არ დამეჯახოთ, პრეზიდენტი ვარ! - ანუ პრეზიდენტი, ტრაილერი და ირმა ნადირაშვილი
"ვყიდი ტრაილერს, კარგ მდგომარეობაში, მხოლოდ ერთგანაა მირტყმული, იკითხეთ თურქი მძღოლი" - განცხადება თურქულ სარეკლამო გაზეთში
საქართველოს პრეზიდენტისგან თუ ოდესმე რამე გამიკვირდებოდა ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ის რაც თურქეთში ვიზიტისას მოხდა ნამდვილად გაოცების პიკი იყო. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ველოსიპედით სეირნობისას ტრაილერს დაეჯახა და სამმაგი მოტეხილობა მიიღო.
საინტერესოა სად იყო ამ დროს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური ან ირმა ნადირაშვილი?
არსებობს ავარიის რამდენიმე ვერსია:
ვერსია #1
პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაზე ფიქრის გამო მოუდუნდა ყურადღება და იმიტომ მოუვიდა ეს ინციდენტი, თორემ სხვას რას შეიძლება დავაბრალოთ? კი, მავანნი ამბობენ, რომ პრეზიდენტში დონ-კიხოტის სულია რეინკარნირებული და ტრაილერი თანამედროვე ქარის წისქვილიაო, მაგრამ ეს არ მჯერა, თუ ეს მართალია, სადაა სანჩო (ირმა ნადირაშვილი სრულებით არ გავს სანჩოს)?
ვერსია #2
პრეზიდენტი რომ არჩევნებზე ხუთიანს შემოხაზავდა, მაგაში დარწმუნებული ვარ. ნუთუ მურმან დუმბაძის წყევლამ უწია? ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, რომელი ხელი მოიტეხა, თუ მარცხენა მოტყდა, მაშინ წყევლის ამბავი გამორიცხულია, რადგან პრეზიდენტი მკვეთრი მემარჯვენეა და მარცხენა ხელით არავითარ შემთხვევაში არ შემოხაზავდა, მაგრამ თუ მარჯვენა მოტყდა, მაშინ კბილაშვილის უწყება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს დუმბაძით.
და მაინც სად იყო ირმა ნადირაშვილი? განა არ იცოდა კაცის წყევლა რომ ჭრის (მით უფრო დუმბაძის)? რატომ დართო ნება პრეზიდენტს, რომ ხუთიანი შემოეხაზა?
ვერსია #3
პრეზიდენტს, ველოსიპედების ღმერთის რისხვამ უწია, რადგან ბავშვობაში ორბორბლიან ველოსიპედზე ორ დამხმარე ბორბალს უყენებდა ხოლმე, მაგრამ იმავე ღმერთმა ბოლომდე არ გაწირა, ალბათ ვარდების მოედანზე აღმართული ველოსიპედის ხათრით ან შესაძლოა უბრალოდ ირმა ნადირაშვილმა თხოვა
ვერსია #4
დაჯახებამდე პრეზიდენტს მოუსწრია და უთქვამს: - არ დამეჯახოთ, პრეზიდენტი ვარო, მაგრამ მძღოლს ტარკანის ბოლო სიმღერა ქონია ჩართული და ვერ გაუგია. მძღოლის მეგობრები ამბობენ, რომ ის არასოდეს უსმენდა ტარკანს და საიდან გაჩნდა ეს კასეტა მანქანაში არავინ იცის. აქ ისევ ჩნდება კითხვა, რატომ არ გააფრთხილა ირმა ნადირაშვილმა ტრაილერის მძღოლი, რომ იქ პრეზიდენტს უნდა გაევლო?
ვერსია #5
პრეზიდენტი სპეციალურად დაეჯახა ტრაილერს და შემდეგ იმკურნალა თავის ხარჯით. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეთქვა, დღევანდელი ხელისუფლების მიერ შემოღებული ახალი დაზღვევა მხოლოდ პიარია და ვერაფერში ვერ გამოვიყენეო. ვითომ ირმა ნადირაშვილმა ურჩია?
ეს ვერსიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და აქედან რომელია მართალი ღმერთმა უწყის. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოში ერთადერთია ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთაგან, რომელიც ოფიციალური ვიზტისას სამოძრაო გზაზე ველოსიპედით ტრაილერს ეჯახება.
ისე, საინტერესოა, რატომ არ ატარებს პრეზეიდენტი წყევლისგან დამცავ გიშერს და სამაგიეროდ ყველა ვიზიტისას რატომ დაატარებს ირმა ნადირაშვილს?!
პ.ს. თურქეთში ვიზიტისას ირმა ნადირაშვილი არ იმყოფებოდა დელეგაციის შემადგენლობაში. ვითომ უბრალო დამთხვევაა?!