალიციის კონტურებიც მეტ-ნაკლებად გამოჩნდა, ხმამაღლა ითქვა, რომ არჩევნების მოგების შემდეგ უმაღლესი თანამდებობები ასე გადანაწილდებოდა: პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი და პრეზიდენტი - ირაკლი ალასანია. პირველ ორ შემთხვევაში ეს მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ალასანიას მიმართ აშკარად დაიძაბა დამოკიდებულება. ჩვენ ვნახეთ პრემიერსა და ალასანიას შორის ღიად გამოხატული უთანხმოება. ჯერჯერობით ის მხოლოდ მინისტრის პოზიციაზეა, მას ჩამოერთვა ვიცე-პრემიერის პოლიტიკური რანგი და ფაქტობრივად, პრემიერმა არაერთხელ მიანიშნა, რომ ირაკლი ალასანიას ვერ ხედავს პრეზიდენტობის კანდიდატად. თანაც მიანიშნა ეს გაცილებით ადრე, ვიდრე ივანიშვილსა და ალასანიას შორის არსებული უკმაყოფილების თაობაზე გავიგებდით რამეს, ვგულისხმობ, პრემიერის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატად მოსწონს ვახტანგ ხმალაძე. ეს იყო პირველი ირიბი მინიშნება. ამავდრულად მას აინტერესებდა საზოგადოების რეაქცია, რადგანაც საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა ირაკლი ალასანია. დარწმუნებული ვარ, რეალურად ივანიშვილი სულაც არ ფიქრობდა, რომ ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა ალასანიასნაირი პრეზიდენტი შეიძლება არ შედიოდეს კოალიციის ინტერესებში, მაგრამ შედიოდეს სხვა გუნდის ინტერესებში. ის, რომ დღეს ალასანია ჩუმადაა და მან თითქოს გაიზიარა პრემიერის შენიშვნები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უარი თქვა პრეზიდენტობის სურვილზე. უბრალოდ, ის დაელოდება პროცესების განვითარებას, გააკეთებს ანალიზს და რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტს კოალიციისგან დამოუკიდებლად პრეზიდენტობაზე კენჭისყრას, ამას არ იტყვის ნაადრევად. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გარკვეულ დონეზე ალასანიას კონტროლი ხდება. ახლა ასპარეზზე გამოჩნდა ლევან ვასაძე, თუ გახსოვთ ვასაძის პიროვნება დროდადრო აქტიურდებოდა ხოლმე პოლიტიკურ ასპარეზზე, ასე იყო ივანიშვილის გამოჩენამდეც, სწორედ მასზე იყო ლაპარაკი როგორც ერთიანი ოპოზიციის შესაძლო ლიდერზე. მაშინ ამაზე უარი თქვა. დღეს ის კვლავ გააქტიურდა. მან გამოაქვეყნა წერილი, სადაც მოცემულია საქართველოს განვითარების მისეული ხედვა, ანუ აშკარაა, რომ საზოგადოებაში გარკვეული აზრის დამკვიდრება ხდება.

- ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ლევან ვასაძე შესაძლოა კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს?

- პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და ვასაძე შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ კოალიციის კანდიდატად, თუმცა მე ეს ნაკლებად მგონია. არსებობს ეჭვი, რომ ის ემზადება ბიძინა ივანიშვილის შემდგომი პრემიერობისთვის. სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებზე იქნება ბევრი კანდიდატი. შეიძლება, მათ კარგად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ ჩვენთან ხომ იცით, დამკვიდრებულია ტერმინი - მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. ვფიქრობ, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას შალვა ნათელაშვილი და შეეცდება ლეიბორისტული პარტიის ამგვარად გააქტუალურებას. ასევე მიიღებს მონაწილეობას ნინო ბურჯანაძეც. პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობასაც", მიუხედავდ იმისა, რომ წარმოუდგენელია მათი კანდიდატის გამარჯვება. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ ეს იქნება გიგი უგულავა, თუ მანამდე სასამართლოს რეფორმამ არ მოუსწრო და სასამართლომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თაობაზე ადეკვატური გადაწყვეტილებები არ მიიღო. მოკლედ, შეეცდებიან კანდიდატობით უგულავას ერთგვარი მეხამრიდი შეუქმნან და მისი პასუხისგების საკითხი პოლიტიკურ დევნად კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოაცხადონ.

- ამ პრინციპის გათვალისწინებით რატომ არ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი?

- იმიტომ, რომ მერაბიშვილს ჯერჯერობით არ ეხებიან. გარდა ამისა, გიგისთან ძალიან ბევრი კითხვაა, რაც ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას შეეხება. უგულავას პასუხისგებაში მიცემა ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი უკანონო ფინანსური სქემა გახდება ცნობილი.

- მმართველი კოალიციის სავარაუდო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილიც დასახელდა…

- პოლიტიკური ტექნოლოგია ბევრ ხერხს იცნობს, რომლითაც საზოგადოებრივი განწყობის დანახვაა შესაძლებელი. ზოგჯერ ამა თუ იმ თანამდებობაზე პიროვნებებს მხოლოდ იმიტომ ასახელებენ, რომ საზოგადოების განწყობა გაიგონ. როგორც ვიცი, ისიც კი ითქვა, რომ შესაძლოა პოეტი დავით მაღრაძე იყოს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.არწმუნებული ვარ, უკვე დაწყებულია კონსულტაციები და ივანიშვილი ჯერ მხოლოდ სხვის აზრებს ისმენს. ბოლო წუთს კი შეიძლება ისე შეცვალოს ყველაფერი და ისეთი ვინმე დასახელდეს, მანამდე საერთოდ რომ არ იყო ნახსენები.

რამაზ საყვარელიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ თუ ირაკლი ალასანიას კანდიდატურა კოალიციისთვის მისაღები არ გამოდგა, ის არ დაიწყებს ცალკე თამაშს."

- ჯერჯერობით იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა და რაც ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა, ვიცით, რომ პრეზიდენტს ექნება ერთგვარი არბიტრის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუ ახალი პრეზიდენტი არ იქნება პარლამენტში არსებული იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი, რომლებიც მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები არიან.

"ქართული ოცნების" ნებისმიერ კანდიდატს, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ექნება სწორედ ეს მინუსი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატიც მიბმული იქნება პოლიტიკურ ინტერესებზე. ასეთ შემთხვევაში სრულიად ნორმალური მგონია ლევან ვასაძის მიმართ საზოგადების ინტერესი. ვასაძე კი ამბობს, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებული წერილი სწორედ პოლიტიკური ხასიათისაა და ერთგვარად საპროგრამო დოკუმენტსაც მოგვაგონებს. ჩემი აზრით, ასევე საინტერესო იქნებოდა ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა. "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რომ კრიტიკულად არის ის განწყობილი, კარგად ვიცით და სავარაუდოდ, არც "ქართული ოცნების" მიმართ უნდა იყოს კეთილგანწყობილი, რადგან მან არაერთხელ გადადგა ამ პოლიტიკური ძალისკენ ნაბიჯი, თუმცა ამაოდ.

რაც ახლა ვთქვი, ეს უფრო ჩემი სურვილია, რაც საზოგადოებასა და სახელმწიფოებრიობას წაადგებოდა, თუმცა ალბათ ძნელად სავარაუდოა პროცესების ასე განვითარება. რაც შეეხება "ქართული ოცნების" სავარაუდო კანდიდატებს, რთული სათქმელია, საბოლოოდ ვისზე შეჩერდება ყურადღება - ვახტანგ ხმალაძის მსგავს მაღალი რანგის პროფესიონალზე, რომელიც ზედმეტი ემოციების გარეშე შეძლებს სიტუაციის შეფასებას, თუ დინამიკურ ირაკლი ალასანიაზე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ირაკლი ალასანიას კანდიდატურა კოალიციისთვის მისაღები არ გამოდგა, ის არ დაიწყებს ცალკე თამაშს. სალომე ზურაბიშვილი მაღალი კლასის დიპლომატია, რაც მისი პლუსია, მოგეხსნებათ, პრეზიდენტს დიპლომატიური მისიაც ექნება. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", აქ მაინცდამაინც დიდი არჩევნი არ არის. დიდი ალბათობით ეს იქნება გიგი უგულავა ან ვანო მერაბიშვილი, თუმცა ძნელია ილაპარაკო კანდიდატებზე, რომელთა თავზეც სამართლებრივი დამოკლეს მახვილი ჰკიდია. დავით ბაქრაძის კანდიდატურასაც მოვკარი ყური, თუმცა ის მე უფრო საპარლამენტო ტიპის პოლიტიკოსი მგონია.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)