ბიძინა ივანიშვილი - სამხედრო აღლუმისგან ალბათ თავს შევიკავებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 26 მაისს სამხედრო ძალის დემონსტრირების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის, გოგა თევდორაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა , ხელისუფლება სამხედრო აღლუმისგან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს.
"არ ვართ ის ქვეყანა, რომ სამხედრო ძალა ვაჩვენოთ. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, კომპაქტური სამხედრო შემადგენლობა, რომელიც, საუბედუროდ, ძალიან ცუდად გამოიყენეს აგვისტოში. თუმცა, ხმები გამოვიდა, რომ კარგად მომზადებული იყვნენ. ვფიქრობ, სამხედრო ძალის ჩვენების საჭიროება არ არის, მაგრამ არ მინდა, ეს მე გადავწყვიტო. მინდოდა, ეს საქართველოს დღესასწაული ყოფილიყო და არა - მხოლოდ თბილისის. კარგი იქნება, თუ მომღერლებსა და გასართობ ჯგუფებს გადავანაწილებთ და დღესასწაული ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაიმართება", - აღნიშნა პრემიერმა.
"ინტერპრესნიუსი"