ბაგრატ III-ის ფრესკა 2005 წელს განადგურდა... - კვირის პალიტრა

ბაგრატ III-ის ფრესკა 2005 წელს განადგურდა...

ბაგრატ III კურაპალატის ფრესკა ბედიის მონასტერში განადგურებულია. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ გაავრცელა, მაგრამ არ დაუზუსტებია თარიღი, კონკრეტულად როდის მოხდა ფრესკის განადგურება.

მომხდარის გამო ოფიციალურმა თბილისმაც და ქართულმა მედიასაშუალებებმაც განგაში იანვრის პირველ ნახევარში ატეხეს. თუმცა როგორც ირკვევა, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ბედიის მონასტრის კედელზე იყო შემორჩენილი, გაცილებით ადრე გაქრა და ეს ოფიციალური სტრუქტურებისთვისაც ცნობილი იყო.

ბაგრატ III კურაპალატის ფრესკის განადგურების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2005 წელს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თეა შარიამ და რეჟისორმა ტარიელ სოხაძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა და ბედიის მონასტრის მონახულება მოახერხეს (ისინი იმ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "შემოქმედებით სალონს" წარმოადგენდნენ).

2006 წლის მარტში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე ტაძარი გადაიღეს, რაც თავისუფლების ფასად დაუჯდათ. 3 მარტს ქართველი ჟურნალისტი და რეჟისორი სოხუმში, აფხაზ გიდთან და თეა შარიას სიძესთან ერთად დააკავეს.

"ბედიის მონასტერი 2005 წელს მოვინახულეთ. 1-ელ მაისს, აღდგომა დღეს. წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომ ტაძარში რაღაც სამუშაოებს აწარმოებდნენ. 2004 წელს გათხარეს მონასტრის შიგნით მდებარე სამარხები, რადგან ბაგრატ III-ის საფლავს ეძებდნენ.

სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული სახელმწიფოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიაზე მდებარე ტაძრების გადაღება გადავწყვიტეთ. მოვახერხეთ ბედიის მონასტრის, ასევე მის ეზოში მდებარე ეპისკოპოსთა სასახლის ქვედა სართულის სრულად გადაღება. სწორედ ჩვენ მიერ გადაღებული კადრებით სარგებლობს დღეს ტელეკომპანია "იმედი", როდესაც ამ თემაზე მასალებს ამზადებს.

ბაგრატ III-ის ფრესკა 2005 წელს უკვე აღარ არსებობდა. ამას გარდა, დამწვარი იყო ის ქვა, სადაც იყო წარწერა ტაძრის აღმშენებლებისა და აშენების ისტორიის შესახებ.

2006 წელს, სოხუმში ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ ვცადე ამ თემის წამოწევა, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება. მხოლოდ იმ ფოტოთი დაინტერესდნენ, რომელიც თეა შარიასთან ერთად ბედიის მონასტერში გადავიღეთ გაშლილი ქართული დროშით ხელში. ამ ფოტოს გამოქვეყნება უნდოდათ", - იხსენებს "ისტორიანთან" საუბრისას ტარიელ სოხაძე.

რეჟისორი აღნიშნავს, რომ 2005 წელს რუსულ მხარეს უკვე დაწყებული ჰქონდა ილორის ტაძრის ე.წ. რესტავრაციაც და ამ თემაზე თეა შარიამ, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, 2006 წელს რამდენიმე განცხადება გააკეთა.

ტარიელ სოხაძე: "ტაძრებთან რუსი სამხედროების საგუშაგოები იყო და ისინი აკონტროლებდნენ, ვინ შედიოდა და გამოდიოდა ამ ტერიტორიაზე. ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებზე იძულების წესით იქ დარჩენილ ქართველებსაც ამუშავებდნენ. სწორედ მათი დახმარებით ვიღებდით ინფორმაციას, რომ ილორის ტაძარზე რუსული გუმბათის დადგმას გეგმავდნენ. ამაზე განვაცხადეთ, ბევრიც ვიყვირეთ, თუმცა მაშინ არავინ დაინტერესდა".

რეჟისორი იხსენებს ნიკა ვაჩეიშვილის მიერ (რომელიც იმ პერიოდში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო) "კვირის პანორამასთან" 2005 წლის ივლისში გაკეთებულ განცხადებასაც, რომელშიც აღნიშნულია: "ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დახმარებით, სტუდენტებმა აფხაზეთში მდებარე რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი მოინახულეს. მოძრაობას თან ახლდა გულის ამაჩუყებელი შეხვედრები აფხაზებთან. გაგიკვირდებათ და მაგალითად, ბედიის ტაძარსა და სხვა ძეგლებს ადგილობრივი მოსახლეობა უვლის. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგანაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრულ-კულტურული მემკვიდრეობა ერთობლივი ქართულ-აფხაზური ფენომენია. ასე რომ, ამ ორი ერის გაყოფა და თქმა იმისა, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ძეგლებია და აფხაზებმა მათ ხელი არ უნდა ახლონ, არასწორია".

დღეს კი, ოფიციალური ინფორმაციით, ერთადერთი რამ, რაც ქართული მხარისთვის ცნობილია, არის ის, რომ ბაგრატ III-ის გამოსახულება რუსული მხარის მიერ მონასტერში "კედლების გამაგრების მიზნით" წარმოებული სამუშაოებისას განადგურდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ვერ იხსენებს, რომ ინფორმაცია ბაგრატ III-ის ფრესკის განადგურების შესახებ უკვე 2005 წელს ჰქონდა.

"ჩვენი ინფორმაციით, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს. ბაგრატის ფრესკაზე რუსული წარწერები იყო გაკეთებული ან ამოკაწრული. თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც შენარჩუნებული იყო. ფრესკა სადღაც 2007-2009 წლებში განადგურდა", - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

შეკითხვაზე, - რატომ არ მიაქცია კულტურის სამინისტრომ ყურადღება 2005 წელს გადაღებულ მასალას, სადაც ფიქსირდებოდა, რომ ბაგრატის ტაძარში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ფრესკა განადგურებული იყო და განგაში რატომ არ ატეხეს, - ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს ფრესკა უკვე 2005 წელს იყო განადგურებული, მისთვის უცნობია.

"რუსული მხარე წერს, რომ კედლის მოჭარბებული და არალოგიკური ინიექტირება გააკეთეს, რამაც გამოიწვია ფრესკის ჩამონგრევა. წერენ, რომ ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ, ანუ 2004 წელს. 2005-2006 წლებში კი გაჩნდა მინაწერები, ხოლო 2007-2009 წლებში კედლის სარემონტო სამუშაოებისას მოხდა ფრესკის ჩამონგრევა", - განმარტა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ფრესკა ბედიის ტაძარში, შიდა ინტერიერში, სამხრეთის კედელზე იყო შემორჩენილი. ის X-XI საუკუნის მიჯნაზე მოუხატავთ, შემდეგ XIV საუკუნეში განუახლებიათ. ბაგრატ III-ის ფრესკა და წარწერა XX საუკუნის 30-იან წლებში ზედმიწევნით ზუსტად აღწერა ცნობილმა ფერმწერმა, გრაფიკოსმა და კარიკატურისტმა, ოსკარ შმერლინგმა. მაშინ ფრესკაც და წარწერაც სრულად იყო შემონახული.

როგორც ისტორიკოსი ლია ახალაძე იხსენებს, ბაგრატ III კურაპალატის ფრესკა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსაც კარგად იყო დაცული. ასევე იკითხებოდა სამი გრაფემა – რატ – რაც კურაპალატის სახელის – ბაგრატის – ფრაგმენტს წარმოადგენდა და ზემოდან ქვემოთ თეთრი საღებავით იყო შესრულებული. ლია ახალაძე იმ ექსპედიციის წევრი იყო, რომელიც 1988-1989 წლებში ბედიის მონასტრის გაწმენდით და სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

მაშინ ექსპედიციის წევრთა ამოცანას ირგვლივ მდებარე ჯაგნარისგან ბედიის ტაძრის გაწმენდა წარმოადგენდა. არქეოლოგიურ გათხრებს კი რეზო ხვისტანი ხელმძღვანელობდა. 1988-1989 წლებში ბედიის ტაძარი დროებითი გუმბათით გადაიხურა, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, ასევე საკათოლიკოსო პალატა, რომელიც XVI საუკუნეს განეკუთვნება, ხოლო ტაძრის პერანგის გასამაგრებლად, რომელიც XIX საუკუნისაა, მონასტერს ხარაჩოები შემოეწყო.

სარესტავრაციო სამუშაოებს ბედიის მონასტერში ამჟამად რუსული კომპანია "ტექტონიკი" აწარმოებს. ლია ახალაძის ინფორმაციით, კომპანიამ სარესტავრაციო სამუშაოები "აფხაზეთის ეკლესიის" თვითგამოცხადებული მეთაურის, ბესარიონ აპლიას ინიციატივით დაიწყო 2010 წელს. ისტორიკოსის განმარტებით, სქემა, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია რესტავრაციას ატარებს, კრიტიკას ვერ უძლებს. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ძეგლს და შესაბამისად, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების პროცესში, ძეგლის ავთენტიკურობის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების სპეციალისტები და ქართული მხარე.

ისტორიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ტაძრის ინტერიერის რესტავრაციის დროს, აუცილებელია შემორჩენილი ფრესკული მოხატულობის კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც ქართული ფრესკული ხელოვნების სპეციალისტისა და რესტავრატორის ადგილზე მუშაობას მოითხოვს.

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”