პრემიერი უცხოელი ფერმერების სოფლის მეურნეობის აღორძინებაში მონაწილეობას ეთანხმება - კვირის პალიტრა

პრემიერი უცხოელი ფერმერების სოფლის მეურნეობის აღორძინებაში მონაწილეობას ეთანხმება

ნორმალურია, რომ უცხოელმა ფერმერებმაც მიიღონ მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის 20-მდე წარმომადგენელთან შეხვედრისას "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის, გოგა თევდორაშვილის მიერ უცხოელი ფერმერების მიერ ქართული მიწების გახშირებული შესყიდვის ფაქტებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ახალ მთავრობას არ აქვს უფლება წინა ხელისუფლების მიერ კანონიერად განხორციელებული შეთანხმებები დაივიწყოს, "ფურცელი დახიოს" და "ყველაფერი თავიდან დაიწყოს".

"მიწების საკითხით აღშფოთებული ძალიან ბევრი მოქალაქე მინახავს, მაგრამ ჩვენ როგორც არ უნდა მოგვწონდეს წინა ხელისუფლება, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და პატივი ვცეთ ჩვენს ქვეყანას. არ გვაქვს უფლება ის, რაც კანონიერად განხორციელდა წინა ხელისუფლების მიერ, დღეს დავხიოთ, გადავყაროთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ამას ყველაფერს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ვფიქრობ, ზოგიერთ შემთხვევაში შეფასება გადაჭარბებულია. ნორმალურია, რომ უცხოელი ფერმერებიც იყვნენ საქართველოში და მათაც მიიღონ მონაწილეობა სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. ამაში ცუდი არაფერია. არის ადგილები, სადაც აშკარად ჩანს, რომ წინა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა მოეხერხებინა და საუკეთესო მიწები გაესხვისებინა. არსებობს კითხვები კანონიერების შესახებ, მაგრამ აქაც ფრთხულად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, საკმარისია ახალი მთავრობის ერთი არაადეკვატური ქცევა და ეკონომიკურ აღორძინებასთან დაკავშირებით არსებული იმედები დიდი კითხვის ქვეშ დადგება.

"საკმარისია ჩვენ ერთი არაადეკვატური ქმედება განვახორციელოთ უცხოური ინვესტორის მიმართ და გარწმუნებთ, ეს ჯაჭვური რეაქციის სახით გადაედება მთელს ეკონომიკას და მას სწრაფად გაიგებს მთელი ბიზნეს ელიტა. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. მე იმასაც არ დაგიმალავთ, რომ "ბრჭყალებში" ბიზნესმენებთანაც კი ვფრთხილობ და ვცდილობ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდნენ და გააგრძელონ მოღვაწეობა. ბიზნესი ფრთხილი საქმეა თუ ჩვენ ოდნავ მაინც უკანონო ქმედება ჩავიდინეთ, სავალალო შედეგს მივიღებთ. შეგვიძლია გავასწოროთ 2-3 შემთხვევა მიწებთან დაკავშირებით და ტოტალურად დავაზიანოთ ჩვენი ეკონიმიკა, მარამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ჩვენ ამ პროცესებს არ გამოვირკვევთ, ოღონდ ეს სასამართლომ უნდა გადაწვიტოს. ვერ მოხდება რომ მინისტრი მივიდეს, რაღაც საბუთზე უარი თქვას და ახალი გამოწეროს", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"