"ჯავახკი" ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"ჯავახკი" ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს"

რუსეთის ჯავახური დიასპორა სომხეთის პატრიარქს გარეგინ მეორეს საგანგებო განცხადებით მიმართავს და "სომხური ისტორიული ძეგლების", მათ შორის, იშხანის, ოშკისა და ბანას დაბრუნებისთვის ბრძოლის გააქტიურებას სთხოვს. ამგვარი პრეტენზიები სომხური მხარისგან არახალია. საქმე კურიოზამდეც მივიდა, როცა სუხიშვილები სომხურ ანსამბლად გამოცხადდა, "ჩაკრულო" - სომხურ სიმღერად, "საფერავი", ხაჭაპური და ჩურჩხელა სომხური კულინარიის ნიმუშებად. საინტერესოა, რატომ გააქტიურდა ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესიების თემა სწორედ ახლა? - ამ საკითხზე არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე გვესაუბრება.

- ზოგიერთი ვაი - მეცნიერი ამ საკითხზე დროსა და მელანს ტყუილუბრალოდ ხარჯავდა და ხარჯავს. საქართველოში აღმოჩენილ 653 (!) "სომხური ეკლესიისა" არ იყოს, 1946 წელს პროფესორმა ტოკარსკიმ გამოსცა "ძველი სომხეთის არქიტექტურა", სადაც "ასაბუთებს", რომ ტაო-კლარჯეთი თავის დროზე სომხეთის ტერიტორია ყოფილა, იშხანი, ბანა, ოშკი და სხვა ქართული ეკლესიები კი სომხური არქიტექტურის ნიმუშები! მას აკადემიურად გასცა პასუხი აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ და ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, გააცამტვერა მისი მოსაზრება. ამის შემდეგ სომხურ მხარეს დიდხანს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში გამოცემულ "მართლმადიდებლური ენციკლოპედიის" მესამე ტომში ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები შეტანილია, როგორც სომხური ძეგლები... საზოგადოებრივ მოძრაობა "ჯავაკს" სომხეთის პარლამენტის წევრი შირაკ ტოროსიანი ხელმძღვანელობს, მისი ერთ-ერთი მძლავრი ფილიალი მოსკოვშია. ახლახან ამ ორგანიზაციამ სომხეთის პატრიარქს გარეგინ მეორეს მიმართა და ტაო-კლარჯეთის სომხური საეკლესიო ძეგლებისა და მიწების დაბრუნებისათვის "თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე სერიოზული ქმედებების განხორციელება მოსთხოვა". ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ გააქტიურდა ეს თემა სწორედ ახლა, ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, არ არის შემთხვევითი, რომ ეს აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული არქიტექტურის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაზე, ამასთან განიხილება ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში დახურული ქართული მონასტრის ამოქმედების საკითხიც. დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის, "ჯავახკი" ამ მოლაპარაკების დაბლოკვას, ჩაშლას ცდილობს.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ-თურქული მოლაპარაკებისას კვლავ ისმება აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი (სტატისტიკისთვის: აჭარაში 198 მეჩეთია და ათეულობით მედრესეა). მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც აქამდე საჯაროდ არასოდეს მითქვამს: დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, ვანის ტბის ნაპირას მდებარეობს "ახთამარის" ტაძარი, სომხური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლი. თურქულმა მხარემ სომხური ტაძარი აღადგინა, ასევე აღადგინა ანკარასა და სტამბულში დახურული სომხური სემინარიები და ეს ნაბიჯები სომხური მხარისგან ყოველგვარი ნაცვალგების მოთხოვნის გარეშე გადადგა. თურქეთი ჩვენი მეგობარი, ნატოს წევრი სახელმწიფოა და ვფიქრობ, საქართველოსთან ურთიერთობაშიც ამგვარი ნაბიჯი უნდა გადადგას.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.