ლაფანყურის მოვლენებში შესაძლოა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს
ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, რომელშიც კონფიდენციალური წყაროების ინფორმაციაა გამოყენებული, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.
"საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო", - აღნიშნულია ანგარიშში.
"ინტერპრესნიუსი"