ახალი ”ლაზიკა" მტკვრის პირას გაშენდება - კვირის პალიტრა

ახალი ”ლაზიკა" მტკვრის პირას გაშენდება

”ლაზიკა" იმაზე სწრაფად აშენდება, ვიდრე სააკაშვილი ვარაუდობდა, თუმცა, ახალი ქალაქი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში კი არა, ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე, მტკვრის პირას გაშენდება. ეს იქნება ”ქალაქი ქალაქში", სადაც უსახლკარო პატიმრები იცხოვრებენ და იმუშავებენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის - სოზარ სუბარის განცხადებით, დღეისათვის ციხეებში ოფიციალურად რეგისტრირებულია 900 პატიმარი (როგორც მამაკაცები, ასევე ქალები), რომელთაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ წასასვლელი არსად აქვთ. ზოგიერთ მათგანს არც არასდროს ჰქონია საკუთარი თავშესაფარი, ბევრიც იძულებული გახდა, საპროცესო გარიგებით დაკისრებული თანხის გადასახდელად სახლი გაეყიდა.

ახალი ”ლაზიკის" მშენებლობას ხელმძღვანელობს იდეის ავტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის დაცვის კავშირის" დამფუძნებელი გია ფაცურია, რომელიც 2004-2009 წლებში, როგორც თავად ამბობს, სააკაშვილის რეჟიმის პატიმარი იყო. მან პირველმა შეძლო სტრასბურგში დაემტკიცებინა სიმართლე. მიუხედავად ამისა, პატიმრობის ვადა, სამი წელი, სრულად მოახდევინეს და ციხიდან გამოსვლამდე ორი კვირით ადრე ახალი სასჯელი - ორი წელი დაუმატეს მობილური ტელეფონის შენახვისთვის.

”კვირის პალიტრა" ”ლაზიკის" შესახებ გია ფაცურიას ესაუბრა:

- იდეა სამი თვის წინ გამიჩნდა, როდესაც დადგა საკითხი დიდი ამნისტიის შესახებ. მაშინ თქვა ბატონმა სოზარმა, რომ ციხეებში 900 უსახლკარო პატიმარი ცხოვრობს. ასეთი კაცი გარეთ რომ გამოვა, რას იზამს? ალბათ, რამდენიმე საათს ივლის თავისუფალ სამყაროში, რომელიც მისთვის ერთი შეხედვით არის თავისუფალი, რადგან არც სადმე თავშეფარების უფლება აქვს და ვერც ვერსად იმუშავებს, ამიტომაც ისევ დანაშაულს ჩაიდენს, რომ კვლავ ციხეში მოხვდეს, სადაც ღამის გასათევსა და საკვებზე ფიქრი არ შეაწუხებს.

მინდა, ასეთ ხალხს დავეხმარო. როდესაც ტელევიზიით პირველად ვთქვი ამის შესახებ, ერთმა კარგმა ადამიანმა რუსთავში, შუა ქალაქში, მტკვრის პირას 4 ჰექტარი ფართობი შემომთავაზა. ეს არის ყოფილი ფერმის ტერიტორია, სადაც ფერმის ძველი ინფრასტრუქტურაც დგას და სამოთახიანი სახლიც. სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დღეებში უკვე 20 კაცს შევასახლებთ. აქ მათ თავშესაფარიც ექნებათ და სამსახურიც. მომავალში განზრახული მაქვს, დაახლოებით ას კაცზე გათვლილი კომუნის ტიპის დასახლების შექმნა, სადაც არა მხოლოდ ყოფილი პატიმარი მამაკაცები, არამედ ქალებიც იქნებიან. რუსთავის ორივე ციხე დავიარე, ვნახე ხალხი, რომელთაგან ბევრს იმ დროიდან ვიცნობდი, მეც რომ მათ გვერდით ვიჯექი. ავუხსენი, ვისაც ადამიანურად ცხოვრება სურს, დავეხმარები და ცხოვრებას თავიანთი შრომით მოიწყობენ-მეთქი.

გვინდა, გავაშენოთ თევზების ტბორი, სათბური, ფერმა, სადაც ღორი, ძროხა, ქათამი გვეყოლება. ვაპირებთ მიკროპროფილაქტორიუმის აშენებას. სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და საერთაშორისო ორგანიზაციები მეხმარებიან. მეგობარი ბიზნესმენები მიგზავნიან საჩუქრებს ფერმის მოსაწყობად, მაგალითად, ჩემსავით ყოფილი პატიმარი ლუკა რამაზაშვილი მიგზავნის 50 ცხვარს და 4 ძროხას. ყველა პირობა უნდა შევქმნათ, რომ ხალხმა იშრომოს და ჰქონდეს გასამრჯელო.

- თქვენ ყოფილი პატიმრების პატრონობას აპირებთ... არ გეშინიათ, რომ ხელი ისევ წაუცდეთ რამეზე?

- უკვე ველაპარაკე მათ ამის შესახებ, ვისაც თავისი თავის იმედი აქვს, იმათ ველოდები. ციხეში იჯდა ერთი კაცი, რომელსაც 40 წელი ჰქონდა გატარებული ცხაურს მიღმა. რატომ? არც სახლ-კარი ჰქონდა და არც ვინმე ელოდა გარეთ. ავად განწყობილი საზოგადოების გამო ციხიდან გამოსული თავს ისევ ციხეში გრძნობდა და ამიტომაც პოულობდა უახლოეს ჯიხურს, აყაჩაღებდა და ისევ ნამდვილ ციხეში ხვდებოდა, სადაც მიჩვეული იყო ცხოვრებას. ასეთი ადამიანები აღარ უნდა არსებობდნენ საქართველოში.

- ”ლაზიკას" რატომ არქმევთ ამ დასახლებას?

- იმიტომ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს მიშას რეჟიმი. ის ციხეებს აშენებდა და ხალხს იჭერდა, ჩვენ კი ვაშენებთ ქალაქს ციხეებიდან გამოსულთათვის, ქალაქს, რომელმაც ადამიანები უბედურებას და დანაშაულის გზით სიარულს უნდა გადაარჩინოს.

- თქვენი სტრასბურგში გამარჯვების ამბავიც შევახსენოთ მკითხველს...

- დაჭერილი ვიყავი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, მაგრამ ეს ბრალდება რომ შეთითხნილი იყო, დავადასტურე. პირადად ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით დამაკავეს. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი ვიყავი. კომპანია შევისყიდე და სახელმწიფო ვალები უნდა გამესტუმრებინა... მომთხოვეს, მეთქვა უარი ღირსებაზეც და ქონებაზეც. მე და ადვოკატებმა მათი შეთითხნილი სასჯელი გავასაჩივრეთ ევროსასამართლოში და საქართველოს სახელმწიფოს 3.500 ევროს გადახდა დაეკისრა დაუსაბუთებელი პატიმრობისთვის. თანხა დიდი არ არის, თუმცა მთავარია რომ გავიმარჯვე.

სამწუხაროდ, სააკაშვილი არის დემაგოგი, სერიული მკვლელი, პათოლოგიური მატყუარა და უსაშველო ცინიკოსი. სამართლებრივი სახელმწიფოს პირველი და მთავარი ტესტი ეს არის - მას უნდა მიესაჯოს უვადო პატიმრობა. თუ ასეთი დამნაშავე დაუსჯელი დარჩა, ესე იგი საქართველო არ არის სახელმწიფო. დღეს უკვე მაქვს სამართლიანობის იმედი. მჯერა, რომ უსამართლობას სამუდამოდ მოეღება ბოლო. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? პოლიტიკურ დებატებს ვმართავთ მკვლელებთან? რატომ? მათ პროკურატურა უნდა ელაპარაკოს, დაკითხვაზე, დღეში 8 საათი, ერთსაათიანი შესვენებით. ძალიან ცუდია, რომ ამდენი ხანი არ მომხდარა ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და აღშფოთებული ვარ ბუტა რობაქიძის საქმით.

ეკა ლომიძე