როგორ აღმოჩნდა 9 აპრილის კადრები მარგარეტ ტეტჩერთან
მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ ფიგურას, ქალბატონ მარგარეტ ტეტჩერს ემშვიდობება... როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც "რკინის ლედის" უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ, ვისაც მარგარეტ ტეტჩერთან პირადი ისტორიები აკავშირებთ..
"ვოცდათვრამეტნახევარი ჰქონდა მარგარეტ ტეტჩერს ფეხის ზომა"
თენგიზ ხუროშვილმა ფეხსაცმელების კერვა 14 წლის ასაკში დაიწყო. მესამე ფაბრიკაში მუშაობდა... თავიდან შეგირდად გააფორმეს, როგორც არასრულწლოვანი და უპასპორტო. ერთხელაც მის ოსტატს, სომეხ ნაოს ტყავი მოუტანეს და უთხრეს, რომ ჩუსტები დიდი კაცისთვის უნდა შეეკერა. ნაო სულ დიდ ხალხს უკერავდა, მაგრამ უკვე ფეხსაცმელების კერვაზე იყო გადასული და ჩუსტების შეკერვა შეგირდს მიანდო. თენგიზ ხუროშვილმაც ჩუსტები შეკერა, ლამაზ ნაჭერში გაახვია და ოსტატს მაგიდაზე დაუდო... საამქროს უფროსს ჩუსტები ძალიან მოეწონა და აღნიშნა, რომ სტალინი იყო ბორჯომში დასასვენებლად ჩამოსული და ჩუსტები მისთვის შეუკვეთა... ამის გაგონებაზე ნაომ თავში ხელი იტკიცა, შეგირდი კი მთელი ავლაბრის გასაგონად ყვიროდა, სტალინს ჩუსტები მე შევუკერეო... წლების შემდეგ ერთ დროს შეგირდი თენგიზ ხუროშვილი ყველაზე გამოჩენილ ხალხს უკერავდა... მარგარეტ ტეტჩერის შესახებ კი სანუკვარი მოგონება აქვს... (სტილი დაცულია):
"ერთხელ ოპერაში ნაჩალნიკის მოადგილე, დათო ფირცხალავა მოვიდა და მითხრა, რომ საქართველოში მარგარიტა ტეტჩერი ჩამოდიოდა და მისთვის ტუფლი ქართულ კაბასთან ერთად უნდა ეჩუქებინათ. ფეხსაცმელების შეკერვა მე მომანდეს. მითხრეს, რომ ვოცდათვრამეტნახევარი ჰქონდა მარგარიტა ტეტჩერს ფეხის ზომა. ლამაზი, პატარა კოლოფი გავაკეთებინე საამკინძაოში ბიჭებს, შლეიფის ნაჭერში გავახვიე და გავბანტე. ფეხსაცმელების შიგნითა მხრიდან ამოვტვიფრე: "მარგარიტა ტეტჩერს თენგიზ ხუროშვილისგან". მსურდა, "ნა პამიატ" დარჩენილიყო და თუკი ფეხსაცმელებს დაშლიდნენ, წარწერას აუცილებლად ნახავდნენ".
მარინე სალუქვაძე, ტელეჟურნალისტი - ტეტჩერის ხათრით ხელმეორედ მოვაწერეთ ხელი
- 25 წლის წინ, როდესაც მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ხელის მოწერა გადავწყვიტეთ და საბუთები შევიტანეთ რიტუალების სასახლეში, (შემდგომ ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენცია), მაშინ შემოგვთავაზეს - 2 თვეში მარგარეტ ტეტჩერი ჩამოდის და იქნებ ხელმეორედ მოაწეროთ ხელიო. მაშინ ეს ამბავი არასერიოზულად მივიღეთ, მაგრამ 2 თვეში მართლაც ჩამოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და დაგვირეკეს, მოდითო... მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და ტოქსიკოზი მქონდა, ამიტომ უარი განვაცხადე... თუმცა საქმეში ჩაერთო მაშინდელი ცეკა, ტეკა და თეატრალური ინსტიტუტის მთელი რექტორატი (სადაც ვსწავლობდი), და იძულების წესით მიგვიყვანეს რიტუალების სასახლეში... ასე, რომ ტეტჩერის ხათრით ხელმეორედ მოვაწერეთ ხელი. მან გვაჩუქა ძალიან ლამაზი ლარნაკი, შემდეგ კი როდესაც დედაჩემი ინგლისში იმყოფებოდა თავის რეზიდენციაში მიიწვია სტუმრად ჩაიზე და ჩვენი ფოტოები აჩუქა.
როგორ აღმოჩნდა 9 აპრილის კადრები მარგარეტ ტეტჩერთან
ფერდინანდ ლორთქიფანიძე: " კულტურის მინისტრმა - ვალერი ასათიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ლონდონიდან ვიცე-მერის მეუღლე, ქალბატონი ჩამოდიოდა და უნდა მოვმსახურებოდით... ჩვენ მას ღირსეულ მასპინძლობას ვუწევდით და სხვადასხვა ადგილები მოვატარეთ. 8 აპრილს რუსთაველზე რომ გამოვიარეთ, ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო, მაგრამ რადგან მთავრობის მანქანებით გადავაადგილდებოდით, გაგვატარეს. ლონდონელმა ქალბატონმა მანქანის გაჩერება მოითხოვა, როდესაც შეხედა საბრალო უსინათლოები რომ მღეროდნენ. მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მეორე დღეს, მანქანამ რომ არ მომაკითხა დავიბენი. დავრეკე და ბრიტანელმა ქალბატონმა მიპასუხა, ყველაფერი ვიციო... თურმე 9 აპრილის საშინელებას გულისხმობდა. იგი სასტუმროს აივნიდან ხედავდა როგორ მოემართებოდნენ რუსის ტანკები... როგორღაც მივაღწიეთ ამ ქალბატონამდე და ფუნიკულიორზე წავიყვანეთ საუზმისთვის. იქედან დაბრუნებულები სამხედროებმა დაახლოებით 20 წუთი შეგვაყოვნეს და ამ დროს ჩემთან ქალბატონები მოვიდნენ. მათ კონვერტით მომაწოდეს ფირი, რომელშიც 9 აპრილის საშინელი კადრები იყო. ეს კადრები ვიღაც მოყვარულის გადაღებული იყო... როდესაც ლონდონელ ქალბატონს ვახშამზე ფირი გადავეცი, მითხრა, ჩემთვის ისედაც ყველაფერი ცხადია, ეს საკუთარი თვალით ვნახე და რომ ჩავალ ფირს მარგარეტ ტეტჩერს გადავცემო... ქალბატონმა დანაპირები შეასრულა და ყველას გვახსოვს, რა მკაცრად გამოვიდა მარგარეტ ტეტჩერი მაშინ და როგორ გააკრიტიკა რუსეთი... ეს მოყვარულის გადაღებული ფირი კი მარგარეტ ტეტჩერის გამოსვლის შემდეგ იქაურ საინფორმაციოებში გავიდა.
მარგარეტ ტეტჩერს ისევ სურდა საქართველოში ჩამოსვლა
საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი იხსენებს..:
"ბრიტანეთში 1991 წელს ჩავედი. მიმიწვია ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების თავჯდომარემ. ეს ქალბატონი მარგარეტ ტეტჩერთან მეგობრობდა. მან თემთა პალატაში მიმიწვია და იქ მარგარეტ ტეტჩერიც მობრძანდა. როდესაც მოხსენებით გამოვედი და წავიკითხე მოხსენება "ბაირონი და საქართველო" ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების თავჯდმომარემ საჯაროდ გამოაცხადა, მე აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, ბაირონის საზოგადოებას და სტუმრად უნდა ჩამოვიყვანო მარგარეტ ტეტჩერიო... ამ ქალბატონმა საქართველოს შესახებ მარგარეტ ტეტჩერისგან იცოდა. ისინი სერიოზულად გეგმავდნენ საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ რამდენიმე თვეში საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო... საოცრებაა, მაგრამ მათ საქართველოში ჩამოსვლა შემდეგ ისევ დაგეგმეს და ისევ 2008 წლის მოვლენები დაემთხვა. 1991 წელს წერილი გამოქვეყნდა ბრიტანეთში, სადაც წერდნენ, საქართველოში არ გეგონოთ, მხოლოდ საარცხვინო სამოქალაქო ომი ხდებოდეს. იქ არის უდიდესი კულტურის კერებიო... მარგარეტ ტეტჩერი პირადად რომ ვნახე პირველ რიგში მისმა სათნოებამ მომხიბლა. შაოცარმა ღიმილმა. ამ ყველაფერის მიღმა კი მართლაც რკინის, უაღრესად ჭკვიანი და გონიერი ქალბატონი იდგა...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)